ყოველწლიურად საქართველოს მთიან რეგიონებში მოსახლეობა სულ უფრო მცირდება — ახალგაზრდები უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად ტოვებენ მშობლიურ ადგილებს და დიდ ქალაქებში, უფრო მეტად თბილისში, გადადიან საცხოვრებლად. ეს განპირობებულია სამუშაო ადგილების სიმცირით, მძიმე პირობებითა და სათანადო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით. ისინი კი ვინც სოფლებში რჩებიან, ცდილობენ დაბრკოლებებს გაუმკლავდნენ და ადგილობრივი ეკონომიკა შეინარჩუნონ.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, EU4Business-მა და გერმანიის მთავრობამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მეშვეობით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვისთან“ ერთად ერთობლივი პროექტი წამოიწყეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) – მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროების განვითარებას. პროექტი რეგიონებიდან თბილისში მიგრაციის შემცირებას და, პირიქით, რეგიონებში დასახლების მოტივაციის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ირმა ჩალაძე და მისი მეუღლე, ზაზა გიორგაძე ორი წლის წინ დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ რუსთავიდან, დასავლეთ საქართველოში, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ერკეთში გადასახლდნენ. ირმა ყოველთვის ოცნებობდა საკუთარი საქმე შეექმნა—რაღაც ისეთი, რაც არა მხოლოდ პირად სიამოვნებას მოუტანდა, არამედ სტაბილური შემოსავლის წყაროდაც იქცეოდა.
ირმას მეწარმეობის გზა შემთხვევით დაიწყო: ერთ დღეს ინტერნეტში სათბურს წააწყდა. ინტუიციით მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ის, რაც სჭირდებოდა, და დაუყოვნებლივ შეიძინა.
„თუმცა, სათბურის აწყობა, მოვლა და მართვა ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ინსტაგრამის ვიდეოებში ჩანდა,“ – იხსენებს ჩალაძე. ამ მიმართულებით ცოდნის მისაღებად დაესწრო უამრავ ტრენინგს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ონლაინ კურსებს.
საბოლოოდ, CESL პროექტის მხარდაჭერით, მან საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და მას „გურული ეზოს სათბური“ დაარქვა. ამ ეტაპზე ჩალაძეს სხვადასხვა სახის მწვანილი მოჰყავს და პროდუქტს ადგილობრივ მოვაჭრეებს აწვდის.
„სოფლის ცხოვრება მარტივი არ არის,“ – ამბობს ჩალაძე. „მაგრამ როცა ადამიანები გიჭერენ მხარს და გაძლევენ იმ ინსტრუმენტებს, რაც გაძლიერებისთვის გჭირდება, ხვდები, რომ უბრალოდ ვერ დანებდები. სოფლის ეკონომიკის გაძლიერება კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.“
სამომავლოდ, იმედოვნებს, რომ 50 კვადრატული მეტრის სათბურს გააფართოვებს და აგროტურიზმს განავითარებს. ცოტა ხნის წინ მან საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა, ადგილობრივი ღირშესანიშნაობები აჩვენა და პრაქტიკული ვორქშოფები ჩაუტარა—ასწავლა ხაჭაპურის მომზადება, ჩაის ფოთლების მოკრება და თექაზე მუშაობა. ამ გამოცდილებამ კი ირმა ჩალაძეს ახალი იდეა გაუჩინა: რა მოხდება, თუ სტუმრებს წლის ყველა სეზონზე მიიღებს?
„ვფიქრობ, ეს მთელი სოფლისთვის მომგებიანი იქნება,“ – ამბობს ის. „სოფელი ახლა თითქმის დაცარიელებულია – მეზობელი არ მყავს, ვისთანაც ვილაპარაკებ. იმედი მაქვს, ჩემი მაგალითი სხვა ადამიანებს შთააგონებს, დატოვონ ქალაქები და დაბრუნდნენ სოფლად.“
ზოგიერთი ახალგაზრდა უკვე ამ გზაზეა: სოფელ გორაბერეჟოულში, რომელიც ასევე გურიაში მდებარეობს, ახალგაზრდა წყვილი, ხათუნა ბერიძე და გიორგი ტყეშელიაძე,„ბაბას მარანში“ რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო ბიო ღვინოს ამზადებენ.
ტყეშელიაძეს მეღვინეობისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა, როცა მამას ვენახში მუშაობას აკვირდებოდა. იმ დროს ძალიან ახალგაზრდა იყო, რომ სრულად გაეგო ამ ხელობის სირთულე, თუმცა ვენახით გატაცება დღემდე გამოჰყვა.
„მას შემდეგ, რაც 2018 წელს ჩემი სიმამრი გარდაიცვალა, გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა მისი საყვარელი საქმე“, - იხსენებს ბერიძე. მან და მისმა მეუღლემ ნერგების მოყვანა და ვაზის დამყნობა ისწავლეს და ჩაერთნენ როგორც მევენახეობაში, ასევე მეღვინეობაში.
სულ მალე წყვილმა ორგანული ღვინოების წარმოება დაიწყო. მათ ასევე გააშენეს გორული მწვანე და ჯანი-სხილათუბანი — ორი უძველესი ქართული ვაზის ჯიში, რომელსაც საუკუნეების ისტორია აქვს. მათი მოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა, და მალევე ბუნებრივი ღვინის ასოციაციას შეუერთდნენ.
მეტი პროდუქტი უფრო მეტ შრომას გულისხმობდა, რასაც ოჯახი ხელით ასრულებდა და რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. მათი შესაძლებლობების გასაზრდელად, CESL პროექტის მხარდაჭერით, წყვილმა მეღვინეობისთვის საჭირო სრული ტექნიკური აღჭურვილობა შეიძინა.
ბერიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მათი ღვინოების ხარისხი გაუმჯობესდა. ახლა ისინი ყოველწლიურად დაახლოებით 1500 ბოთლს აწარმოებენ, რომლებსაც ადგილობრივ მარკეტებში, სასტუმროებსა და ონლაინ მაღაზიებში ყიდიან. სამომავლოდ მათი ძირითადი მიზანი ევროკავშირში გაფართოებაა, სადაც ქართულ ღვინოზე უკვე დიდი მოთხოვნაა.