გიორგი მამალაძე სულ რაღაც 15 წლის იყო, როცა ჩოხატაურში, მამასთან ერთად მეფუტკრეობა დაიწყო. მას შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, თუმცა იგი კვლავ დიდი სიყვარულითა და შემართებით აგრძელებს ოჯახურ ტრადიციას.
„ბავშვი ვიყავი როცა დავიწყე,“ იხსენებს მამალაძე და გვიყვება, როგორ გაზარდა ფუტკრების ოჯახების რაოდენობა 70-დან 500-მდე.
მისი თაფლი უკვე მრავალი წელია ადგილობრივების საყვარელ პროდუქტად ითვლება. თუმცა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მან გააცნობიერა, რომ ფეხის ასაწყობად აუცილებელი იყო თანამედროვე ტექნიკა და განახლებული მეთოდების დანერგვა.
საბედნიეროდ, მამალაძემ მიიღო გრანტი პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის მიერ.
პროექტის მიზანია საკვების უსაფრთხოების პრაქტიკის გაუმჯობესება რძის პროდუქტებისა და მეფუტკრეობის სექტორებში; საკვების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის გამკაცრება; დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად. ასევე მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება საკვების უსაფრთხოების რეგულაციებსა და მომხმარებლის უფლებებზე.
პროექტის ფარგლებში და EU4Business ინიციატივის ფარგლებში ბენეფიციარებმა აამოქმედეს Geo GAP — სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ხილი და ბოსტნეული) ძირითადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტი. ამ ფარგლებში, მამალაძემ თავის საქმიანობაში დანერგა საერთაშორისო საკვების უსაფრთხოების და წარმოების სტანდარტები, მათ შორის GeoGAP და HACCP. გრანტის დახმარებით მან ასევე შეიძინა თანამედროვე წარმოების აღჭურვილობა.
თაფლის საწური იყენებს ცენტრიდანულ ძალას თაფლის ფიჭიდან გამოსაყოფად, თუმცა თავდაპირველად ის უნდა გაიფილტროს ფუტკრის ნარჩენების მოსაშორებლად. თავიდან მამალაძე ადგილობრივების დახმარებით ამას ხელით აკეთებდა. ახლა, სპეციალურმა დანადგარმა 3–4 ადამიანის შრომა ჩაანაცვლა. მამალაძემ ჰომოგენიზატორიც შეიძინა, რომელიც თაფლის თითოეულ პარტიაში გლუვ, თანაბარ კონსისტენციას უზრუნველყოფს.
„ამ სტანდარტების და ახალი ტექნიკის დანერგვამ მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოების პროცესი,“ განმარტავს მამალაძე. „მოწინავე ტექნოლოგია უზრუნველყოფს პროდუქტის მუდმივ ხარისხს, რაც გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს ყოველ ჯერზე ერთნაირად გემრიელი თაფლი მივაწოდოთ.“
წარსულში მამალაძე წელიწადში დაახლოებით 10 ტონამდე თაფლს აწარმოებდა. გაუმჯობესებული აღჭურვილობის წყალობით, მან წარმოება 20 ტონამდე გააორმაგა. ამ ეტაპზე კი ექსპორტზე გასვლას ისახავს მიზნად.
„ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა,“ — ამბობს ის. „კარგი ტექნიკა, მაღალი სტანდარტების წარმოება და უგემრიელესი თაფლი.“
მამალაძის მეფუტკრეობის მეურნეობა რეგიონში სხვა ფერმერებისთვის სანიმუშო მაგალითად იქცა. იგი ყოველთვის სიხარულით იღებს სტუმრებს — იქნება ეს დამწყები თუ გამოცდილი მეფუტკრე — ყველა, ვისაც სურს მეტი გაიგოს და საკუთარი თვალით ნახოს წარმოების პროცესი.