ევროკავშირი აქვეყნებს ანგარიშს EU4Business ინიციატივის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაწეული მხარდაჭერის შედეგების თაობაზე

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ევროკავშირი აქვეყნებს ანგარიშს EU4Business ინიციატივის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაწეული მხარდაჭერის შედეგების თაობაზე

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დამატებითმა შემოსავალმა 2019 წელს 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა. საერთო ჯამში, მხარდაჭერა მიიღო სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედმა 80,000-მდე კომპანიამ, რომლებმაც შეძლეს 117,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

ბრიუსელი, 25 თებერვალი, 2021 წელი – ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში EU4Business ინიციატივის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ყველა პროგრამულ ღონისძიებას აერთიანებს. 2020 წლის ანგარიშში მოყვანილია დაწვრილებითი ცნობები ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ პროგრამული ღონისძიებების სამივე პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბიზნესის განვითარების სერვისებისა და ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა. 2019 წლის განმავლობაში ევროკავშირმა დახარჯა 187.7 მილიონი ევრო 80,000-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მხარდასაჭერად, რომელთაგან ერთი მესამედის მფლობელები ქალები არიან. შედეგად, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა შექმნეს 117,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და მიიღეს 1.3 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი.

EU4Business ინიციატივის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა სტაბილურად მზარდია წლების განმავლობაში. ეს უზრუნველყოფს განსაკუთრებული შედეგების მიღწევას და თანაბარი სარგებელი მოაქვს როგორც მეწარმე ქალებისა და მამაკაცების, ისე დასაქმებული პირებისთვის. მცირე და საშუალო ზომის საწარმოები რეგიონის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს; მათი გამძლეობის მხარდაჭერა უზრუნველყოფს, რომ ჩვენ უკეთ მოვახერხებთ აღდგენას  COVID-19 პანდემიის შემდგომ და ხელს შევუწყობთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას,“ - აღნიშნა ევროკომისიის გაფართოვების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში დირექტორატის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა ლორენს მერედიტმა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

დაახლოებით 5,700-მა მცირე და საშუალო ზომის საწარმომ ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისაგან მიიღო ფინანსური მხარდაჭერა სესხის სახით, რომელთა ჯამურმა მოცულობამ თითქმის 504 მილიონი ევრო, ხოლო  საშუალო ოდენობამ 88,600 ევრო შეადგინა. U4Business-ის ვებ-გვერდზე მოყვანილია დეტალური ინფორმაცია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სფეროში მიღებული კონკრეტული შედეგების შესახებ და წარმოჩენილია იმ ადამიანთა ისტორიები, რომელთაც წარმატებით ისარგებლეს ხელმისაწვდომი სესხებით ან გრანტებით - მაგალითად, თაფლის მწარმოებელთა ჯგუფმა მოლდოვაში შეძლო წარმოების მოდერნიზაცია, ხოლო აზერბაიჯანულმა ოჯახმა ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ნულიდან წამოიწყო ხილის ჩირის ბიზნესი.

ბიზნესის განვითარების სერვისები

2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა პროფესიონალური კვალიფიკაციის ამაღლების მხარდასაჭერად გამოიყო დაახლოებით 86 მილიონი ევრო, რაც მთლიანი დანახარჯების 46%-ს უტოლდება. ბიზნესის განვითარების სერვისებით ისარგებლა 72,000-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმომ, ხოლო ტრენინგები ჩაუტარდა 796 ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას.

EU4Business-ის მხარდაჭერა ვრცელდება სექტორების ფართო სპექტრზე დაწყებული დახმარებიდან, რომელიც გაეწია უკრაინაში მოცვის მწარმოებლებს კოოპერატივის შექმნის მიზნით დამთავრებული დახმარებით, რომლის შედეგადაც მოხერხდა ბელორუსში ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდული  მაღაზიის კლიენტთა ბაზის გაორმაგება.

ბიზნესის ხელშემწყობი გარემო

აღნიშნულის გარდა,  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით მუშაობაზე ევროკავშირის მიერ დახარჯული სახსრების ოდენობამ 34 მილიონი ევრო შეადგინა. ამ მხარდაჭერის შედეგად მოხდა 456-მა სახელმწიფო ინსტიტუტის, მათ შორის დირექტიული ორგანოების, მარეგულირებლებისა და განმხორციელებელი სააგენტოების, შესაძლებლობათა გაუმჯობესება და განხორციელდა 700-ზე მეტი კანონის, კანონქვემდებარე აქტისა და პროცედურის რეფორმა. ამ რიცხვების მიღმა შთამბეჭდავი ისტორიებია, როგორიცაა, მაგალითად, ინოვაციური ბიზნეს-ცენტრი სომხეთში, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ზრდა-განვითარებაში ეხმარება და ჩატ-ბოტი საქართველოში, რომელიც პანდემიის პერიოდში ბიზნესის ინფორმირებას უზრუნველყოფს.

„2020 წლის ანგარიში მოიცავს მონაცემთა შეგროვებისთვის გამოყენებულ ახალ ინდიკატორებს და განზომილებებს, ასევე -  მხარდაჭერის საშუალებებსა და ქვეყნებს შორის კომპლექსურ შედარებებს“ - განმარტავს EU4Business-ის გუნდის ლიდერი მარკ ჰელიერი „იგი მთლიანად ასახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის შედეგებს ხოლო მონაცემებს აჯგუფებს არა პროექტების, არამედ, მხარდაჭერის სახეობებისა და შედეგების ტიპის მიხედვით. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს, გამოვკვეთოთ, შევადაროთ და გავაანალიზოთ თითეული ქვეყნის შედეგები და გავიაზროთ კავშირი განხორციელებულ პროექტებსა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსურ მაჩვენებლებს შორის.“

COVID-19 პანდემიის პირობებში, ევროკავშირი აგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბიზნესის მხარდაჭერას ისეთი პროგრამებით, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის იმ ჯგუფების მხარდაჭერას, რომელზეც პანდემიამ ყველაზე მეტი ნეგატიური ზეგავლენა იქონია. ამ მიზნით, პროგრამა ითვალისწინებს მცირე ზომის ადგილობრივი ორგანიზაციებზე ქვე-გრანტების გაცემას. მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, ასევე, ამოქმედდა ახალი 120 მილიონი ევროს მოცულობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, მათ შორის თვითდასაქმებულებისა და სხვა ეკონომიკური სუბიექტების დასახმარებლად, რათა მათ გაუადვილდეთ კრედიტზე წვდომა და სწრაფად განავითარონ საკუთარი ბიზნესი კრიზისის შემდგომ პერიოდში. EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ადგილობრივ ვალუტაში საკრედიტო ხაზებისა და გრანტების სახით 200 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური რესურსი არის ხელმისაწვდომი.

EU4Business-ის შესახებ

EU4Business წარმოადგენს ჩარჩო-ინიციატივას, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ყველა პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. EU4Business მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ეხმარება ზრდა-განვითარებაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა გაუმჯობესების, ბიზნესის განვითარების სერვისების უზრუნველყოფისა და ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით.

გთხოვთ, გაეცნოთ:

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.eu4business.eu.

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე