„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მხარდაჭერით ქართველი მეწარმე ეკოლოგიური ღებვის ძველ ტრადიციას აცოცხლებს

საქართველო
„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მხარდაჭერით ქართველი მეწარმე ეკოლოგიური ღებვის ძველ ტრადიციას აცოცხლებს

კიკეთში, დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში, სამღებრო სახლი მდებარეობს. 

კარგად განათებულ თანამედროვე კოტეჯში ხის კედლები ქსოვილის ფერადი ნიმუშებითაა დაფარული. აქ უამრავ ფერს შეხვდებით - მუქი იასამნისფრით დაწყებული, თბილი ნარინჯისფრითა და ღია ვარდისფრით დამთავრებული. დასრულებული ქსოვილები პატარა ხის ტოტებზე კიდია, რომელიც კოტეჯის ინტერიერის ნაწილს წარმოადგენს.

სამღებრო სახლი ეკუთვნის ეკო-ტექსტილის სტარტაპს, „კავკასიის ფერებს“,  რომელსაც ნინო იოსელიანი უძღვება. კომპანია  საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) წევრია, რომელიც „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) პროექტის ფარგლებში შეიქმნა და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს GIZ, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ქვეშ ახორციელებს. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მხარდაჭერით, ინდუსტრიის კლასტერები ეხმარებიან მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ იმავე ინდუსტრიის წარმომადგენელ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობით უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ.

ძველი ტრადიცია, ახალი გზები

ნინო იოსელიანი წლების განმავლობაში ესპანეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში ახალი მიზნით დაბრუნდა: დაეარსებინა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც მოდის სფეროს განვითარებაშიც ჩაერთვებოდა. იმ პერიოდში ის აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზებაში და პარალელურად, საკუთარ მოდისა და მარკეტინგის კომპანიას ხელმძღვანელობდა.

როცა ვნახე როგორ მზადდებოდა ტანსაცმელი საქართველოში, მივხვდი, რომ  მიწოდების სრული ჯაჭვი არ არსებობს,“ ამბობს იოსელიანი.

დიზაინერებს ქსოვილების საზღვარგარეთ შეძენა უწევდათ, შემდეგ საქართველოში უნდა ჩამოეტანათ, ტანსაცმელი აქ შეეკერათ და კოლექციები გაეყიდათ, - განმარტა იოსელიანმა და აღნიშნა, რომ  საქართველოში ქსოვილებს არ ამზადებენ.

იმავდროულად, მას ხშირად ესმოდა, რომ საერთაშორისო მყიდველები საქართველოსგან განსხვავებულ, უნიკალურ პროდუქციას ელოდნენ, რადგან ქვეყანა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს წარმოადგენს. ამ ყველაფრის შემდეგ იოსელიანმა დაიწყო ფიქრი ისეთი ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე, რომელიც გაიყიდებოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

შექმენი ადგილობრივად, იყავი გლობალური (Do local, be global)“, მან ცნობილი გამონათქვამი გაიხსენა. მას შემდეგ, რაც იოსელიანმა საკითხის კვლევა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ქართველები ბამბასა და აბრეშუმს ისეთი ბუნებრივი ინგრედიენტებით ღებავდნენ, როგორიცაა მინერალები და მცენარეები. მოგვიანებით, ქიმიური საღებავების შემოსვლასთან ერთად, ეს ძველი ტრადიციაც დაიკარგა. მანამ, სანამ ნინო იოსელიანმა ქართული ღებვის რეცეპტების განახლება და კავკასიური ფერების უნიკალური ბუნებრივი პალიტრის შექმნა არ გადაწყვიტა. უძველეს ცოდნაზე დაფუძნებით მან ეკოლოგიური ღებვის ტრადიცია გააცოცხლა.

თუმცა ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდა.

გამოცდილი პარტნიორების ძიებაში იოსელიანი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც მთაში მცხოვრებ ხანდაზმულ წყვილს მიაგნო. ისინი 20 წელზე მეტ ხანს სწავლობდნენ ეკოლოგიური ღებვის ტექნიკებს, შედეგად კი ძველი ტექნოლოგიები განაახლეს და მეცნიერულ პროცესად გარდაქმნეს. იოსელიანის უძველესი ქართული რეცეპტებისა და წყვილის საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების შერწყმით, მათ ქსოვილების შეღებვა დაიწყეს. ეს პირველი ექსპერიმენტები მოგვიანებით წარმატებული ბიზნესის საწყისად იქცა.

მაგრამ ეს ერთ დღეში არ მომხდარა. იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს მქონდა, კომპანია კი ხუთი წლის შემდეგ შევქმენი“, - განმარტა იოსელიანმა.

მას შემდეგ კომპანიამ კიკეთში გახსნა სამღებრო სახლი, სადაც იოსელიანი და მისი გუნდის წევრები კავკასიის ენდემური მცენარეებითა და მინერალებით ბამბას, აბრეშუმსა და ტილოს ხელით ღებავენ. გამოყენებულ მცენარეთა უმეტესობას სამკურნალო თვისებები აქვს და ქსოვილის  ბოჭკოებს მბზინვარე ფერს აძლევს.

თითოეულ ფერს სხვადასხვა მცენარისგან ვიღებთ და ქსოვილის დასამუშავებლად სხვადასხვა ტექნიკას ვიყენებთ“, - განაცხადა იოსელიანმა. „ვიყენებთ მეცნიერულ მეთოდს, რომელიც გულისხმობს მჟავიანობისა და ტემპერატურის გაზომვას. შედეგად, როგორც კი მივიღებთ ფერს, ჩვენ შეგვიძლია მისი ხელახლა შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობისას. ისინი თავად გეუბნებიან, რა ფერი უნდათ და სწორედ ეს უნდა მიიღო შეღებვის შემდეგ“.

თავდაპირველად, კომპანიის თანამშრომლები მხოლოდ აბრეშუმს ღებავდნენ და სხვა ქსოვილებთან მუშაობა არ იცოდნენ. მაგრამ იოსელიანს უფრო დიდი გეგმები ჰქონდა და, საბედნიეროდ, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ და GAFA მზად იყვნენ მხარდაჭერისთვის. მას შემდეგ, რაც იოსელიანმა ესპანეთში ტრენინგი გაიარა, მისმა კომპანიამ ბამბაზეც დაიწყო მუშაობა.

ჩვენი კომპანია განვითარდა, რადგან დღეს ვღებავთ ბამბას, აბრეშუმსა და ტილოს და ეს შესაძლებელი გახდა EU4Business-ის და GIZ-ის მხარდაჭერით,” - თქვა მან.

მოგვიანებით „კავკასიის ფერებმა“ სხვადასხვა დიზაინერებთან ითანამშრომლა. მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდი „ინგოროყვა“, რომელთან ერთადაც იოსელიანმა ეკო-მეგობრული კაფსულის კოლექცია პარიზში, TRANOÏ-ის გამოფენაზე, მდგრადი მოდის სექციაში წარადგინა.

„GAFA- და EU4Business-ის მხარდაჭერით ჩვენი კოლექციები ევროპას გავაცანით,“ - თქვა იოსელიანმა და აღნიშნა, რომ ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობით შექმნილი სამოსი დღეს ევროპაში, აშშ-სა და კანადაში იყიდება.

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას 30 წევრი ჰყავს, რომლებიც წარმოადგენენ ტექსტილის მწარმოებლებს, მოდის დიზაინერებს, ტანსაცმლის ქარხნებს და მათ მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. GAFA მიზნად ისახავს წარმოადგინოს და ხელი შეუწყოს ქართული ტანსაცმლისა და მოდის კომპანიებს, გაზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე უზრუნველყოს ტანსაცმლის მწარმოებლები, დამოუკიდებელი ბრენდები და დიზაინერები იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, იყვნენ ყველაზე კონკურენტუნარიანი მდგრადი წარმოების, პროდუქტის ხარისხის, მოდის დიზაინის, გამოცდილი შრომისა და საერთაშორისო ბრენდინგის კუთხით.

ცოდნა როგორც მამოძრავებელი ძალა

მოდის სფერო გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს, ტონობით ქიმიკატები მდინარეებში, ზღვებსა და ოკეანეებში იღვრება. წლების განმავლობაში ნინო იოსელიანი მდგრად მოდას ემხრობოდა და მოგვიანებით მისი მოსაზრებები უკვე მისივე კომპანიის მისიაში აისახა.

თავიდანვე ჩემი მიზანი იყო შემექმნა ისეთი სისტემა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ინდუსტრიულ დანადგარებზე. ამის ნაცვლად, გამოვიყენებდით ადამიანურ რესურსს და ადამიანებში გავაკეთებდით ინვესტიციას“, - განმარტა მან. დიახ, ქსოვილი თავისთავად შეიძლება იყოს კარგი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ შეღებვის პროცესი ასევე მდგრადი ყოფილიყო.”

იოსელიანისთვის ადამიანებში ინვესტიციის იდეა თბილისში სასწავლო ცენტრის გახსნას გულისხმობს, სადაც სტუდენტები ეკოლოგიური ღებვის ტექნიკას ისწავლიან. სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიებს, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა მომავალმა პროფესიონალებმა სწავლის დასრულების შემდეგ სწრაფად შეძლონ მუშაობის დაწყება.

„შემდეგ შეუძლიათ რეგიონებში წავიდნენ და ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ“, – განაცხადა იოსელიანმა და აღნიშნა, რომ კიკეთის სამღებრო სახლი მხოლოდ დასაწყისია. მას სურს ასეთი შენობები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნას და  ეკოლოგიური ღებვის სფერო კიდევ უფრო განავითაროს. პროექტის მიზანია ქალების ჩართულობა და ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნა.

„თუ სამუშაო ადგილზე ერთ ადამიანს ასწავლი, ცენტრში შეგიძლია ხუთს მისცე განათლება“, - თქვა მან. „როდესაც ახალი სფეროს განვითარებას გეგმავ, მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანი განათლებით დაიწყო. სხვა შემთხვევაში, წარმატებას ვერ მიაღწევ“.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
reject_all
accept_all