100-მდე ქართული მცირე და საშუალო საწარმო დღეს უკეთ შეძლებს ისარგებლოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით ბიზნეს კლასტერებში გაერთიანების გზით.
ევროკავშირის ინიციატივის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ დახმარებით პროექტმა - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ხელი შეუწყო სამი ბიზნეს კლასტერის შექმნას საქართველოში და კიდევ ორი კლასტერის შექმნის წინაპირობები შექმნა, რამაც 100-მდე მცირე და საშუალო საწარმო მოიცვა ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის, კინოწარმოებისა და პოსტ-წარმოების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტანსაცმლის წარმოებისა და თაფლის წარმოების სექტორებში. ოთხი წლის განამვლობაში პროექტის დახმარებით, ამ მეწარმეებმა მიიღეს წვდომა წამყვან საერთაშორისო ცოდნაზე, რაც დაეხმარა მათ შესაძლებლობათა და პროდუქციის განვითარების, კონკურენტუნარიანობის გაზრდის და ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის საშუალებების გამოვლენაში. კლასტერების წევრ კომპანიებში დღეს 1,400-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული.
„თავისი საფირმო ინიციატივის - კლასტერული განვითარების წყალობით, პროექტი ქართველ მეწარმეებს დაეხმარა სამი ინდუსტრიული კლასტერის შექმნაში. ესენია: ქართული ავეჯის კლასტერი, საქართველოს კინოკლასტერი და საქართველოს აისიტი კლასტერი. ასევე საფუძველი ჩაუყარა მომავალში ორი კლასტერის შექმნას - ტანსაცმლისა და თაფლის წარმოების სფეროებში. კლასტერების წევრებს გავუწიეთ მხარდაჭერა ტრენინგების, ექსპერტული კონსულტაციებისა და ნეთვორქინგის მიმართულებებით, რამაც საბოლოო ჯამში, მათ შესაძლებლობა მისცა შეექმნათ თანამშრომლობის პლატფორმები, ერთობლივი პროექტები განეხორციელებინათ და დაემყარებინად კავშირები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით,“ – განაცხადა ფილიპ შტაინჰაიმმა, პროექტის ხელმძღვანელმა. – „ჩვენ ასევე გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კლასტერული განვითარების მიდგომა და მას განიხილავს, როგორც ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განმტკიცებისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს.“ – დასძინა მან.
პროექტი ფოკუსირებული იყო ასევე მცირე და საშუალო მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების მიმართ სამთავრობო უწყებების ინსტიტუციური მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა წამყვან სამთავრობო პარტნიორებთან როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე პოლიტიკის იმპლემენტაციის მიმართულებით. პროექტი დაეხმარა კლასტერული განვითარების ეროვნული პროგრამის პროექტის შექმნაში, რომელიც ახლო მომავალში ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საფუძველს ქმნის. ასევე, პროექტის დახმარებით შეიქმნა საქართველოს რეალობაზე მორგებული მეთოდოლოგია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ანალიზისა და პრიორიტეტიზაციისთვის ავეჯის წარმოების, ტანსაცმლის წარმოებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში; შემუშავდა უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოების ეროვნული გაიდლაინები. ამ უკანასკნელს წინ უძღოდა სამწლიანი, ყოვლისმომცველი სამუშაო პროცესი, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებით - ევროპაში ქართული თაფლის პირველი ექსპორით, TAPLI-ს ბრენდის ქვეშ, დაგვირგვინდა. 2019 წლის ბოლოსთვის 5,000 ქილა თაფლის ექსპორტი მოხდა გერმანიაში და ეს როდენობა მომავალში კიდევ გაიზრდება.
ქართულ ბიზნეს სექტორში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე ცნობიერების გაზრდის მიზნით, პროექტმა მხარი დაუჭირა ოფიციალური ონლაინ პლატფორმის - DCFTA.gov.ge-ს შექმნასა და მართვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან. ვებგვერდისთვის ასევე შეიქმნა ხუთი ვიდეოინსტრუქცია, რომლებიც განმარტავენ კონკრეტულ წესებსა და პროცედურებს ბიზნესისთვის.
პროექტი აქტიურად უწყობდა ხელს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს მეწარმეებისთვის გაწეული სერვისების დახვეწის კუთხით მათი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებასთან ადაპტირების პროცესში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით, პროექტმა ხელი შეუწყო DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოთხი რეგიონული ოფისის დაფუძნებას ქვეყნის მასშტაბით, რომელთა მეშველობითაც 6,410 მეწარმეს გაეწია ტრენინგების და საკონსულტაციო მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს მიხედვით.
პროექტის ყველა შედეგისა და მიღწევის შესახებ ინფორმაციას მოიცავს ახლახანს გამოცემული საბოლოო ანგარიში. (link)
პროექტი - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ განახორციელა GIZ-მა (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც იგი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით ახორციელებს. პროექტი მიზანს წარმოადგენდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს რეფორმების მხარდაჭერა, კერძოდ, მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით, რათა გაიზარდოს ამ სექტორის კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოფილ იქნას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან მისი ადაპტირება. პროექტი მიზნად ისახავდა ნიადაგის მომზადებას მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებისთვის საქართველოში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირისა („ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში) და გერმანიის მთავრობის მიერ და მისი ბიუჯეტი 5 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა.