Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში ქართული საგალერეო დიზაინ-ობიექტების დამკვიდრებისა და განვითარების პლათფორმა იქმნება

საქართველო
Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში ქართული საგალერეო დიზაინ-ობიექტების დამკვიდრებისა და განვითარების პლათფორმა იქმნება
საქართველოში პროდუქტ დიზაინის, როგორც სამრეწველო დიზაინის ერთ-ერთი მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, Tbilisi Art Fair (TAF 2019)-ის ფარგლებში იხსნება საგალერეო დიზაინ-ობიექტების გამოფენა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 19 მაისის ჩათვლით გასტანს. 
გამოფენა „დიზაინ ჯორჯია“-ს ბრენდის ქვეშ წარიმართება და მისი მხარდამჭერებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი, რომელსაც GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს და ქართული ავეჯის კლასტერი. 
აღნიშნული გამოფენის TAF-ის ფარგლებში მოწყობა ქართული საგალერეო და საკოლექციო დიზაინ-ობიექტების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას იძლევა. თანამედროვე ხელოვნების ეს საერთაშორისო ბაზრობა შავი, კასპიისა და ბალტიის ზღვების რეგიონების სახელოვნებო სცენებზეა ფოკუსირებული. ის თავს უყრის კოლექციონერებს, კურატორებს, ხელოვნების პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
 
პროდუქტ დიზაინი საქართველოში მსოფლიო ტენდენციების შესაბამისად ვითარდება, თუმცა აუცილებელია ქვეყანაში დარგის ცნობადობის გაზრდა, პოპულარიზაცია, სახელოვნებო საზოგადოების მიერ ქართული პროდუქტ დიზაინის ხელოვნების დარგად აღიარება. „ჩვენი მიზანია ქართველი პროდუქტ დიზაინერების ნამუშევრების ყოველწლიური გამოფენის მოწყობის საშუალებით, სახელოვნებო, საგალერეო და საკოლექციო პროდუქტ დიზაინის მიმართულების დამკვიდრებას და განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს გამოფენა დაგვეხმარება ქართველი პროდუქტ დიზაინერების წარმოჩენის ყოველწლიური პლათფორმის შექმნაში და სტიმულს მისცემს მათ შემოქმედებით განვითარებას.“ - აცხადებს ქეთა ბუაჩიძე, ქართული ავეჯის კლასტერის მენეჯერი. გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ქართული ავეჯის კლასტერში გაერთიანებული ოთხი დიზაინ-სტუდია, ისე სპეციალურად ამ გამოფენისთვის კონკურსის გზით შერჩეული მონაწილეები, სულ 16 დიზაინერი და დიზაინ სტუდია. კონკურსი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თაოსნობითა და ქართული ავეჯის კლასტერის ჩართულობით მოეწყო და აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები ამ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.
„დიზაინ ჯორჯია“-ს ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზით შექმნილი ავეჯი, განათება და ინტერიერის აქსესუარები დამთვალიერებელს ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კავშირის დანახვის შასაძლებლობას მისცემს. გამოფენის მიზანი ქართული დიზაინ-ობიექტების გალერეებისა და კოლექციონერების ყურადღების ცენტრში მოქცევაა. 
 
ქართული ინტერიერის და პროდუქტ დიზაინი სულ უფრო ვითარდება და მეტ საერთაშორისო აღიარებას ჰპოვებს.  ეს არის მეორე გამოფენა „დიზაინ ჯორჯიას“ ბრენდის ქვეშ - წლის დასაწყისში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირის დახმარებით, აღნიშნული ბრენდის ქვეშ ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში, ინტერიერის დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენის, პასაჟენის ინტერიერის დიზაინის კვირეულის ფარგლებში მოაწყო.   
 
2014 წლიდან, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის  ფარგლებში ხორციელდება, რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო ბიზნესის და კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართულ ევროკავშირის პროგრამებს საქართველოში. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უღებს საქართველოს 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზრისკენ. 
ქართული ავეჯის კლასტერი 40 დიზაინერსა და ავეჯის მწარმოებელს აერთიანებს. ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით დაარსდა, რომელსაც ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა აფინანსებს და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. კლასტერის მიზანია დაეხმაროს ინდივიდუალურ ანტრეპრენიორებს და კომპანიებს დაძლიონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები ერთიანი ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანების გზით. კლასტერი ასევე დაეხმარება მათ ევროპისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში. 
ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე