ქართული თაფლის პირველი პარტია ევროპაში გაიგზავნა

საქართველო
ქართული თაფლის პირველი პარტია ევროპაში გაიგზავნა

თბილისი, 2019 წლის 21 იანვარი  – თაფლის ორი ქართველი მწარმოებლის პროდუქცია ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო მწვანე კვირეულის (International Green Week) გამოფენაზე არის წარმოდგენილი. IGW-ი კვების, აგრო პროდუქტებისა და ხილ-ბოსტნეულის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა და 18-27 იანვრის პერიოდში იმართება. წელს საქართველო გამოფენაზე მრავალი სახის პროდუქციით არის წარმოდგენილი, მაგრამ ქართული თაფლის დაგემოვნების შესაძლებლობა ევროპელ მომხმარებელს პირველად მიეცემა. ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე სპეციალურად შექმნილი ბრენდ სახელწოდების - „TAPLI“ ქვეშ გადის.

IGW-ზე საქართველოს სტენდის ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომელმაც ასევე შეიმუშავა ბრენდი „TAPLI“ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ტექნიკური დახმარებით.  ბრენდი აერთიანებს პრემიუმ კლასის ქართულ თაფლს - მხოლოდ იმ მწარმოებლებს მიეცემათ თავიანთ პროდუქციაზე „TAPLI“-ს ლოგოს განთავსების უფლება, რომლებიც მეფუტკრეობის თანამედროვე და წამყვან ტექნოლოგიებს მისდევენ და აკმაყოფილებენ პროდუქტის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს.  ამ ბრენდის ქვეშ ქართული თაფლის პირველი პარტია შპს გეო ნატურალისა და კერძო მეწარმე თამაზ ღლონტის პროდუქციას მოიცავს.

„TAPLI“-ს ბრენდის შექმნას წინ სკურპულიოზური ძალისხმევა უძღოდა, რომელიც ქართული თაფლის საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებისკენ იყო მიმართული. ეს ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. პროცესი ორი წლის წინ დაიწყო გერმანული ექსპერტული მხარდაჭერის მობილიზებით, რომლის დახმარებითაც მოხდა თაფლის წარმოების სექტორის შეფასება, მეფუტკრეობის პრაქტიკისა და ტექნოლოგიის საფუძვლიანი კვლევა და სახელმწიფო ზედამხედველობის ინფრასტრუქტურისა და სიმძლავრეების შესწავლა.  მოხდა თაფლის მწარმოებლების აღწერა და თაფლის ნიმუშების ანალიზი ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ლაბორატორიაში.

„მეფუტკრეობის დარგისა და კვების პროდუქტების უვნებლობის ევროპული სტანდარტების დაცვით წარმოებული  ქართული პრემიუმ თაფლის საექსპორტო პოტენციალის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. როგორც მთავარი დაინტერესებული მხარე, სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენლობასა და GIZ-თან ერთად ამ პროცესში პირველი დღიდან არის ჩართული. ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევიმუშავეთ მიზნობრივი დახმარების ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს ქართველი მეფუტკრეებისთვის დირექტივებსა და მეთოდურ რეკომენდაციებს თაფლის წარმოების კარგი პრაქტიკის დანერგვისა და ექსპორტზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების მიმართულებებით.“ - აღნიშნავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, მრავალი ნიუანსით, რომელიც უნდა გაგვეთვალისწინებინა. ჩვენ გვქონდა თეორიული ცოდნა, თუმცა პრაქტიკაში გადატანა შეუძლებელი იქნებოდა პროექტის მხრიდან დახმარების გარეშე.“ - აღნიშნავს გიორგი იაშვილი, რომლის თქმითაც პროექტის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარებით მოხდა არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი საექსპორტო პარტიის მომზადება. გიორგი იაშვილი რაჭიდან არის და კომპანია „გეო ნატურალის“ დანფუძნებელია. იგი თაფლს თავის პარტნიორებთან, „რაჭის ნატურალური პროდუქტების“ კოოპერატივის წევრებთან ერთად აწარმოებს.  

კერძო მეწარმე თამაზ ღლონტი გურიის სოფელ აკეთიდან არის და 30 წელია მეფუტკრეობას მისდევს. აპიკულტურისადმი სიყვარული მან თავის შვილებსაც გადასცა - მისი ვაჟი ვახტანგი დღეს ორგანული აპიკულტურის დარგში ქვეყნის წამყვანი პროფესიონალია.  

ორივე მწარმოებელი თავის პროდუქტს აღწერს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში წარმოებულ მაღალი ხარისხის ნატურალურ თაფლს.

„ამჟამად პირველად მოხდა ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანა და ამ გამოფენაში ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო კონტაქტების დამყარების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.“ - აღნიშნავს ვახტანგ ღლონტი.  

„საერთაშორისო მწვანე კვირეული“ (IGW), რომელსაც ასევე „აგრობიზნესის დავოსად“ მოიხსენიებენ, 1,700 მონაწილესა და 100,000 პროდუქტს უყრის თავს მთელი მსოფლიოდან.  მის ფარგლებში იმართება 300 ტექნიკური კონფერენცია და ასევე მრავალი სხვა ღონისძიება კვების მრეწველობის წარმომადგენლების, ბითუმად და საცალო მოვაჭრეების, ქათერინგის კომპანიების, იმპორტიორების, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და სფეროს სხვა სპეციალისტების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა მწარმოებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას საკუთარი პროდუქცია 400,000 დამთვალიერებლის, მ.შ. კომერციული ვიზიტორის წინაშე წარმოაჩინოს.    

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის  ფარგლებში ხორციელდება, რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო ბიზნესის და კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართულ ევროკავშირის პროგრამებს საქართველოში. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უღებს საქართველოს 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზრისკენ.

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე