GLS ბანკი ახორციელებს 27,9 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულ ფონდში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
GLS ბანკი ახორციელებს 27,9 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულ ფონდში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის

GLS ბანკმა განახორციელა მეორე ინვესტიცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულ ფონდში (EFSE). EFSE-ს 27,9 მილიონი ევროს ოდენობის ვექსელების შეძენით, EFSE-სთან ერთობლივად, ბანკი აგრძელებს მიკრო და მცირე საწარმოებისა და დაბალი შემოსავლების მქონე საოჯახო მეურნეობებისთვის დაფინანსებაზე წვდომისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში, სადაც იგი ეწევა საქმიანობას EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

გერმანიის პირველი სოციალური და ეკოლოგიური ბანკი, GLS ბანკი, ორმოც წელზე მეტია მიზნად ისახავს პოზიტიური სოციალური შედეგის მიღწევას. 2015 წელს EFSE-ში პირველი წარმატებული ინვესტიციის შემდეგ ეს ახალი კაპიტალდაბანდება ისევ განაწილდება ბანკის კვალიფიციურ ინვესტორ კლიენტებს შორის, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტური მონაწილეობა მიიღონ ფონდის მისიაში სამიზნე რეგიონებში ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით.

EFSE-ს დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის, კრისტოფერ ტისკენსის განცხადებით: „GLS ბანკი – მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მისია ემთხვევა ჩვენსას: მცირე ბიზნესის მფლობელებისა და კერძო ბინათმფლობელებისთვის წარმატების მისაღწევად საჭირო თანხებსა და მდგრად დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა ნაკლებად უზრუნველყოფილ რეგიონებში. მოხარულნი ვართ, განვაცხადოთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ".

კრისტოფ ლუტცელმა, GLS ბანკის პრესსპიკერმა განაცხადა: „ჩვენი პარტნიორობა ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ინვესტორებისთვის მდგრადი ფინანსური პროდუქტის შეთავაზება, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ფონდი ასახავს იმ ფასეულობებს, რომლებსაც ჩვენი ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ასევე, ინვესტორების რისკის პროფილებს პასუხობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) KfW განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით შეიქმნა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. ფონდი ეწევა საქმიანობას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში EU4Business ინიციატივის ფარგლებში და მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, კოსოვო, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.

რადგან ფინანსებზე წვდომა ძირითად ფაქტორს წარმოადგენს წარმატების მისაღწევად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში, ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველსაყოფად EFSE ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ფინანსური სექტორების მხარდაჭერაზე. ფინანსური უზრუნველყოფა, რომელსაც EFSE უზრუნველყოფს გრძელვადიანი დაფინანსების სახით, მიმართულია კრედიტების მომხმარებლებზე – ძირითადად მიკრო და მცირე საწარმოებზე (MSE) და ასევე, კერძო ბინათმფლობელებზე საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ადგილობრივი პარტნიორი საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით. EFSE-ს საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს EFSE-ს განვითარების ფონდი, რომელიც ტექნიკურ დახმარებას, საკონსულტაციო და სასწავლო მომსახურებას უწევს პარტნიორ საკრედიტო დაწესებულებებს ოპერაციული შესაძლებლობებისა და პროფესიონალური მენეჯმენტის უზრუნველყოფის მიზნით.

EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის არხები მხარს უჭერენ კერძო სექტორს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში უკეთესი ბიზნეს კლიმატის შესაქმნელად პროფესიული ბიზნეს კონსულტაციების გაწევითა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებით. ინიციატივა მიმართულია რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოების უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე