როცა პანდემია გვიტევს და სოციალური დისტანცირება უსაფრთხოების შენარჩუნების ძირითადი გამოსავალია, ვირტუალური სერვისების იდეა კიდევ უფრო ღირებული ხდება. COVID-19-ის კარანტინის პირობებში, ხელოვნური ინტელექტის მქონე საჯარო მოხელე ქართულ ბიზნესსა და რუსთავის 125,000-ზე მეტ მაცხოვრებელს მხსნელად ევლინება და უწყვეტად, ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მათ ინფორმირებას მუნიციპალური სერვისების, ახალი რეგულაციებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რაც მათ კორონავირუსის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ციფრული სერვისი როგორც უპირატესობა
ციფრული სერვისი როგორც უპირატესობა EU4Business-ის ქოლგის ქვეშ მიმდინარე ინიციატივამ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შესძინა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, რუსთავის ინოვაციების ჰაბისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სი-ბოტს. . რუსთავის მერიის ჩატბოტი ადგილობრივ მოსახლეობასთან სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებს. ინოვაციური ინსტრუმენტი უნიკალურია როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბევრი სხვა ქვეყნის საჯარო სექტორის მასშტაბით. ჩატბოტი 1000-ზე მეტ კითხვას ამუშავებს როგორც კორონავირუსის სტატისტიკისა და რეკომენდაციების, ასევე ისეთი მუნიციპალური სერვისების შესახებ, როგორიცაა საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისები და სხვა.
„სი-ბოტი ამარტივებს დიალოგს ქალაქსა და ბიზნესის დაწყების მსურველთა შორის. ასევე, უფრო ადვილია ისეთი პროცედურების გავლა, როგორიცაა რეგისტრაცია თუ სამშენებლო ნებართვის აღება“, განმარტავს რევაზ ბარბაქაძე, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი.
სი-ბოტი ბიზნეს სექტორს აწვდის ინფორმაციას პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების შესახებ, რაც მათ შემდგომი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებასა და ბიზნესის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ინოვაცია იწყება აქ
2017 წლის ზაფხულში, საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქი რუსთავი ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ შეუერთდა. იმ მიზნით, რომ ქალაქს ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური ზრდისა თუ სამუშაო ადგილების შექმნისთვის შეეწყო ხელი, ინიციატივამ საჯარო მოხელეებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შექმნისკენ მოუწოდა. პარალელურად დაიწყო რუსთავის თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან ადგილობრივ დონეზე ინოვაციური მიდგომების განვითარების მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, რევაზ ბარბაქაძე, რუსთავის მერიის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების იმჟამინდელი ოფიცერი, ახალი ტიპის საჯარო მოხელეების გუნდის შექმნის იდეამ მოიცვა. ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე სამუშაოდ, მან რუტინულ სტანდარტებს მიღმა მოაზროვნე თანამშრომლების გაერთიანება გადაწყვიტა. ექვსმა თანამშრომელმა ენთუზიაზმით გადაწყვიტა, იდეის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.
”ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე მენტორინგი, ექსპერტების ჩართულობა, ცოდნის გაზიარების სესიები და ღონისძიებები ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ეს ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვეხმარა, გამოგვეკვეთა გამოსასწორებელი ხარვეზები, თუნდაც ქალაქში ბიზნესის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის თვალსაზრისით,” - იხსენებს რევაზ ბარბაქაძე.
გუნდმა რუსთავის ინოვაციების ჰაბის დაარსება გადაწყვიტა გაეროს განვითარების პროგრამის მიმდინარე ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობით. ჰაბი რუსთავის მერიის ინტეგრირებული ნაწილია, თუმცა მას უკეთესი წვდომა აქვს ფინანსებებზე ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მის ამჟამინდელ ასისტენტ რევაზ ბარბაქაძესა და სხვა თანამშრომლებთან ერთად, ჰაბის ერთ-ერთი დამფუძნებელია. საერთო თანამშრომლებთან ერთად, რუსთავის მერია და რუსთავის ინოვაციების ჰაბი ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, რითაც ხელს უწყობენ ქალაქის ეკონომიკის გაძლიერებას და, კერძო-საჯარო პარტნიორობის შედეგად, ბიზნეს სექტორის წახალისებას.
პირველი საჯარო მოხელე ხელოვნური ინტელექტით პანდემიის დროს გამოჩნდა
ქალაქ რუსთავის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნა კრეატიული გუნდის მთავარი ამოცანაა. დაახლოებით ერთი წლის წინ, გუნდის წევრები მოქნილი და მომხმარებლებზე ორიენტირებული ინოვაციების შექმნაზე მსჯელობდნენ. შეთანხმდნენ, რომ ადამიანები თუ ბიზნესები უდაოდ დიდ დროსა და რესურსს კარგავენ მერიაში მისვლით ისეთი სერვისის მისაღებად, რომლის დისტანციურად მიწოდებაც თავისუფლად შესაძლებელია. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მუნიციპალური სერვისების ონლაინ სისტემის შექმნის იდეის განხორციელება 2019 წლის ნოემბერში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო.
სი-ბოტი უკვე მზად იყო მარტში, როდესაც პანდემია დაიწყო.
„როცა მერიის ჩატბოტზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, მივხვდით, რომ მისი ცოდნა COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციით უნდა გაგვეჯერებინა და გამოვხმაურებოდით ისეთ საკითხებს, როგორიცაა დახმარების მიღების შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის და საქმიანობის გაგრძელებისთვის აუცილებელი რეკომენდაციები ბიზნესისთვის“, აღნიშნავს რევაზი.
საბოლოოდ, მრავალმხრივი მახასიათებლებისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე სი-ბოტი აპრილში ამუშავდა. ძალიან მალე, არაფორმალური საჯარო მოხელე რუსთაველების საყვარელ პლატფორმად იქცა. ადგილობრივი საჭიროებების უკეთ საპასუხოდ, ჩატბოტი მუდმივად ახლდება.
ადგილობრივ დონეზე შთაგონებული გადაწყვეტილებები ეკონომიკური ზრდისთვის
მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით, ბიზნესსექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მმართველობას შორის ეფექტური თანამშრომლობა ქალაქ რუსთავის უმთავრესი პრიორიტეტია. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში განხორციელებული გაცვლითი მისიით შთაგონებული რუსთავის მერია და რუსთავის ინოვაციების ჰაბი ხელს უწყობენ ინტერ-სექტორულ თანამშრომლობას და ქმნიან ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში კერძო-საჯარო დიალოგის სტიმულირებას.
ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს კონცეფცია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პოსტ-COVID-19-ის პერიოდში, როცა ბიზნესებისთვის ერთმანეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმოების ჯაჭვის შენარჩუნებისა და საქმიანობის გადარჩენისთვის.
”როგორც იდეების გაცვლის პლატფორმა, საბჭო უზრუნველყოფს, რომ, ბიზნესისა და საჯარო სექტორის გაერთიანებული რესურსებით მოიძებნოს ახალი საჭიროებების გადაჭრის გზები, თუნდაც კარანტინის შედეგად შეზღუდული ან უმნიშვნელო ფულადი რეზერვებით“, ამბობენ რუსთავის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივად შთაგონებული გადაწყვეტილებების მხარდამჭერი ბიზნესაქსელერატორის პროექტიც სულ მალე განხორციელდება. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მოეწყობა ტრენერებით, მენტორებითა და შესაბამისი აღჭურვილობით დაკომპლექტებული სამუშაო სივრცე, რომელიც ბიზნეს იდეების განვითარებას შეუწყობს ხელს. ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციების ჩართულობით, ახალგაზრდული მეწარმეობის ეკოსისტემა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ და დაფინანსებაც კი მოიპოვონ.