როცა 1995 წელს თამარ ლებანიძემ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, საქართველო მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების წინაშე იდგა. უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე, თამარმა გადაწყვიტა, რომ მისი კომპანიის მისიას მხოლოდ ერთი ფრაზა შეესაბამებოდა: „ბრძოლა განვითარებისთვის“.
ასე იწყება „დიოგენეს“ ისტორია - ორი საუკუნის გზაგასაყარზე, მიზანდასახულ ქალთან ერთად, რომლის მიზანიც მისი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა.
უწყვეტი განვითარება
გამომცემლობა „დიოგენეს“ სახელი უკავშირდება ძველ ბერძენ ფილოსოფოსს დიოგენე სინოპელს, რომელიც ცნობილია ჭეშმარიტების სიყვარულითა და უბრალოებით. ლებანიძემ კომპანია სამ მეგობართან ერთად დააარსა. თუმცა, მოგვიანებით დანარჩენები თავთავიანთ გზებზე წავიდნენ, რის გამოც თამარმა კომპანიის მართვის სადავეები უკვე საკუთარ თავზე აიღო.
„შემეძლო იგივე გზა ამერჩია და საკუთარი ბიზნესი დამეწყო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ „დიოგენე“ უნდა არსებობდეს - ამაზე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი“, - განაცხადა ლებანიძემ. „მიუხედავად იმისა, რომ 30 წელს უკვე გადაცილებული ვიყავი, თავს 16 წლის მარტოხელა დედად აღვიქვამდი, რომელსაც შვილზე უნდა ეზრუნა“.
„დიოგენეს’ მთავარი პრინციპებია წესიერება, უწყვეტი პროფესიული განვითარება და სიახლის ძიება, რაც კარგად ეხმიანება ბერძენ ფილოსოფოსს, რომელიც მუდმივ თვითგანვითარებას აფასებდა და ჭეშმარიტებისა და ცოდნისკენ ისწრაფვოდა. „დიოგენეს“, როგორც ბრენდის ძლიერმა ხასიათმა განაპირობა ის, რომ იგი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გამომცემლობად ჩამოყალიბდა.
წლების განმავლობაში „დიოგენემ“ ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, მაგრამ ლებანიძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა „გამომცემლობა მოვლენებს წინ უსწრებს“. ეს მაშინ მოხდა, როცა „დიოგენემ“, სპეციალური ნებართვით, თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის რომანის ქართული თაგმანი ინგლისურ ენაზე გამოცემამდე რამდენიმე თვით ადრე გამოსცა.
თავისი მისიიდან გამომდინარე, „დიოგენე“ პრიორიტეტს ანიჭებს არა მხოლოდ თავად გამომცემლობისთვის სასარგებლო პროექტებს, არამედ იმასაც, რაც აუცილებელია საქართველოში ლიტერატურის დარგის განვითარებისთვის. ერთ-ერთი მათგანია „პენმარათონის“ კონკურსი, რომელიც პირველად 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა. „პენმარათონის“ მონაწილეები გარესამყაროსგან იზოლაციაში იმყოფებიან და შეზღუდულ დროში, ჟიურის მიერ დასახული დავალების შესაბამისად, მხატვრული პროზის ნიმუში უნდა დაწერონ.
საქართველოს მსგავსად „დიოგენეს“ გამომცემლობამაც ტურბულენტური გზა გამოიარა, რომელიც წარმატებასთან ერთად თავისი წილი დიდი წარუმატებლობებითაც იყო დატვირთული.
„ახლა ჩვენ შევედით განვითარების ახალ ფაზაში, რაც ნიშნავს კრიზისიდან გამოსვლას და სტაბილურობის მიღწევას. ის დიდი გამოცდილება, რაც გვაქვს, კარგიც და ცუდიც, საბოლოოდ უფრო მეტ წარმატებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ლებანიძემ.
ახალი ეტაპი ციფრულ სამყაროში
დაარსებიდან 28 წლის შემდეგ, „დიოგენე“ სტრუქტურულ, ოპერაციულ და სტრატეგიულ ცვლილებებს განიცდის. ნებისმიერი ახალი აქტივობა დაფუძნებული იქნება მიმდინარე ტენდენციების საფუძვლიან ანალიზზე და ამავე დროს დაიცავს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რაც კომპანიის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს.
„დიოგენე“ ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამაში „რჩევები მცირე ბიზნესისთვის“, რომლის საკონსულტაციო მომსახურებებსაც EU4Business უჭერს მხარს.
პანდემიასთან ერთად საქართველოში კომპანიების გაციფრულების საჭიროება გაიზარდა. თბილისის წიგნის ფესტივალამდე მცირე ხნით ადრე „დიოგენემ“ სწრაფად შექმნა ვებგვერდი ერთ-ერთ პლატფორმაზე, რადგან მაშინ ღონისძიება მთლიანად ონლაინ სივრცეში ტარდებოდა. თუმცა მალე ლებანიძემ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ პლატფორმას ბევრი ნაკლი ჰქონდა, რაც მუშაობას ძალიან ართულებდა.
საბედნიეროდ, „დიოგენმა“ მიიღო მხარდაჭერა საქართველოში "DIGITAL RE4M" პროგრამისგან, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრულ ტრანსფორმაციაში და პანდემიის შემდეგ პროცესების აღდგენაში. პროექტის მხარდაჭერით, „დიოგენემ“ შეძლო შეექმნა კარგად შემუშავებული, უაღრესად ფუნქციონალური ვებგვერდი, რომელიც შეიცავს ონლაინ მაღაზიას, კომპანიის სრულ ისტორიას და ინფორმაციას ავტორების შესახებ.
ლებანიძე განმარტავს, რომ ვებგვერდი არა მხოლოდ ზრდის „დიოგენეს“ გაყიდვებს, არამედ მუშაობს როგორც საინფორმაციო პლატფორმა მომხმარებლებისთვის, აჩვენებს მათ ახალ პუბლიკაციებს, რაც, თავის მხრივ, მოუწოდებს ეწვიონ ადგილობრივ წიგნის მაღაზიებს და შეიძინონ „დიოგენეს“ პროდუქცია.
„ჩვენი თანამშრომლობა EU4Business-თან და EBRD-თან უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა“, - განაცხადა ლებანიძემ და დასძინა, რომ კომპანია აგრძელებს მის მიერ მიღებული მხარდაჭერის გამოყენებას და ვებგვერდს მუდმივად აფართოებს.
„გარკვეული თვალსაზრისით, საგამომცემლო ბიზნესი არის კონკურენცია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარების შესაძლებლობებს“, - განაცხადა ლებანიძემ.
„მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ სწორედ ასეთი შესაძლებლობაა.“