
ორი წლის წინ, მელექედურში — გურიის თვალწარმტაც სოფელში — 38 წლის თეა ცხომელიძემ უნიკალური შესაძლებლობა აღმოაჩინა. მოცვზე მოთხოვნის ზრდამ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მას უბიძგა, საკუთარი პატარა ნაკვეთისგან უფრო მასშტაბური მეურნეობის შექმნაზე ეფიქრა.
დღეს თეა სიამაყით უვლის აყვავებულ ინტენსიურ მოცვის ბაღს.
„ეს საქმე პირველივე დღიდან შემიყვარდა და ძალიან დიდი მონდომებით მოვეკიდე“, - იხსენებს ის ღიმილით.
თავიდანვე თეას მიდგომა სცილდებოდა ტრადიციული სოფლის მეურნეობის ჩარჩოებს. მან გადაწყვიტა, რომ მიწა იდეალური იყო ინტენსიური მოცვის ბაღის გასაშნებლად. ამ მეთოდის მიხედვით ნერგები ქოთნებში ირგვება, რაც თავიდან უფრო შრომატევადია, თუმცა მოყვანის პროცესს ამარტივებს და უფრო მაღალი მოსავალიც მოაქვს. ქოთნები მცენარეს მეტ მზის შუქს აძლევს, ხოლო საკვები ნივთიერებები ნიადაგში უფრო კონცენტრირებულად ნარჩუნდება. ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ ამ სისტემით თეამ შეძლო ერთ ჰექტარზე იმდენი ნერგის განთავსება, რამდენიც ტრადიციულად სამ ჰექტარს ესაჭიროებოდა.
თუ მოცვის ტრადიციული ბაღები ნაყოფს სამ წელიწადში იძლევა, თეას ინოვაციურმა ბაღმა პირველი მოსავალი უკვე პირველივე წელს გამოიღო.
თუმცა წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ ყოფილა. დაფინანსება მთავარ დაბრკოლებად იქცა. „საქართველოს ბანკის“ პროგრამის მეშვეობით 23 000 ევროს ოდენობის სესხი აიღო და პირველი 1500 ნერგი დარგო. მიუხედავად ამისა, ავტომატური სარწყავი სისტემის არარსებობის გამო, ყველა მცენარის მორწყვა ხელით უწევდა.
„ვათენდი და ვაღამებდი მოცვთან ერთად, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ნერგებს წყლის საჭირო რაოდენობა ჰქონდათ“, - ამბობს ის. „ნიადაგის მჟავიანობისა და მარილიანობის შესამოწმებლად ხელის ტესტერებს ვიყენებდი. ეს რთული იყო, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი მქონდა და მზად ვიყავი, გარკვეული დროით გავმკლავებოდი სირთულეებს“.
სწორედ მაშინ ჩაერთო EU4Business მისი ბიზნესის მხარდასაჭერად.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანეგურია - ადგილობრივიდემოკრატიისადასოფლისგანვითარებისმხარდაჭერაინკლუზიურიდამდგრადიმწვანეზრდისთვის“ (ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში) მეშვეობით, თეამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. პროექტი, რომელსაც CENN ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და KEDA-ს ადგილობრივი მოქმედების ჯგუფთან პარტნიორობით ახორციელებს, ხელს უწყობს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას გურიის სოფლებში. პროექტის მიზანია მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება და ის შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას — განსაკუთრებით ქალებს, ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებს — აქტიურად ჩაერთონ კლიმატისადმი მდგრადი მომავლის შექმნაში.
მიღებული მხარდაჭერის შედეგად, თეამ შეძლო ავტომატური სარწყავი სისტემის მონტაჟი, ჭკვიანი მონიტორინგის ხელსაწყოების დანერგვა, რომლებიც მობილურ აპლიკაციასთან არის დაკავშირებული, და ბაღში დამატებით 1500 ნერგის გაშენება.
„ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ დაფინანსებას მივიღებდი — ეს მომენტი დღემდე მახსოვს,“ — იხსენებს თეა. „ტექნოლოგიურმა სიახლეებმა არა მხოლოდ შრომა გამიმარტივა, არამედ მოცვის ხარისხიც საგრძნობლად გააუმჯობესა.“
ახლა მას მზერა მომავლისკენ აქვს მიმართული.
მისი შემდეგი მიზანია სათბურის აშენება, რომელიც მის მოსავალს ექსტრემალური ამინდისგან დაიცავს და დაეხმარება მოცვის ევროკავშირში ექსპორტი დაიწყოს.
„ეს მხარდაჭერა იმედს მაძლევს, რომ ჩემს მიზნებს უფრო ადრე მივაღწევ, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა“, - ამბობს ის.