ცხინვალიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბროწლეთი, სადაც ხეხილის ბაღებია გაშენებული და ვაშლის, ქლიავისა და ატმის ხეები ხარობს. ცხინვალსა და ბაღებს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზია - მავთულხლართები, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2008 წლის ომის შემდეგ გააბეს.
ხეხილის ბაღები ორ კომპანიას ეკუთვნის: შპს Garnet ტერიტორიას უვლის, ხოლო შპს ADGI პროდუქციას სპეციალურ საწყობში ინახავს. ამ კომპანიების დირექტორი გოჩა ღვინიაშვილია, ხოლო ერთ-ერთი დამფუძნებელი - ტარას ნიჟარაძე, რომელიც 1990 წლიდან ბიზნესის სექტორში მუშაობს. წლების განმავლობაში ის უძღვებოდა კერძო კომპანიებს საბანკო, ტურიზმის, ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკის, ახლა კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
რამდენიმე წლის წინ ნიჟარაძემ დააარსა კომპანია, რომელმაც ძველი სტილით გაშენებული ვაშლის ბაღი შეიძინა. იქ დარგვის სიმჭიდროვე, მორწყვის სისტემა და კულტივირების სხვა მახასიათებლები რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელი მეთოდებისგან. თუმცა ყველაფერი სულ მალე შეიცვალა.
„მივხვდით, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ ძველი სტილის ვაშლის ბაღში, გუშინდელი დღე იყო“, - ამბობს ნიჟარაძე.
„იმდენად მოძველებული იყო, რომ მის განახლებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, ვიყიდეთ მიწა და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა უფრო თანამედროვე, „ნაყოფიერი“ ბაღი“.
ბაღში პირველი ნერგები 2015 წელს დარგეს და მას შემდეგ აქტიურად მუშაობენ. დღეს ტარას ნიჟარაძეს და მის თანადამფუძნებლებს აქვთ მჭიდროდ გაშენებული ბაღი, სადაც ხეები ერთმანეთისგან სულ რაღაც 80 სანტიმეტრითაა დაშორებული. ისინი ირწყვება წვეთოვანი სარწყავი სისტემით, ხოლო ტერიტორიის ნაწილი დაფარულია სეტყვის საწინააღმდეგო ბადით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები დაახლოებით 800 ჰექტარ მიწას ფლობენ, ხეხილის ბაღებისთვის მხოლოდ 45 ჰა-ზე მეტს იყენებენ, რადგან სოფლის მეურნეობის ეს მიმართულება დიდ ფინანსებსა და ადამიანურ შრომას მოითხოვს. ახალი ვაშლის ბაღი კი 12 ჰექტარზეა გაშენებული.
სულ მალე გუნდი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წააწყდა - თანამედროვე აღჭურვილობის გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო ხილის მოსავლის აღება და პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამიტომ ნიჟარაძემ გამოსავლის ძიება საზღვარგარეთ დაიწყო და საჭირო ტექნიკას იტალიაში მიაგნო.
„როდესაც პირველად წავედი იტალიაში, ძალიან გამიკვირდა, როგორ ტექნოლოგიასაც იყენებდნენ“, - ამბობს ნიჟარაძე. ”აღმოვაჩინე, რომ ნამდვილად არ ვიცოდი ბევრი რამ იმ ბიზნესის შესახებ, რომელშიც ჩართული ვიყავი.”
„იმისთვის, რომ მოსავლის აღების მთელი პროცესი სწორად წარიმართოს, საჭიროა ახალი და მოწინავე დანადგარების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფუჭად დახარჯავთ დროსა და ენერგიას. შეიძლება კარგი მოსავალი გქონდეთ, მაგრამ პროდუქტი გაგიფუჭდებათ, თუ მას არასწორი ტიპის ყუთებში მოათავსებთ“.
ნიჟარაძე ამბობს, რომ მოსავლის აღების და ხილის კრეფისთვის საჭირო აღჭურვილობა სჭირდებოდათ, ხილის შესანახი ყუთები და სპეციალური ურიკები მათ გადასაადგილებლად - ასევე მანქანა, რომელიც ვაშლებს სპეციალურ კონტეინერებში ჩადებდა და შემდეგ ამოიღებდა.
„დიდი რისკია, თუ ამ ყველაფერს ადამიანი აკეთებს, რადგან შესაძლებელია უბრალოდ დაიღალოს და შეცდომები დაუშვას“, - განმარტავს ნიჟარაძე. "შეიძლება მხოლოდ ერთი ვაშლი ჩააგდო ყუთში სიმაღლიდან, მაგრამ ის დალპება და მთელ ყუთს გააფუჭებს."
საბედნიეროდ შპს Garnet-მა და შპს ADGI-მ მიიღეს კრედიტი EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით - ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი ინიციატივით. ინიციატივა მიზნად ისახავს დაეხმაროს ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში და შესაძლებლობების გამოყენებაში DCFTA, საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომელიც 2014 წელს გაფორმდა და ძალაში შევიდა 2016 წელს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ჩადონ ინვესტიციები ახალ აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას.
საჭირო ფინანსებით კომპანიებმა პროდუქტის სატრანსპორტო ურიკები პოლონეთში შეიძინეს, ხოლო დახარისხებისთვის საჭირო დანადგარები - ნიდერლანდებში. ასევე ააგეს შენობა, სადაც ხილს ახარისხებენ და ცივ საცავში ინახავენ. მათ ასევე აქვთ წყლით სავსე სპეციალური აბაზანა, სადაც ვაშლით სავსე ყუთების დაცლაა შესაძლებელი, ნაყოფი კი ზედაპირზე დაუზიანებლად მიცურავს. იმავდროულად, დახარისხების აპარატზე განთავსებული კამერა განსაზღვრავს თითოეული ვაშლის ზომასა და ფერს და შესაბამისად ათავსებს მათ თაროებზე.
„ამ ტექნიკის გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა წარმოების პროცესი“, - ამბობს ნიჟარაძე. „იმავე სამუშაოს შესასრულებლად მეტი ადამიანი და ენერგია დაგვეხარჯებოდა. საბოლოოდ კი ხილს მაინც ვერ შევინახავდით ხარისხიანად, კეთილმოწყობილი მაცივრის გარეშე. (გრანტის მიღებისას) ყველაფერი შეიცვალა - ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, შესაძლებლობები, პროდუქციის რაოდენობა და ხარისხიც.“
ყოველწლიურად კომპანიებს ყინვის გამო მოსავლის ნაწილის დაკარგვის რისკი ემუქრებათ. ნიჟარაძე ამბობს, რომ ძვირადღირებული სპეციალური ყინვაგამძლე აღჭურვილობის შეძენას ეკონომიკური თვალსაზრისით აზრი არ აქვს.
„შეიძლება იყიდო და მერე ხუთი წელი ყინვა არ იყოს. ფული არაფერში დახარჯე. და რა ფასად უნდა გაყიდო ვაშლი ამ ხარჯების დასაფარად?”
ტარას ნიჟარაძეს კონკრეტული სამომავლო გეგმები არ აქვს, მაგრამ აქვს რამდენიმე იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მისი კომპანიები განვითარდნენ. ერთ-ერთია მოწინავე A.I. მენეჯმენტის სისტემები, მიწაში ღრმად მოთავსებული სენსორებით, რომლებიც გვაწვდიან მონაცემებს ბაღის მდგომარეობის შესახებ, ტენიანობის, დაავადების ალბათობისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების ჩათვლით. შემდეგ აგრონომს შეუძლია დეტალური ანალიზი გააკეთოს, თუ რომელ მიწას აქვს პრობლემები და შესაძლოა მეტი სამუშაო დასჭირდეს.
ახლა, როდესაც მოსავლის აღების სამუშაო ციკლი დახვეწილია, ნიჟარაძეს სურს პროცესის მენეჯმენტის ოპტიმიზაციის გაუმჯობესება და შეუფერხებლად მომუშავე ოფისის ჩამოყალიბება. მაგრამ ამისთვის მას უფრო დიდი გუნდი სჭირდება. ამ დროისთვის, მის კომპანიებში სრულ განაკვეთზე ათამდე თანამშრომელი მუშაობს, ხოლო სეზონურად ახლომდებარე სოფლებიდან 50-მდე ადამიანი ჩამოდის. უმუშევრობა საქართველოს სოფლებში სერიოზულ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით საზღვართან ახლოს, რადგან აქ არ არსებობს საჭირო ინფრასტრუქტურა.
„რთულია, რადგან მუშახელის ნაკლებობაა“, - ამბობს ნიჟარაძე. „რამდენიმე ადგილობრივმა ახალგაზრდამ, რომლებიც ჩვენს ბაღებში მუშაობენ, გადაწყვიტეს სოფელში დარჩენა და ოჯახებთან ერთად აქ ცხოვრება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვასაქმებთ და რეგიონული დონის პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ“.
„თუმცა, სულ არაფერს მაინც ჯობია!“