6-7 დეკემბერს ვენაში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის უმაღლესი დონის ორი ღონისძიების მსვლელობისას ევროკავშირი გამოვიდა მოწოდებით, მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.
„ჩვენი მიზანია, ეკონომიკის, საზოგადოებრივ და პოლიტიკის სფეროში უზრუნველვყოთ სტაბილურობა, კეთილდღეობა და შედეგად, მდგრადობა,“ –
განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 6 დეკემბერს აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნესს ფორუმთან საუბრისას და დასძინა: „თუ შევძლებთ, მივაღწიოთ უფრო მეტ ეკონომიკურ სიძლიერეს, ეს მიგვიყვანს ეკონომიკურ კეთილდღეობამდე და დაგიცავთ თქვენ და თქვენს საზოგადოებას გარეშე ზემოქმედებისგან, გაუმჯობესდება თქვენი კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა გქონდეთ უკეთესი პერსპექტივები თქვენს ქვეყანაში“.
EU4Business-ის სამდივნოს მხარდაჭერით ორგანიზებული აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმის მეორე დღეს გაიმართა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია. ორივე ღონისძიება გამართა ევროსაბჭომ ავსტრიის თავმჯდომარეობით მომავალ წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-10 წლისთავის მიჯნაზე. მათში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი თანამდებობის პირები ევროკავშირიდან და მისი ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან, მათ შორის სამთავრობო წარმომადგენლები, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების 350 კომპანია, ასევე არასამთავრობო ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდობა და სამეცნიერო წრეები.
კომისარმა ჰანმა გაიმეორა ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მოწოდება 7 დეკემბერს აღმოსავლეთის პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, რომელიც გაიმართა თემაზე „უფრო ძლიერი ეკონომიკა უფრო ძლიერი საზოგადოებისთვის – მდგრადი განვითარების ინვესტირება ადამიანურ რესურსებში“.
„ჩვენი აღმოსავლეთის პარტნიორების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ძალისხმევის საფუძველია, რომელიც მიმართულია სტაბილური და პროგრესული მეზობლობის უზრუნველყოფისკენ“, – აღნიშნა მან და დასძინა: „მცირე ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობის საქმეში, რაც განპირობებულია მისი უნიკალური თვისებით, დანერგოს ინოვაციები და შეეგუოს სწრაფად ცვალებად ბაზრებს. ამდენად, მცირე ბიზნესი სრულიად აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.“
აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმზე გამოავლინეს ორი ახალი საკვანძო სექტორი – ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროები ერთის მხრივ და ინფორმაციული ტექნოლოგიები და ციფრული ბაზრები მეორეს მხრივ – რომელთა შესახებაც იმსჯელა ორმა დამოუკიდებელმა სადისკუსიო საბჭომ.
კომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა ენერგოეფექტურობის, როგორც მდგრადი დასაქმების ხელშემწყობი ფაქტორის, მნიშვნელობას: „ენერგოეფექტურობა ასრულებს სამუშაო ადგილების ძრავის ფუნქციასაც, რომელიც ქმნის უამრავ მდგრად სამუშაო ადგილს, კერძოდ, ადგილობრივ სამუშაო ადგილებს“. ჰანმა ასევე დაადასტურა ევროკავშირის განზრახვა, დააბანდოს არანაკლებ 50 მილიონი ევრო ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის საქმეში. მან აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში ხელი მოეწერება 11 მილიონი ევროს ღირებულების ახალ პროგრამას EU4Digital, რომელიც წარმოადგენს 7 მილიონი ევროს ღირებულების კიბერუსაფრთხოების პროგრამის დამატებასა და სტარტაპების მხარდაჭერას მენტორობისა და საწყისი ფინანსირების ხარჯზე.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაზე სამიდან ორი პანელური მსჯელობა მომდევნო დღეს მიეძღვნა ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემას და ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა „ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ყოველმხრივი გზით: რომელმა მონაწილეებმა და რა ზომებმა შეიძლება, შეუწყოს ხელი საზოგადოების განმტკიცებას?“ და „საბაზრო მოთხოვნებთან და უნარ-ჩვევებთან შესაბამისობა: როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია?“
ბიზნეს-ფორუმი დასრულდა B2B საბროკერო ღონისძიებით, რომელმაც შესაძლებელი გახადა საერთო ჯამში 285 B2B შეხვედრის ჩატარება, მისცა მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალება, გაეზიარებინათ და ემსჯელათ საინვესტიციო და ბიზნეს-იდეების შესახებ.
კომისარმა ჰანმა მოუწოდა ბიზნესის მფლობელებს, ისარგებლონ რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით: „ჩვენს ექვსივე პარტნიორ ქვეყანაში არსებობს მაღალკვალიფიციური მეცნიერების ჯგუფი (მათემატიკოსები, ტექნიკოსები, ინჟინრები) მაშინ, როდესაც ევროკავშირი განიცდის 350 000 სპეციალისტის ნაკლებობას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში. მეორეს მხრივ, აღმოსავლეთის პარტნიორობის სტარტაპები ხშირად განიცდიან მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების (მარკეტინგული და ფინანსური ანალიზი) დეფიციტს და მათი კავშირი კლიენტებთან და ღირებულებით ჯაჭვთან ძალიან სუსტია.“
ჰანმა, რომელმაც მოუწოდა მონაწილეებს ურთიერთობისკენ, მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარებისკენ, ხაზი გაუსვა ურთიერთინტერესებისა და ურთიერთშემავსებელი ფაქტორების მნიშვნელობას ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის და გამოთქვა იმედი, რომ კავშირების დამყარების მიზნით გამართული B2B სხდომების „შედეგი იქნება ახალი თანამშრომლობის დამყარება და ახალი სამუშაო ადგილებისა და ღირებულებების შექმნა“.