ევროკავშირის ელჩი EU4Business-ის სასესხო მხარდაჭერით მოდერნიზებულ ბათუმის ლუდსახარშს ეწვია

საქართველო
ევროკავშირის ელჩი EU4Business-ის სასესხო მხარდაჭერით მოდერნიზებულ ბათუმის ლუდსახარშს ეწვია

ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ აწარმოებს ლუდს 1951 წლიდან. ამიერიდან ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული მისი ორიგინალური აღჭურვილობის გვერდით უახლესი თანამედროვე მოწყობილობაც დგას, რომელიც ლუდსახარშმა EU4Business-ის საინვესტიციო სესხის დახმარებით შეიძინა.

ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ პირველი ადგილია, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალმა ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა ახალი საწარმოო ხაზი, რომელიც მოდერნიზებული იქნა EU4Business-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით და დააგემოვნა ლუდსახარშის საფირმო არაპასტერიზებული ჩამოსასხმელი ლუდი.

„ლუდი ბათუმური“ კერძო საწარმოა, რომელსაც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ლუდსახარშის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა“. მისი მშენებლობა 1949 წელს დაიწყო, ხოლო ლუდის წარმოება – 1951 წლიდან. საწარმო ამარაგებს ლუდითა და ლიმონათით დასავლეთ საქართველოს ბაზარს.

თავდაპირველი ქარხანა ჩეხმა სპეციალისტებმა დააპროექტეს და ააშენეს. ქარხანაში დღემდე გამოიყენება იმ დროიდან შემორჩენილი დანადგარები. საბჭოთა პერიოდში ქარხანა სხვადასხვა ბრენდის ლუდს აწარმოებდა ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეცეპტურით.

ამჟამად კომპანია არაპასტერიზებული ჩამოსასხმელი ლუდის ერთ ბრენდს აწარმოებს, სავაჭრო სახელწოდებით „ლუდი ბათუმური“.

უნიკალური მარკეტინგული სტრატეგია

თავისი გრძელვადიანი ისტორიისა და კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდული სახელის, ასევე ადგილობრივ ბაზარზე გავრცელების წყალობით, „ლუდი ბათუმური“ უნიკალურ მარკეტინგულ სტრატეგიას იყენებს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია საერთოდ არ სარგებლობს რეკლამით და არ თანამშრომლობს გავრცელების ტრადიციულ არხებთან. ამის ნაცვლად კომპანია ძველი მეთოდით მოქმედებს და არაპასტერიზებულ ჩამოსასხმელ ლუდს კასრებით ყიდის უშუალოდ ქარხნიდან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის პრიორიტეტია ძველი მეთოდით მოქმედება, საწარმოს მოცულობის გასაზრდელად და მაღალხარისხიანი ლუდის მიმართ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდა გარკვეული მოდერნიზების ჩატარება. შესაბამისად, შემუშავდა ქარხნის და საწარმოო პროცესის მოდერნიზების პროექტი.

2017 წელს სესხისა და გრანტის მისაღებად ლუდსახარშმა „ლუდი ბათუმური“ EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზს მიმართა და 2017 წლის შუაში კომპანიამ უკვე დაასრულა თავისი ინვესტიცია და სრულად განახორციელა პროექტი.

საინვესტიციო პროექტი მოიცავდა ახალ და თანამედროვე საწარმოო შენობას, ახალ ბოილერსა და ორთქლის გამანაწილებელ მოწყობილობას და ახალ ნახევრად ავტომატურ ლუდსახარშ ხაზს Microtech-ისგან. პროექტის განხორციელების შედეგად წარმოების მოცულობა გაიზარდა წელიწადში 7 500 000 ლიტრამდე და გაუმჯობესდა შესაბამისობა ეროვნულ და ევროკავშირის სტანდარტებთან.

პროექტი დაფინანსდა 1 მილიონი აშშ დოლარით EU4Business-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის სესხის წყალობით და შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ კომპანიამ მიიღო საკომპენსაციო გრანტი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდა.

კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის

ლუდსახარშის „ლუდი ბათუმური“ გაუმჯობესების პროექტი მარტო ახალი მოწყობილობის მონტაჟით არ შემოიფარგლა.  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის „კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის“ მხარდაჭერით, კომპანიამ დაასრულა თავისი აღჭურვილობის მოდერნიზაცია HACCP და ISO 22000:2005 სერტიფიკაციის გავლით. 

სერტიფიკაციის მთლიანი პროცესი, შესაბამისი დოკუმენტაციის და კონტროლის პროცესების წარდგენის, ასევე პერსონალის შესაბამისი ტრენინგის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ვიზიტის დროს ევროკავშირის ელჩს შესაძლებლობა ჰქონდა არა მარტო გაცნობოდა, არამედ შეეფასებინა კიდევაც ინვესტიციის მასშტაბი, რადგან ახალი, მოდერნიზებული და ენერგოეფექტური საწარმოო ხაზის გვერდით კვლავ შენარჩუნდა ძველი, ტრადიციული საწარმოც. საწარმოში ვიზიტის დროს ქართული სტუმართმოყვარეობის საუკეთესო ტრადიციები გამომჟღავნდა. ვიზიტი ლუდის დაგემოვნების ცერემონიასაც მოიცავდა, რომელსაც კომპანიის მფლობელი ნანა ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. ქარხანაში ლანჩის დროს ქ-მა ჯანელიძემ გაუზიარა სტუმრებს საკუთარი გეგმები საწარმოს მუზეუმად, ხოლო მიმდებარე ტერიტორიის ლუდის ბაღად გარდაქმნასთან დაკავშირებით.

ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ ბიზნესში ინვესტიციების განხორციელება წარმოების ხარისხისა და რენტაბელურობის გაუმჯობესების მიზნით, EU4Business-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზი შეიძლება სასესხო მხარდაჭერის იდეალური პროგრამა იყოს ამ მიზნების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ვებსაიტი ან დაუკავშირდით EU4Business-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის ოფისს ტელეფონის ნომერზე +995 (0) 32 224 0805

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე