საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება: EU4Business და Eurochambres ქართულ ეკო-მეგობრულ დიზაინის კომპანიების უჭერენ მხარს

საქართველო
საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება: EU4Business და Eurochambres ქართულ ეკო-მეგობრულ დიზაინის კომპანიების უჭერენ მხარს

ბოლო წლებში საქართველოში ეკო-მეგობრული დიზაინის კომპანიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათგან ზოგიერთი მეწარმე საკმაოდ გამოცდილია, სხვებს კი ადგილობრივ და საერთაშორიო ბაზრებზე განვითარებისთვის დამატებითი ცოდნა, უნარები და კონტაქტები სჭირდებათ.

Eurochambres-მა, ასოციაციამ, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ პალატებსა და ბიზნეს კომპანიებს ევროკავშირსა და სხვა რეგიონებში,  მცირე მეწარმეებს EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) პროექტის მეშვეობით ეხმარება. ევროკავშირის EU4Business ინიციატივით დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების წახალისებასა და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ზრდის ხელშეწყობის გზით. კონკრეტულად, EU4BCC ყურადღებას ამახვილებს ისეთ ძირითად სექტორებზე, როგორიცაა ბიო-საკვები, კრეატიული მრეწველობა, ტექსტილი, ტურიზმი და ღვინო და ამ ინდუსტრიებში მოქმედ საწარმოებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს.

ეკო-მეგობრული დიზაინის მაღაზია EU4Business-ისა და Eurochambres-ის მხარდაჭერით ექსპორტისთვის ემზადება

ალექსანდრე წივწივაძე და მისი მეუღლე თეა ახრაკია მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, გამუდმებით მოგზაურობდნენ და სახლსაც ხშირად იცვლიდნენ. სწორედ ამიტომ, მოსახერხებელი, მინიმალისტური და მსუბუქი ტანსამელი და ავეჯი სჭირდებოდათ, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად გადაეტანათ. მარტივი ცხოვრების წესის ძიებამ წყვილი შთააგონა დაეარსებინათ კომპანია, რომელიც არამარტო მათ უზრუნველჰყოფდა ასეთი ნივთებით, არამედ იმავე კომფორტს სხვებსაც შეუქმნიდა.

2012 წელს წყვილმა თეას დასთან, მარიკა ახრაკიასთან ერთად დააარსა
„ფუნდუკი“ - "დიზაინის მაღაზია, კულტურული მიდგომითა და შემოქმედებითი უპირატესობით". 

თავდაპირველად, კომპანია დიდ კორპორაციებს ემსახურებოდა, ამზადებდა ინდივიდუალური დიზაინის კორპორატიულ საჩუქრებს, რომლებსაც ეს ფირმები  თავიანთ თანამშრომლებს ან ბიზნეს პარტნიორებს ურიგებდნენ. სულ მალე გააცნობიერეს, რომ მათი საბოლოო მიზანი და ოცნება საკუთარ წარმოებასა და მაღაზიის გახსნას უკავშირდებოდა.

მას შემდეგ „ფუნდუკი“ წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბდა და გთავაზობთ ავეჯის, ტანსაცმლისა და აქსესუარების უნიკალურ ასორტიმენტს, რომლებიც ცნობილია  კომფორტით, სიმარტივითა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი დიზაინით. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც „ფუნდუკის“
 პროდუქციას ქართულ ბაზარზე არსებულისგან განსხვავებს.

თითოეულ ნივთს მოყვება ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბონუს ფუნქციას“, - განმარტა დამფუძნებელმა ალექსანდრე წივწივაძემ.

„ფუნდუკის“ ჩანთები ორმაგი დანიშნულებისაა - ფუნქციონირებს როგორც ჯვარედინი ჩანთები, ასევე ზურგჩანთები. საქანელას თუ უკან ერთ-ერთ ნაწილს მოაცლით, წამოსაწოლ სკამად იქცევა. ანალოგიურად, მათი პიკნიკის საბნები გამოგადგებათ როგორც საწვიმარი, რომელიც ამინდის მოულოდნელი ცვლილებებისგან დაგიცავთ. „ფუნდუკის“ ინოვაციური დიზაინები გვთავაზობენ ფუნქციონალურობისა და ადაპტირებულობის შესანიშნავ ნაზავს, რომელიც შეუმჩნეველი არც კომპანიის მომხმარებლებისთვის რჩება.

უზომოდ ვამაყობთ, რომ ადამიანები ყველგან ცნობენ „ფუნდუკის“ პროდუქციას, საკმარისია, უბრალოდ თვალი შეავლონ,“ თქვა წივწივაძემ.

„ფუნდუკში“ ხშირად გაიგებთ სიტყვას „ეკო-კომფორტული“.  მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ფუნდუკის მიერ გამოყენებული ტექსტილის 90%-ზე მეტი ან ქსოვილის ნარჩენებისგან იქმნება, ან მდგრადი მასალებისგან, რომლებიც დიდხანს ძლებს. მოდის ნარჩენები დღევანდელ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს: 100 მილიარდი ტანსაცმლის წლიური წარმოებიდან, დაახლოებით 92 მილიონი ტონა საბოლოოდ  ნაგავსაყრელებზე ხვდება.

ავეჯის წარმოებაში „ფუნდუკი“ ხის ანათალს იყენებს, რომელიც განახლებადი და მდგრადი სამშენებლო მასალაა. მას აქვს გადამუშავებადი, არატოქსიკური და ბიოდეგრადირებადი თვისებები, ენერგოეფექტურობით კი სხვა მასალებს აღემატება.

წლების განმავლობაში „ფუნდუკის“ პოპულარობა საქართველოს ფარგლებს გასცდა და  ესტონეთის დედაქალაქ ტალინს მიაღწია, სადაც გუნდმა 2020 წელს მაღაზია გახსნა. სამწუხაროდ, ორი კვირის შემდეგ პანდემია დაიწყო და „ფუნდუკის’ გეგმები სულ სხვა მიმართულებით შემოაბრუნა. წივწივაძემ მაღაზია დახურა და მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო რეისით საქართველოში გამოფრინდა. არსებული რეგულაციების გამო, მას და მის გუნდს მაღაზიის დახურვა თბილისშიც მოუწიათ.

ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო და ასე ცუდად დასრულდა,“ იხსენებს წივწინაძე.

ახალი საწყისი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესების დახურვამ „ფუნდუკის“ გუნდი აიძულა კომპანიის ზრდის ალტერნატიულ გზებზე ეფიქრა. საბედნიეროდ, 2021 წელს „ფუნდუკი“ ჩაერთო პროექტში საქართველოს და ესტონეთის მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერება – ექსპორტის დიზაინი“, რომელიც მხარდაჭერილია EU4BCC-ის მიერ. კომპანიამ მიიღო დახმარება საექსპორტო საქმიანობაში, მონაწილეობა მიიღო სასწავლო ვიზიტებში, ჰქონდა არაერთი B2B შეხვედრა და  თავისი პროდუქცია ტალინის წამყვან კონცეფციის მაღაზიაშიც განათავსა.

წივწივაძის თქმით, ფუნდუკი ახლა წელიწადში 2500-3000-ზე მეტ პროდუქტს აწარმოებს. ეს მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ქვედაბოლოებით, რომლებიც ერთ საათში იკერება, მოხატული ჩანთებით დასრულებული, რომელიც დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. გარდა სპეციალური საცალო მაღაზიისა, მათ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით ცნობილ მაღაზიებშიც შეიტანეს. ასევე იღებენ შეკვეთებს ინდივიდუალური და კორპორატიული კლიენტებისგან.

პირველადი მხარდაჭერის შემდეგ, EU4BCC-ის პროექტმა კომპანიას ბევრი კარი გაუხსნა. წივწივაძე გაემგზავრა ტალინში, ესტონეთში, სადაც თანამშრომლობდა „Radis Furniture“-თან, რომელიც ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად ავეჯს. მობილურობის პროგრამის გამოყენებით, “ფუნდუკმა“ და „Radis Furniture“-მა დაამზადეს თაროების სისტემა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია როგორც ესტონეთის, ისე გერმანიის ბაზარზე.

შემიძლია ვთქვა, რომ ტალინის ყველა დიზაინერს ვიცნობ“, - თქვა წივწივაძემ და აღნიშნა, რომ პროექტი დიზაინის პროფესიონალებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში დაეხმარა, ხელი შეუწყო იდეებისა და ცოდნის ნაყოფიერ გაცვლას. ცოტა ხნის წინ წივწივაძე დაუკავშირდა სხვა ადგილობრივ მწარმოებელს ტალინში და მასთან ერთად სანათების წარმოებას გეგმავს.

ამასობაში „ფუნდუკის“ პროდუქციამ ვენეციასა და ჟენევას მიაღწია, სადაც მათი ცნობილი ქართული ტრადიციული "ჩითა" (ნაქსოვი ფეხსაცმელი) რამდენიმე საცალო მაღაზიაში იყიდება.

„ფუნდუკის“ პოპულარობა, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, იმის მანიშნებელია, რომ ექსპორტის დიდი პოტენციალი არსებობს. კომპანიაც სწორედ ამ მიმართულებით მიდის.

ალექსანდრე წივწივაძე და მისი გუნდი ტალინში მაღაზიის ხელახლა გახსნაზე ოცნებობენ.

მაღალი ხარისხი ჩვენი ხელწერაა და ის, რისი დაკარგვაც არ გვინდა. ეს არის ის, რაც სხვებს უყვართ ფუნდუკში“ და რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ექსპორტში წარმატებული მომავალი გვქონდეს.“

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე