ნატა კვაჭანტირაძემ პირველი ნაბიჯები ტურიზმის სექტორში 25 წლის წინ გადადგა, როდესაც საკუთარი ტურისტული კომპანია დააარსა. დღეს ის ხელმძღვანელობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციას, რომელიც კერძო ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს, ღვინის კომპანიებს, სატრანსპორტო ფირმებს, ავიახაზებსა და პროფესიული განათლების კოლეჯებს აერთიანებს. ერთობლივად ეს კომპანიები ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას უწყობენ ხელს.
ბოლო წლებში საქართველო სულ უფრო მეტად იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში ცხადყოფს, რომ 2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4,1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მიუხედავად ამ წარმატებისა, ბევრ ტურისტულ კომპანიას მზარდი ბაზრის სრული კაპიტალიზაციისთვის გამოცდილება ჯერ კიდევ აკლია.
„საქართველოს სოფლებში უამრავი ადამიანი ფლობს საოჯახო სასტუმროს და მათ ხშირად ქალები მართავენ“, - ამბობს კვაჭანტირაძე. „თუმცა, მფლობელებს ხანდახან არ აქვთ ისეთი უნარები, როგორიცაა ციფრული მარკეტინგი, რათა ბიზნესი ეფექტურად განავითარონ. არადა ეს გადამწყვეტია განვითარებისა და წარმატებისთვის დღევანდელ მსოფლიოში“.
სწორედ ამიტომ, ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანია ისეთი ტრენინგებისა და ინიციატივების წამოწყება, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლების უნარებისა და შესაძლებლობების ამაღლებას. ამაში კომპანიებს EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) პროექტი ეხმარება, რომელსაც ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაცია (Eurochambres) ახორციელებს.
პროექტის მხარდაჭერით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სასწავლო ვიზიტებში მიიღეს მონაწილეობა. გასულ წელს ისინი ესპანეთს, კერძოდ მადრიდს ესტუმრნენ, სადაც ესპანეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ბიზნესის მხარდაჭერის ადგილობრივ ორგანიზაციებთან ტურიზმის განვითარების სხვადასხვა კომპონენტებზე ისაუბრეს.
ისინი ასევე გაემგზავრნენ უნგრეთში და ნახეს როგორ ვითარდება ღვინის ტურიზმი პეჩის რეგიონში. ხოლო 2024 წელს, ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ ტალინს, ესტონეთს, და სტარტაპებზე ორიენტირებულ ღონისძიებას Latitude 59-ს დაესწრნენ.
„მთავარი ისაა, რომ ყოველი სასწავლო ვიზიტის ან მოგზაურობის შემდეგ, ჩემს შეხედულებებს ვუზიარებდი ასოციაციის წევრებს“, - ამბობს კვაჭანტირაძე. „ეს გამოცდილება შევიძინე არა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიის კომპანიებთან ურთიერთობით, არამედ სხვა სექტორული ასოციაციებიდანაც. ჩვენ ყველას გვაქვს მრავალფეროვანი გამოცდილება ორგანიზაციულ განვითარებაში, წევრებთან ურთიერთობაში, ადვოკატირებასა და სერვისების განვითარებაში. ასე რომ, ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტია, თავიანთი თანამშრომლობა ეროვნულ საზღვრებს მიღმაც გააფართოვონ“.
„ტურიზმის ასოციაციის წარმატება ეფუძნება გამოცდილების გაცვლას საერთაშორისო დონეზე. ამიტომ ყოველი სასწავლო ვიზიტი ან ყოველი შეხვედრა, რომელიც ტარდება EU4BCC-ის პროექტის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
ყველა ვიზიტის შემდგომ კვაჭანტირაძე და მისი კოლეგები ტურიზმის ასოციაციაში ისეთი ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე ფიქრობნდნენ, რომლებიც სარგებელს მოუტანს ასოციაციის წევრებს. გასულ წელს მათ დააარსეს ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტი და წევრების ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად სასწავლო პროგრამაც შეიმუშავეს.
მიმდინარე წლის 18-დან 22 მარტამდე, EU4BCC პროექტმა უმასპინძლა ღონისძიებას ღია კარის მობილობა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ბრიუსელში. სასწავლო ვიზიტში ჩართული იყო 28 მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. მათ შორის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთნენ სანაცნობო ქსელის განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში, მათ შორის იყო კონფერენცია ევროკავშირის გაფართოების შესახებ და ვიზიტები ბრიუსელში დაფუძნებულ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებას წარმოადგენდა პოლიტიკის ტრენინგი, რომელიც ორგანიზებული იყო Eurochambres-ის პოლიტიკის ჯგუფის მიერ DG Near-ის წარმომადგენლებთან და ჩეხეთისა და ესპანეთის დელეგატებთან თანამშრომლობით. მონაწილეებს გააცნეს ევროკავშირის პოლიტიკის პრიორიტეტების სიღრმისეული ხედვა, განსაკუთრებული აქცენტით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, ეკონომიკურ საკითხებსა და ევროკავშირის მწვანე შეთანხმებაზე. ვიზიტი ასევე მიზნად ისახავდა ადვოკატირების უნარ-ჩვევების გაღრმავებას და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესების უკეთ გაგებას.
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, ამიტომ მისთვის ადვოკატირების კომპონენტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. EU4BCC პროექტის ფარგლებში სასწავლო ვიზიტზე შეძენილი გამოცდილების გამოყენებით, ასოციაციამ დიდი წვლილი შეიტანა ახალი ტურიზმის კანონის ჩამოყალიბებაში, რათა გააუმჯობესოს საქართველოში ორგანიზებული ტურისტული საქმიანობის არსებული და დაგეგმილი რეგულაციების ეფექტურობა.
„მოუთმენლად ველოდები ამ პროექტიდან მიღებული გამოცდილების გამოყენებას სწორედ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს“, - ამბობს კვაჭანტირაძე.