EU4Business-ის მეშვეობით, 2016-17 წლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულმა 10 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო 593 მილიონი ევრო ოდენობის სესხები და 1 500-ზე მეტმა ისარგებლა საკონსულტაციო სერვისებით, ამავდროულად, თითქმის 8 400-მა გაიარა ტრენინგი და 20 000-ზე მეტი ესწრებოდა ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებს.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მიღწევების, რომლებიც აღნიშნულია 2018 წლის 19 ივნისს, ბრიუსელში, აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის გამართული პანელის „სტრუქტურული რეფორმები, ფინანსური სექტორის არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა და მცირე და საშუალო საწარმოები“ განმავლობაში, ინიციატივის სამდივნოს მიერ წარმოდგენილ 2018 წლის EU4Business-ის წლიურ ანგარიშში. ღონისძიებას ესწრებოდა პროგრამის 60 ბენეფიციარი აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან, DG NEAR და EU4Business-ის სამდივნო.
EU4Business-მა პანელის დილის სესიას მთავარი მიმართულება მისცა ანგარიშის პრეზენტაციის წარმოდგენითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების გზებზე დისკუსიის გამართვით, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინვესტიციო კლიმატს.
EU4Business მოიცავს 43 პროექტის პორტფელს, რომლებსაც შეესაბამება ევროკავშირის ფინანსური ვალდებულება 348 მილიონი ევროს ოდენობით, ახორციელებს 20 პარტნიორი და საერთო ჯამში, მოზიდული აქვს დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები.
მიღწევების პრეზენტაცია
ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავდა მიმდინარე მიღწევების ანალიზს EU4Business-ის ოთხივე მიზნის მიმართულებით, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, ამ წლის დასაწყისში გამართული ეროვნული კონსულტაციებისა და იმ მცირე და საშუალო მეწარმეების გამოკითხვების შედეგების პრეზენტაციებს, რომლებმაც ისარგებლეს ფინანსური პროდუქტებით სქემის ფარგლებში.
ღონისძიება გახსნა და მას თავმჯდომარეობდა ევროპის კომისიის DG NEAR-ის განყოფილების უფროსი, მეთიუ ბუსკე, რომელმაც ხაზი გაუსვა რეგიონისთვის მინიჭებულ პრიორიტეტს და დაახლოების სხვადასხვა პროცესებს, მათ შორის, DCFTA-ს სავაჭრო შეთანხმებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბენეფიციარ ქვეყნებში დასაქმებისა და ექსპორტის სტიმულირებას.
მიღწევების პრეზენტაციას უძღვებოდა EU4Business-ის სამდივნოს გუნდის ლიდერი, ჯულია ჯაროვა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეფექტურობის უახლეს ძირითად მაჩვენებლებს, რომლებშიც ჩანს, რომ პროგრამა მიყვება ან უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ 2020 წლისთვის მისაღწევი შედეგების ფარგლებში დასახულ მიზნებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და შემოაქვს ცოდნა და უნარები, ასევე, უზრუნველყოფს ბაზრებზე წვდომასა და უკეთესი მარეგულირებელი ჩარჩოების არსებობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ეკონომიკაში.
EU4Business-ის მთავარი მიღწევები, რომლებიც აღნიშნულია 2018 წლის ანგარიშში, მოიცავს:
- 10 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სესხები პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, ჯამში კი 66 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სესხები 2009-2017 წლებში.
- 1 500-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო საკონსულტაციო სერვისები EU4Business-ის მეშვეობით 2016-2017 წლებში, რაც, ჯამში, გვაძლევს 3 000-ზე მეტ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოს 2009-2017 წლებისთვის.
- 2016-2017 წლებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაცემული სესხების ოდენობა 593 მილიონ ევროზე მეტია, 2009-2017 წლების სესხების საერთო ოდენობა კი 1,96 მილიარდ ევროს აღემატება.
- დაახლოებით 8 400 ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი ან წვრთნა და 20 665 დაესწრო ღონისძიებებს, რომლებიც ორგანიზებული იყო EU4Business-ის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, რამაც ციფრები 11 000-მდე და 27 000-მდე გაზარდა, შესაბამისად, 2009-2017 წლებისთვის.
- პოლიტიკური სტრატეგიებისა და სამართლებრივი რეფორმების წინადადებების დახმარებით, 2009-2017 წლების პერიოდში, შემუშავდა 129 ახალი კანონი და მიღებულ იქნა 50, უმეტესობა კი განხორციელდა 2016-2017 წლებში.
- მხარდაჭერა შეეხო თითქმის 87 000 სამუშაო ადგილს მცირე და საშუალო საწარმოებში და 28 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა EU4Business-ის დაწყებიდან, მათი 50% კი განხორციელდა 2016-2017 წლებში.
სესხების ბენეფიციარების გამოკითხვა მცირე და საშუალო მეწარმეებში
მცირე და საშუალო მეწარმეებში EU4Business-ის სესხების 130 ბენეფიციარის გამოკითხვამ, რომელიც ჩაატარა EU4Business-ის სამდივნომ 2018 წელს, აჩვენა რომ მოპოვებულმა სესხებმა დადებითი გავლენა მოახდინა ბრუნვასა და დასაქმებაზე, მათ შორის:
- კომპანიების 72%-მა აღნიშნა ბრუნვის ზრდა, აქედან, 25%-ზე მეტმა ბრუნვის მესამედით ზრდა.
- ექსპორტიორი კომპანიების 47%-მა დაინახა ზრდა საკუთარ ექსპორტში სესხის შედეგად.
- ბენეფიციარი კომპანიების 34%-მა დაინახა სამუშაო ადგილების ზრდა 25%-ით; 14%-მა კი დასაქმება 25%-ზე მეტით გაზარდა.
პრეზენტაციაზე კომენტარები გააკეთეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოკლე გამოკითხვით მონაწილეებისგან მოისმინეს მიწოდების მთავარი გამოწვევების დასაძლევად გადადგმული მათი უახლესი ნაბიჯების შესახებ და აღნიშნეს საჯარო სექტორის რამდენიმე ინოვაციური ინიციატივა. უკვე ყველა ქვეყანას ჰყავს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტოები, რომლებიც უძღვებიან მცირე და საშუალო მეწარმეებზე ორიენტირებულ სამუშაოებს; ისინი, როგორც წესი, ტარდება ეკონომიკის სამინისტროების ზედამხედველობითა და ეროვნულ სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან შესაბამისობის დაცვით.
წარმომადგენლებს, ასევე, სთხოვეს, აზრი გამოეთქვათ საკუთარ პოლიტიკაში არსებულ გენდერულ მიმართულებაზე, რომელიც, ეფექტური განხორციელების კუთხით, ჯერ კიდევ უკანაა რეგიონის მასშტაბით.
ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება
EU4Business-ის შესახებ გამართული დისკუსიები, ასევე, მოიცავდა OECD-ის მიერ მოწოდებულ ახალ ინფორმაციას ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე პოლიტიკაში განხორციელებული სამუშაოს მეშვეობით და იმაზე, თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს უკეთესმა რეგულაციამ შიდა და უცხოურ ინვესტიციებს. აღინიშნა აზერბაიჯანის მაგალითი იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება იქნას მოზიდული ასეთი ინკლუზიური ინვესტიციები.
ამის შემდეგ გაიმართა CheczInvest-ის პრეზენტაცია, სტრატეგიული ინვესტირების პოლიტიკის მიდგომის მეშვეობით ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ. ქართველმა წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები იგივე მიმართულებით, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორზე.
შუადღის გეგმაში მთავარი ადგილი ეკავა ტურიზმს და ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავდნენ მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის ზომებს, რომლებიც მიღებულ იქნა ტურიზმის მდგრადი განვითარების დამატებითი სტიმულირებისთვის. საბოლოო სესიაზე განიხილეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სარგებელი და თუ როგორ შეიძლება, პარალელური სტრატეგიული მიდგომით, როგორც ეროვნულ, ასევე ქვე-ეროვნულ დონეზე, შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდაში.
შეხვედრა დასრულდა ევროპის კომისიის შეფასებით, რომელიც ასკვნის, რომ EU4Business კარგად აგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გზაზე სვლას და 2020 წლისთვის მისაღწევი შედეგები რეალისტურად განსაზღვრული ჩანს. ხორციელდება გეგმის ყველა ძირითადი პრიორიტეტი და ძალაშია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ვალდებულება რეფორმების კუთხით.