FAO ქართულ სანერგეს სწრაფად განვითარებაში ეხმარება

საქართველო
FAO ქართულ სანერგეს სწრაფად განვითარებაში ეხმარება

ოთხი წლის წინ პაატა მახათაძემ გადაწყვიტა გაეცოცხლებინა საბჭოთა პერიოდის სანერგე მეურნეობა, რომელიც ოდესღაც წელიწადში მილიონობით ნერგს აწარმოებდა. ბიზნეს პარტნიორთან, ზურაბ ღვინიაშვილთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მამის დატოვებული დანადგარებით დაიწყო. მათ ერთობლივად აღადგინეს სანერგე და ქართული ყურძნის ენდემური ჯიშების გამოყვანა დაიწყეს. მახათაძის მეურნეობამ ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით და EU4Business-ის ინიციატივით დახმარება მიიღო.

ქართული გენოფონდი

თავდაპირველად პაატა მახათაძეს სურდა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ყურძნის ჯიშები გაემრავლებინა. საქართველოს ხომ „ღვინის აკვანსაც“ უწოდებენ. ქართული მეღვინეობის ტრადიციები კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წლით თარიღდება. ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასობით წლისაა.

„ვცდილობდით, ისეთი ჯიშები გამოგვეყვანა, რომლებიც გადაშენების პირასაა,“ გვიხსნის მახათაძე. „ასევე გვინდოდა გვეზრუნა იმაზე, რომ როდესაც გლეხი ცოლიკოურის ნერგს ყიდულობს, ეს იყოს ნამდვილად ცოლიკოური და არა სხვადასხვა ჯიშების ნაზავი. დიდი ხნის განმავლობაში გლეხებმა არ იცოდნენ, რეალურად რას ყიდულობდნენ.“

საქართველოში ღვინის სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივად წარმოებული ნერგების დაბალი ხარისხი. თუმცა მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. 2018 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით FAO ხელს უწყობს საქართველოში ნერგების სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროცესს. 2024 წლიდან, ადგილობრივად წარმოებული ყველა ნერგი უნდა იყოს სერტიფიცირებული, იმისთვის, რომ მწარმოებლებმა მათი გაყიდვა შეძლონ. თუ გვსურს, რომ ამ სტანდარტებს მივაღწიოთ, საჭიროა შეიცვალოს კერძო სანერგეების მუშაობის პრინციპები. 

წინ გადადგმული ნაბიჯი 

მახათაძემ და ღვინიაშვილმა სანერგეს ტერიტორიაზე თავისი ძალებით ააშენეს მცირე ზომის ნაგებობა და 10-15 ადგილობრივიც დაასაქმეს. დროთა განმავლობაში გაფართოვდნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ახალი სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული ნერგების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური ცოდნა არ ჰქონდათ. 

FAO-ს მხარდაჭერით მათ ისწავლეს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი ჯიშების გენეტიკური სისუფთავე და ნერგების ფიტოსანიტარიული სტატუსი. ასევე გაიარეს ტრენინგი მინიმალური სტანდარტების დანერგვის შესახებ და მიიღეს 500 სერტიფიცირებული საძირე, რომელთა გამრავლებასაც უკვე თავად შეძლებენ. 

მახათაძემ და ღვინიაშვილმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ პრიორიტეტს ხარისხსა და კლიენტების კმაყოფილებას მიანიჭებდნენ. 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ და ყველა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. „ხალხი უფრო სერიოზულად გვიყურებს“, - ამბობს მახათაძე. სანერგეს წარმოება პირველ დღეებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. თუ თავიდან წელიწადში დაახლოებით 80 000 ნერგს იღებდნენ, წელს 300 000-ზე მეტს ელოდებიან. მეტი წარმოება უფრო მეტი მუშახელის საჭიროებას ქმნის. სანერგეში ახლა დასაქმებულია 35-40 სეზონური თანამშრომელი, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, ახლომდებარე სოფლებიდან.

„ევროკავშირი და FAO ჩვენს გვერდით დგანან, რათა მივაღწიოთ იმას, რაც აუცილებელია სერტიფიცირებული სანერგეს არსებობისთვის“, განმარტავს მახათაძე. ”ჩვენ ვისმენთ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს ყოველ ნაბიჯზე და ეს გვაახლოებს ჩვენს მიზნებთან.”

ადგილობრივად წარმოებული ნერგების ხარისხი საქართველოს ღვინის სექტორისთვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა, იმდენად, რომ ხშირად ყურძნის მწარმოებლები იძულებული არიან  ქართული ენდემური ჯიშების ნერგები უცხოეთიდან შემოიტანონ. 

„ევროკავშირთან ერთად ვზრუნავთ იმაზე, რომ შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა და სანერგეებმა მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილონ. რამდენიმე სანერგეს, მათ შორის მახათაძის მეურნეობის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ რომ 2024 წლისთვის საქართველოში ადგილობრივად წარმოებული და გაყიდული ნერგები მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს,“ ამბობს ხავიერ სანზ ალვარესი, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი. 

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ეხმარება ქართველ მეწარმეებს განავითარონ კლასტერები და დაუკავშირდნენ ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებს მარკეტინგისა და ინოვაციების გასაძლიერებლად, საჯარო-კერძო დიალოგისა და ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად. ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს FAO და გაეროს სხვა სააგენტოები კერძო კომპანიებთან და ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობით. პროგრამა EU4Business-ის უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისთვის, რომელიც მხარს უჭერს მეწარმეებს, ეხმარება გააუმჯობესოს სამართლებრივი გარემო და აადვილებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე