ინოვაციური ქართული სტარტაპის Elven tech-ის უნიკალური მიდგომა და კოსმოსური მიზნები

საქართველო
ინოვაციური ქართული სტარტაპის Elven tech-ის უნიკალური მიდგომა და კოსმოსური მიზნები

„ამ იდეის ჩამოყალიბება ჩემმა ფიზიოლოგიამ განაპირობა, კერძოდ იმან, რომ ყოველთვის მცხელა და ეს სიცხე ძალიან შემაწუხებელია.“ მხრების აჩეჩვით ამბობს Elven Tech-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ვამეხ ხერხეულიძე.

სწორედ ზაფხულის ერთ ასეთ, ცხელ დღეს ვამეხს განსაკუთრებული იდეა მოუვიდა.

„მე მივხვდი, რომ ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს მას, ასეთ ამინდში აუტანლად სცხელა. ამიტომ ჩემს თავს ვუთხარი: რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს.“

თავიდან ყველაფერი მილებთან და გაგრილების სისტემებთან მუშაობით დაიწყო – როდესაც ის თავისი ძირითადი პროფესიით, ექიმობით არ იყო დაკავებული, თუმცა სულ მალე ეს ყველაფერი მის მუდმივ საქმიანობად იქცა. დღეს, Elven Tech-ი მეხანძრეებისთვის განკუთვნილ ინოვაციურ, ცეცხლგამძლე და მაღალტექნოლოგიურ დამცავ კოსტუმზე მუშაობს, რომელიც მეხანძრეებს არა მხოლოდ გრილად ყოფნაში დაეხმარება, არამედ მათ სიცოცხლესაც დაიცავს.

„ყველას ჰგონია, რომ მეხანძრეების სპეცტანსაცმელი ცეცხლგამძლეა – თუმცა რეალურად, მთელ მსოფლიოში მათ უნიფორმას დაცვის ძალიან დაბალი ხარისხი აქვს,“ ამბობს ხერხეულიძე. „ბაზარზე არსებული საუკეთესო სპეცტანსაცმელიც კი დაახლოებით 8 წამის შემდეგ შიგნიდან წვას იწყებს. ჩვენ ამ შედეგის გაუმჯობესება გვსურდა. ჩვენი გამოგონება ამჟამად არსებულ სახანძრო ეკიპირებაზე ხუთჯერ ხანგრძლივ დაცვას იძლევა, საუბარია 1100 გრადუს ცელსიუსზე, რაც მზის ტემპერატურის 20 პროცენტს შეადგენს.“

Elven Tech-ი „ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის“ (GAFA) წევრია, აღნიშნული ასოციაცია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. პროექტს „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ) ახორციელებს.

აღნიშნულ მხარდაჭერაში შედის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში (ტანსაცმლითა და მშენებლობით დაწყებული, ტურიზმით დამთავრებული) ბიზნესკლასტერების განვითარების ხელშეწყობა. სხვადასხვა დარგობრივი კლასტერი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს, რათა ისინი უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. ამავე დროს აღნიშნული კლასტერების მეშვეობით ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთმანეთისგან სწავლებაა შესაძლებელი. ამ პროცესში ჩართულები არიან ექსპერტებიც, რომლებიც ბიზნესებს ზრდასთან და განვითარებასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევენ და ამ პროცესში მათ გარკვეულ მეგზურობასაც უწევენ.

კოვიდ-19  პანდემიამდე საქართველოში ტანსაცმლის სექტორი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ამ დარგს ძლიერი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სექტორში დომინანტური პოზიციები ნიშურ ნაწარმს უკავია, რომელიც მაღალი ხარისხით არის გამორჩეული და მისი შექმნა საკმაოდ შრომატევადია, რაც ამ დარგში კლასტერული მიდგომის გამოყენებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

„ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის“ (GAFA) რეპუტაციის ზრდასთან ერთად, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ორჯერ გაიზარდა ასოციაციის წევრთა რაოდენობა. „ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია“ დირექტორთა საბჭოსა და რამდენიმე სამუშაო ჯგუფის მიერ იმართება და მათი საქმიანობის მიზანს ასოციაციის წევრთა განვითარების დაჩქარება წარმოადგენს.

„კლასტერის წევრობა ბიზნესებს გავლენისა და შთაგონების უამრავ წყაროსთან აკავშირებს.  მათ შესაძლებლობა აქვთ ნახონ თუ რას აკეთებენ სხვები, რა საფრთხეების გათვალისწინებაა საჭირო და ა.შ. ეს ყველაფერი მათ განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება.“ – ამბობს „ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის“ მენეჯერი ქეთი მეფარიშვილი.

„კლასტერში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან, რომლებთანაც შესაძლოა მომავალში თანამშრომლობა შევძლოთ, განსაკუთრებით წარმოების მიმართულებით.“ ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.

C4D პროგრამა დაეხმარა Elven Tech-ს, გამოეცადათ საკუთარი მოდელები რეალურ პირობებში. ამ ტესტირების დროს კოსტუმები 1100 გრადუსი ცელსიუსის სიმხურვალის მქონე ცეცხლის ალის ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, ალის სიმაღლე 2.5 მეტრს შეადგენდა და მან მიტოვებული საწყობის მთელი შიდა სივრცე მოიცვა.

„Cluster4Development პროგრამამ ეს სივრცეები ჩვენთვის დაიქირავა, რის შედეგადაც ორი ტესტის ჩატარება შევძელით. ამ პროცესის მეშვეობით იმ ელემენტების იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებდნენ,“ ამბობს ვამეხ ხერხეულიძე. „პროდუქციის ფართომასშტაბიანი ტესტირება ჩვენი ინოვაციის ახალი პარტნიორებისთვისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის წარდგენაში და რეკლამირებაშიც დაგვეხმარა. ამის შედეგად ჩვენი ბიზნესი ადგილობრივი საწარმოდან პოტენციურად გლობალური დაფარვის მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია.“

ზემოთხსენებული ტესტირების დროს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეებმა უსაფრთხოების ზომებზე იზრუნეს, რამაც თავის მხრივ Elven Tech-ისა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის პარტნიორობას შეუწყო ხელი, ეს კი გზას უხსნის შემდგომ ბიზნეს შესაძლებლობებს.

უკანასკნელი ტესტირების დროს,  Elven Tech-ის კოსტუმმა კონკურენტზე ხუთჯერ უკეთესი დრო აჩვენა. ვამეხ ხერხეულიძის თქმით, C4D პროგრამა სტარტაპს სხვა სახის დახმარებასაც უწევს.

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კონკრეტულ სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობაა.“

Clusters4Development პროგრამამ Elven Tech-ი სტარტაპებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტებთან დააკავშირა.

„ძალიან საინტერესო იყო ქართული სტარტაპის აღმოჩენა, რომელიც სიმხურვალისა და ცეცხლისგან დამცავი პროდუქტის შემუშავებაზე ასეთი მონდომებით, უნიკალური მიდგომითა და სიმტკიცით მუშაობს. აღნიშნული პროდუქტი ნამდვილად დიდი შენაძენი იქნება მეხანძრეებისთვის როგორც საქართველოში, ისე სხვაგან,“ ამბობს საკონსულტაციო ორგანიზაცია infoAid Partners-ის წარმომადგენელი სვენ ერიკსატი. აღნიშნულ ორგანიზაციას ტექნიკური ქსოვილებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კონსულტაციების გაწევის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.

„Elven Tech-ს კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ინდივიდუალური დაცვის საშუალების პროდუქტის შექმნის პოტენციალი გააჩნია. ჩვენ ამ სტარტაპის გუნდს მეცნიერებისა და წარმოების სფეროში არსებულ მთავარ საერთაშორისო მოთამაშეებთან დაკავშირებაში დავეხმარებით.“ გარკვეული რესურსების გამოყოფით, Elven Tech-ს საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო საფეიქრო ნაწარმის კონფერენციაზე Aachen-Dresden-Denkendorf International Textile Conference 2021, რაც სტარტაპს ცოდნის გარდა, საერთაშორისო მკვლევარებთან და კომერციულ ოპერატორებთან კავშირების დამყარებაში დაეხმარა. “კონფერენციის ორი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აღმოგვეჩინა ჭკვიანი მასალების უამრავი ახალი ტექნოლოგია და სამეცნიერო მიგნება, რომლებზეც აქტიურად მუშაობენ აკადემიური და კერძო სექტორის წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით. ეს ინფორმაცია ძალიან დაგვეხმარება ინდუსტრიაში არსებული ტრენდების დანახვასა და მომავალი გეგმების დასახვაში.” ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.

არსებული პროგნოზების მიხედვით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ევროპული ბაზარი შემდგომი 4-5 წლის მანძილზე წლიურად თითქმის 5%-ით გაიზრდება. მართალია, პანდემიიდან გამომდინარე, ეს ზრდა ძირითადად სამედიცინო და ინდივიდუალური ჰიგიენის პროდუქტებზე უპრეცედენტო მოთხოვნით არის განპირობებული, თუმცა ამავე დროს ბაზრის სხვა სეგმენტებიც ფართოვდება. სამუშაოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამკაცრებული რეგულაციები, წარმოების სხვადასხვა დარგში, (ქიმიური წარმოება, მშენებლობა და ა.შ.) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას უწყობს ხელს. სამოქალაქო დაცვის ორგანოების, მაგალითად სახანძრო ბრიგადების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება ასევე ექვემდებარება მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები მთლიანად პროდუქტს მოიცავს – დაწყებული ბოჭკოთი და დამთავრებული ტანისამოსით. ამავე დროს, საჭიროა უფრო მსუბუქი პროდუქტები, რომლებსაც იმავე დონის ან უფრო მეტი დაცვის შესაძლებლობა ექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროდუქტებს კონკურენტული ფასები ჰქონდეთ.  იმ მწარმოებლებს, რომლებსაც არსებული რეგულაციების შესაბამისი, კონკურენტული ფასების მქონე ინოვაციური პროდუქტების შემოთავაზება შეუძლიათ, ძალიან კარგი საბაზრო პერსპექტივები გააჩნიათ.

„სტრატეგიული ხედვისა და მუშაობის მეთოდის დახვეწის კუთხით მათი რჩევა უაღრესად სასარგებლო იყო ჩვენთვის – გარდა ამისა, მათ პოტენციური ინვესტორების საკონტაქტო ინფორმაციაც მოგვაწოდეს და ამავე დროს ამ დარგის მიმართულებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე მიგვითითეს, რომლებიც ბაზარზე ჩვენს დამკვიდრებას შეუწყობენ ხელს.“ – ამბობს ვამეხ ხერხეულიძე. 

კოვიდ-19

პანდემიის დროს ამგვარმა გარე მხარდაჭერამ და კავშირებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინეს.

„კოვიდ-19-მა ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა,“ ამბობს გენეტიკის სფეროში მოღვაწე ყოფილი მეცნიერი ალექსანდრე ჩუბინიძე, რომელიც ამჟამად Elven Tech-ის კვლევებისა და განვითარების განყოფილების მენეჯერია.

„საქართველოს ინვესტორთა სინდიკატის აღმასრულებელ დირექტორთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა შემდეგ, მთელი ქვეყანა ერთ დღეში ჩაიკეტა. პრეზენტაციაზე ვინმეს დაპატიჟება, ვინმესთან შეხვედრა და ა.შ. შეუძლებელი გახდა, ყველაფერი უეცრად გაუქმდა.“

ლოქდაუნის შედეგად სტარტაპმა საკუთარი ოფისიც დაკარგა, რადგან ფართის მეპატრონეს აღნიშნული სივრცე საკუთარი საჭიროებებისთვის დასჭირდა.

„ჩვენ პატარა, გაყინული ავტოფარეხი დავიქირავეთ. იქ შუა ზამთარში ქუდებით, ხელთათმანებითა და ქურთუკებით ვმუშაობდით. საკმაოდ პატარა სივრცე იყო და წარამარა ჭერს ვურტყავდით თავს,“ – იცინის.  “თუმცა როგორღაც ეს ადგილი ჩვენთვის შთაგონების წყაროდ იქცა.“

ავტოფარეხში მუშაობისას სტარტაპის გუნდმა ამ სიტუაციის მაქსიმალურად გამოყენება გადაწყვიტა. „პანდემიის შედეგად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩატარებულ ონლაინ კონფერენციაში და კონკურსში მონაწილეობისა და ჩვენი იდეების წარდგენის შესაძლებლობა მოგვეცა,“ ამბობს ვამეხ ხერხეულიძე. „გაუჩერებლად ვმუშაობდით და დღეში ერთი და იმავე 5 წუთიან პრეზენტაციას ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვატარებდით და ვცდილობით ინვესტორები, ავსტრალიიდან დაწყებული ევროპით დამთავრებული, მოგვეზიდა.“

შემდეგი ეტაპი

ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, Elven Tech-მა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის მნიშვნელობაც გაიაზრა – ეს ამ სტარტაპისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რადგან Elven Tech-ი მეხანძრის კოსტუმის მასალის ზუსტ შემადგენლობას საიდუმლოდ ინახავს. ამის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ სტარტაპი გაცილებით ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყებაზე ფიქრობს.

„გაგრილების სისტემების კვლევისას დავინტერესდი კოსმოსური სკაფანდრების ფიზიკით და აღმოვაჩინე, რომ NASA-ს მიერ ამჟამად გამოყენებული სკაფანდრები 1960-იან წლებში შემუშავდა და შეიქმნა“, – ამბობს ვამეხ ხერხეულიძე. „ვიცით, რომ ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ კოსმონავტის კოსტუმების განახლებას არცერთი სტარტაპი არ ცდილობს.“

„ხალხი უკვე მოგზაურობს კოსმოსში. სულ მალე, ამის შედეგად უზარმაზარი ინდუსტრია შეიქმნება, ბევრი სკაფანდრი იქნება საჭირო და ამაზე არავინ მუშაობს,“ ამბობს ალექსანდრე ჩუბინიძე.

„თუ სკაფანდრები 1960-იან წლებში შეიქმნა, წარმოიდგინეთ დღეს რისი გაკეთება შეგვიძლია. მომავალში ჩვენ გვინდა ვიყოთ პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დროშას კოსმოსში ააფრიალებს!“

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
reject_all
accept_all