მზევინარ მამალაძისთვის ყველაფერი დასავლეთ საქართველოში, სოფელ იანეულში დაიწყო, კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც მან გადაწყვიტა ოჯახის შემოსავლის გაზრდის მიზნით ახალი საქმე წამოეწყო. მზევინარსა და მის მეუღლეს ილია ვაჩეიშვილს 14 წლის მეზობელმა ლაშა-გიორგი კუჭავამ მცირე ზომის მარწყვის სათბურის აშენების მოტივაცია მისცა.
ობლობის პენსიით მიღებული მცირე დანაზოგით, რომელიც 1000 ლარს შეადგენდა, გიორგიმ სადემონსტრაციო მარწყვის სათბური დამოუკიდებლად გამართა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი, მარწყვის ნერგებთან ერთად, ვაჩეიშვილების ოჯახს გაუზიარა.
სწავლა შეცდომებზე
მამალაძეს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ბაღის აღმზრდელად მუშაობდა, არ გააჩნდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ 100 კვადრატული მეტრის სათბური მაქსიმალურად ეფექტურად გამოეყენებინა.
„მარწყვს სჭირდება მოვლის სპეციფიკური ტექნიკა, რომლის შესახებაც თავიდან არაფერი ვიცოდი, ამიტომ გზად უამრავი შეცდომა დავუშვი“, - ამბობს მამალაძე. „სათბურის მართვა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის“.
ყოველთვის, როცა მამალაძე მარწყვის ნერგების მოვლის საშუალებებს ყიდულობდა, რჩევას მაღაზიის გამყიდველს ეკითხებოდა. მას შემდეგ, რაც ისწავლა მარწყვის სწორად მოვლა და არჩევანი „ალბიონის“ ჯიშის ნერგებზე შეაჩერა, მისი მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარწყვის გაყიდვა მან პირდაპირ სახლიდან დაიწყო. ასევე ამარაგებდა ორ ადგილობრივ მაღაზიას ჩოხატაურში, სადაც მისი პროდუქტი სწრაფად იყიდებოდა.
სწორედ მაშინ მიხვდა, რომ დრო იყო მცირე მასშტაბის წარმოებიდან მდგრად, სათანადოდ აღჭურვილ სათბურზე გადასულიყო. თუმცა, ახალი სათბურის მშენებლობის დაფინანსება დამოუკიდებლად არ შეეძლო.
ხუთიდან - ათასამდე
პროექტი „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ, როგორც EU4Business-ის და EU4ITD-ის კომპონენტი. მას ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალები-ქალებისათვის“ ერთად. პროექტის დახმარებით მამალაძეს მარწყვის მეურნეობის ბიზნესის საგრძნობლად გაფართოების შესაძლებლობა მიეცა. მიღებული დაფინანსებით მან ახალი სათბური ააშენა, გათბობისა და გაგრილების სისტემით.
CESL პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს შემოსავლის წყაროები საქართველოს ოთხი რეგიონის (გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მცხოვრებთათვის, რათა შეამციროს მოსახლეობის მიგრაცია ამ ტერიტორიებიდან თბილისში და გაზარდოს რეგიონებში გადასვლის მოტივაცია.
მამალაძისთვის ახალი სათბური ნიშნავს, რომ მას შეუძლია მთელი წლის განმავლობაში მუდმივი მოსავალი ჰქონდეს, ასევე გაზარდოს და გაყიდოს ნერგები. განსაკუთრებით მზარდია შემოსავლი ზამთრის თვეებში, როცა მარწყვზე ფასი მკვეთრად იზრდება არასეზონურობის გამო.
მამალაძემ ახალი საქმიანობა სულ რაღაც ხუთი ნერგით დაიწყო, ახლა მას 1000-მდე ნერგი აქვს და თითოეული 800 გრამამდე მარწყვს იძლევა.
„ჩემი წარმოება გაორმაგდა“, - ამბობს მამალაძე. „ახლა ვაწარმოებ 800 კილომდე (0,8 ტონა) მარწყვს. ჩემს პროდუქტზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.“
ახალი სამეწარმეო შესაძლებლობები
მარწყვის მეურნეობამ მამალაძესა და მის ოჯახს დამატებითი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა მისცა. მათ დაიწყეს მარწყვზე დაფუძნებული პროდუქტების წარმოება, მათ შორის საკონდიტრო ნაწარმი, ჯემები და კომპოტი, ხილის სასმელები, რომლებიც დამზადებულია ოჯახური რეცეპტებით. ეს ყველაფერი მამალაძემ სხვადასხვა გამოფენებსა თუ ბაზრობებზე წარადგინა. გარდა ამისა, მეორე ხარისხის პროდუქციიდან ოჯახი ხდის მარწყვის არაყს, ამზადებენ მარწყვის ლიქიორს.
მარწყვის სათბური მამალაძის გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია: ის წლებია ოჯახისთვის ჩირს ამზადებს სახლში, მცირე დანადგარის გამოყენებით. სამომავლოდ, იმედოვნებს, რომ დააარსებს ჩირის მცირე საწარმოს, მაგრამ ამისათვის ობიექტის აშენება და საჭირო აღჭურვილობის შეძენაა საჭირო. გარდა ამისა, ატარებს ექსპერიმენტებს სათბურში სხვადასხვა მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანაზე და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.
„სათბურის მეურნეობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულ განაკვეთზე მუშაობ საბავშვო ბაღში“, - ამბობს ის.
”მაგრამ ჩემი ოჯახის თანადგომა საქმეს უფრო ამარტივებს.“