წამყვანმა ქართულმა ბრენდმა კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა

საქართველო
წამყვანმა ქართულმა ბრენდმა კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა

ზამთრის ერთ მოღრუბლულ დღეს, საქართველოს ერთ-ერთ შორეულ სოფელში, სადაც ხის მიტოვებული სახლები თეთრი თოვლითაა დაფარული, ფერად სამოსში ჩაცმული მოდელები ერთმანეთს ცვლიან. ეს სცენა „სიტუაციონისტის“ ვიდეოს ნაწილია, რომლითაც ბრენდმა 2021-2022 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის ციფრულ პლატფორმაზე წარადგინა და თავის სამოსთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს რეგიონებიც გააცნო.

საქართველოში ეკონომიკური განვითარებისთვის ევროკავშირი მხარს უჭერს ბიზნეს კლასტერების შექმნას. ეს საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ იგივე ინდუსტრიის წარმომადგენელ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობით უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA) შეიქმნა GIZ-ის „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) პროექტის მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. როდესაც მსოფლიოში პანდემია დაიწყო, EU4Business და GIZ „სიტუაციონისტს“, როგორც GAFA-ს წევრს, ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით ახალ რეალობასთან ადაპტაციაში დაეხმარნენ. შედეგად კი ბრენდმა არა მარტო გადარჩენა შეძლო, არამედ გამოწვევები შთაგონებად აქცია და ნამუშევრების წარდგენისთვის ახალი გზებიც აღმოაჩინა.

იყიდება მსოფლიოში, „დაარსებულია საქართველოში“

2016 წელს თვითნასწავლმა დიზაინერმა, ირაკლი რუსაძემ „სიტუაციონისტი“ შექმნა.  ბრენდის დებიუტი 2018 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე შედგა, რის შემდეგაც მან მოდის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. შემდეგ იყო მილანის, ლონდონისა და პარიზის მოდის კვირეულები.

კრეატიულ დირექტორს, ირაკლი რუსაძეს ხელოვნება ადრეული ასაკიდან იტაცებდა. უფრო მოგვიანებით, 12-13 წლის ასაკში კი მოდით დაინტერესდა. ნაბიჯ-ნაბიჯ შეაგროვა რესურსები და შექმნა „სიტუაციონისტი“- პირველი ქართული ბრენდი, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში იყო წარმოდგენილი.

„სიტუაციონისტი“ ერთიანობის იდეას გამოხატავს. ირაკლი რუსაძე აფასებს ყველა იმ ადამიანის შრომას, რომელიც სამოსის შექმნის პროცესშია ჩართული. ამიტომ მას უნდოდა შეექმნა ბრენდი, რომელსაც არ ექნებოდა ერთი პიროვნების სახელი, არამედ გამოხატავდა იმ იდეას, რომ „სირუაციონისტის“ წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის თავდაუზოგავი შრომა. მადლიერების ნიშნად, თითოეული ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებულია იმ მკერავის სახელი, რომელიც მასზე მუშაობდა.

„სიტუაციონისტის“ ნამუშევრებში ქართული მემკვიდრეობა  დახვეწილ და მკაცრ ავანგარდულ სტილს ჰარმონიულად ერწყმის, შედეგად კი იქმნება მდგრადი, მაღალხარისხიანი სამოსი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბრენდის ტანსაცმელი საქართველოში არ იყიდება, მის საიტზე იპოვით წარწერას - "დაარსებულია საქართველოში".

ევროკავშირის მხარდაჭერით ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა

როცა საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, სხვა ბრენდების მსგავსად, „სიტუაციონისტიც“ რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. საცალო ვაჭრობის მაღაზიებმა, რომლებიც მოდის ბრენდების მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან, მოთხოვნა შეამცირეს. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ხელშეკრულებაც კი შეწყვიტა, რადგან საყოველთაო პანდემიის გამო მომხმარებლები მაღაზიებში აღარ დადიოდნენ. ბევრმა კომპანიამ გამოწვევები ვერ გადალახა და წარმოება სამუდამოდ შეაჩერა. სხვებმა, მაგალითად, „სიტუაციონისტმა“ იპოვეს მხარდაჭერა და შთაგონება ახალი, უკვე ციფრული ფორმატების დანერგვისთვის და ბრენდის განვითარებისთვის.

„კორონავირუსის პანდემიის დროსაც კი ჩვენ მოვახერხეთ გაყიდვების და თანამშრომლების შენარჩუნება. ბრენდმა სეზონი არ გამოტოვა და ეს მოხდა GAFA- ს და ევროკავშირის მხარდაჭერის გამო. ეს არ ყოფილა ერთჯერადი მხარდაჭერა, ეს გვაიძულებს, კიდევ უფრო გავიზარდოთ და განვავითაროთ ბრენდი”, - ამბობს კრეატიული დირექტორი ირაკლი რუსაძე.

პანდემიის დროს „სიტუაციონისტისთვის“ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შეკვეთების მიწოდება იყო. ამ მნიშვნელოვან დროს „კლასტერები განვითარებისთვის“ ბრენდს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვაში დაეხმარა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში „სიტუაციონისტმა“ პარიზის მოდის კვირეულზე წარსადგენად შექმნა ვიდეო, რომელიც ბრენდის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ასახავს და საქართველოს სხვადასხვა სოფლებშია გადაღებული. ნათელ, ფერად, ავანგარდულ და ამავდროულად, ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილ სამოსში გამოწყობილი მოდელები, თეთრ თოვლში დგანან. სვანეთის ძველი კოშკებითა და იმერული სოფლებით დაწყებული, მზიანი სანაპიროებით დამთავრებული - ვიდეოში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონია ნაჩვენები.

”მიყვარს მოდის ისეთი ჩვენებები, სადაც ხალხთან კომუნიკაციის საშუალება გაქვს.  ამას ძალიან განსხვავებული ენერგია მოაქვს. თუმცა, ციფრული ფორმატით ჩვენ შევძელით მსოფლიოსთვის საქართველოს მრავალფეროვნება და ჩვენი ხასიათის თავისებურებები გვეჩვენებინა. ამას მოდის ჩვეულებრივ ჩვენებაზე უბრალოდ ვერ წაიღებ,“ ამბობს ირაკლი რუსაძე და ამატებს, რომ ასეთი ვიდეოები მნიშვნელოვანია ბრენდის ნამდვილობის შესანარჩუნებლად.

„სიტუაციონისტის“ ვიდეო პრეზენტაციამ დადებითი გამოხმაურება მიიღო, რამაც მის შემქმნელებს აჩვენა, რომ ისეთ რთულ პერიოდებშიც კი, როგორიცაა პანდემია, ბრენდი იზრდება, ვითარდება და უფრო დიდ მიზნებს აღწევს. „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით, 2020 წელს „სიტუაციონისტის“ გაყიდვები 34% –ით გაიზარდა. ბრენდის სამოსი ამჟამად ათეულობით ონლაინ მაღაზიაში და ისეთ წამყვან საერთაშორისო საცალო ქსელში იყიდება, როგორიცაა NET-A-PORTER და CASIMIR.

მოდის ბრენდების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა

ამ ეტაპზე GAFA-ს 28 წევრი ჰყავს, რომლებიც წარმოადგენენ ტექსტილის მწარმოებლებს, მოდის დიზაინერებს, ტანსაცმლის ქარხნებს და მათ მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1000-ს აჭარბებს.  GAFA მიზნად ისახავს წარმოადგინოს და ხელი შეუწყოს ქართული ტანსაცმლისა და მოდის კომპანიებს, გაზარდოს მათო კონკურენტუნარიანობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე უზრუნველყოფს ტანსაცმლის მწარმოებლები, დამოუკიდებელი ბრენდები და დიზაინერები იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, იყვნენ ყველაზე კონკურენტუნარიანი მდგრადი წარმოების, პროდუქტის ხარისხის, მოდის დიზაინის, გამოცდილი შრომისა და საერთაშორისო ბრენდინგის კუთხით.

გაციფრულება GAFA–ს ერთ–ერთი მთავარი ინტერესია. ასოციაცია მხარს უჭერს მის წევრებს არა მხოლოდ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მოპოვებაში, არამედ ბიზნეს პროცესებში ციფრული კომპონენტების დანერგვაში, ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრებაში, მდგრადი წარმოებისა და საერთაშორისო გაყიდვების გაზრდაში.

GAFA-ს მენეჯერის ქეთი მეფარიშვილის თქმით, გაციფრულება ოპერაციული პროცესების გარდაქმნასაც გულისხმობს. საქართველოში ტანსაცმლის წარმოების დაახლოებით 70% ხელით მუშაობას ეფუძნება, რაც დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვს.

”თანამედროვე მსოფლიოში არსებობისთვის ნებისმიერი კომპანია მდგრადი უნდა იყოს. ამიტომ GAFA ეხმარება მის წევრებს ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრებაში, ტანსაცმლის უფრო სწრაფად წარმოებაში და შედეგად, საერთაშორისო გაყიდვების გაზრდაში ”, - ამბობს ქეთი მეფარიშვილი.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე