დაფინანსება და კონსულტაცია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის
თხილი საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი პროდუქტია, შედის ქვეყნის საექსპორტო ათეულში და შემოსავლის წყაროა 50,000 ფერმერისა და 30 მდე გადამამუშავებელისათვის. შავიზღვისპირა სუბტროპიკული მხარე განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსებით თხილის უხვი მოსავლისათვის. სწორედ ამის წყალობით, ფერერომ - ტკბილეულის საერთაშორისო მწარმოებელმა სერიოზული ინვესტიცია განახორციელა ამ კულტურის წარმოებაში.
"თხილი უმნიშვნელოვანესია სამეგრელოს რეგიონში, ეს კულტურა თითქმის ყველას მოყავს. სწორედ თხილის წარმოება დაგვეხმარა 90იანების ეკონომიკური კრიზისის გადატანაში,"- ამბობს დემურ არდია, გადამამუშავებელი საწარმო S.R.T-ის მფლობელი.
დემურ არდია 22 წელზე მეტია, რაც თხილის ბიზნესში საქმიანობს, თუმცა დამოუკიდებლად წარმოება მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა. მისმა კომპანიამ წარმატებას მალევე მიაღწია. დღეს ერთ-ერთი პირველია თხილის ექსპორტის კუთხით გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში.
"თურქეთი თხილის უმსხვილესი მწარმოებელია, ფასებსაც მსოფლიოში ის ადგენს. ქართული თხილი თურქულთან შედარებით იაფად იყიდება. შესაბამისად, ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს თხილის მოსავლის მოცულობისა და ხარისხის გაზრდა," ამბობს დემურ არდია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ეხმარებიან დემურ არდიას და მსგავსი ენთუზიაზმის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში წარმოების გაფართოებასა და სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებაში. ევროკავშირის ბაზარი 500 მილიონი მომხმარებლით ამის განხორციელების საუკეთესო გზაა.
ხელმისაწვდომი დაფინანსება და კონსულტაცია
კონკურენტული მცირე და საშულო ბიზნესი ჯანსაღი ეკონომიკის საფუძველია. სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველომ პროგრესს მიაღწია ხელსაყრელი ინსტიტუციური გარემოს კუთხით, თუმცა დაფინანსებასთან ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაცია და ინოვაცია კვლავ რჩება საკითხებად, რომელთა გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია მცირე და საშულო მეწარმეობის განვითარებისათვის საქართველოში.
EBRD და ევროკავშირი ეხმარებიან მცირე და საშუალო მეწარმეებს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ევროპული სტანდარტების დანერგვაში, წარმოების მოდერნიზებაში, ზრდის ხელშეწყობასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში არა მხოლოდ ევროპულ, არამედ შიდა ბაზარზეც.
საქართველოში, პარტნიორი ბანკების დახმარებით ევრობანკი გამოყოფს საკრედიტო ხაზს, რასაც ემატება საგრანტო დაფინანსება ევროკავშირისგან EU4Business ინიციატივის ფარგლებში. დემურ არდიას კომპანია გახდა ერთი იმ მრავალ საწარმოთაგან, რომელმაც ამ პროექტის ფარგლებში მოახდინა ინვესტიცია წარმოების მოდერნიზებაში და დაიბრუნა სრული ინვესტიციის 15 პროცენტი გრანტის სახით.
კომპანიამ, ასევე, ისარგებლა საკონსულტაციო მომსახურებით: EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, კომპანიამ დანერგა სურსათის ხარისხის მართვისა და ჰიგიენის სტანდარტი, რის შემდეგაც მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.
ამ კომპანიის მსგავსად, თხილის მწარმოებელმა კომპანიამ nuts.ge სამეგრელოში და სავაჭრო პარტნიორებით ევროპაში, ასევე ისარგებლა საკონსულტაციო მომსახურებით, და დანერგა ინფორმაციის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
„ახალმა სისტემამ ბევრად მარტივი გახადა ბიზნეს პროცესების მართვა, ინფორმაციის შეგროვება და კონტროლი; გაზარდა კომპანიის სანდოობა და გაამარტივა ურთიერთობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მომხმარებლებთან," ამბობს თეა კუხალაშვილი, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი." ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა გავხადოთ უფრო ეფექტური და ინოვაციური."
„მოხარულები ვართ რომ საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეები უკვე სარგებლობენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით. ევროკავშირი აგრძელებს ინოვატორი მეწარმეების მხარდაჭერას, და ვიმედოვნებთ რომ უფრო მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი სრულად გამოიყენებს იმ ხელშეწყობას, რასაც EU4Business ინიციატივა და ევროკავშირის სხვა პროგრამები ითვალისწინებს,“ ამბობს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი.
ქართული თხილის მომავალი
უკანასკნელ წლებში, საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი თხილის მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო ხუთეულში, თუმცა ბოლო ორი წლის მანძილზე მავნებელმა ფაროსანამ ფერმერების ცხოვრება გაართულა, ხოლო მოლოდინები ექსპონტის უფრო დიდი მოცულობის თაობაზე ბუნდოვანი გახადა.
2017 წლის წინასწარი მონაცემებით, თხილის ექსპორტი 50 პროცენტზე მეტით შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ ფაროსანას ეპიდემია არ არის ექსპორტის შემცირების ერთადერთი მიზეზი, მავნებელმა სერიოზული ზარალი მიაყენა ქართველ ექსპორტიორებს როგორც მოსავლის, ასევე ფინანსური კუთხით. ზამთრის შემდეგ, ფაროსანას გამოჩენას აღმოსავლეთ საქართველოშიც ელიან, კახეთში- ღვინის რეგიონში, რომელიც ასევე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია.
EBRD და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს ფერმერების ინფორმირებულობის ზრდას როგორც ტრადიციული, ასევე სოციალური მედიის დახმარებით. მულტიმედია გაკვეთილები და სხვა საინფორმაციო მასალები თხილის და სხვა კულტურების მწარმოებლებს გააცნობს ქიმიურ და მექანიკურ საშუალებებს ფაროსანასთან საბრძოლველად.
"უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა ერთიანი ძალისხმევით მოვახდინოთ ფაროსანასთან გამკლავება, საქართველო პატარა ქვეყანაა და თხილი მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენი სოფლის მეურნეობისათვის," ამბობს დემურ არდია.
„მოხარულები ვართ რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფერმერებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო. ახალი ინიციატივა დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს მიიღონ მეტი ინფორმაცია და მხარდაჭერა ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში“, განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, EBRD დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში. „საქართველოს აქვს სოფლის მეურნეობის მდიდარი ტრადიცია და ქართულ თხილს უცხოეთში კარგად იცნობენ. ევროკავშირთან თავისუფალმა ვაჭრობამ გზა გაუხსნა ქართულ ნაწარმს და ჩვენ ხელს ვუწყობთ მწარმოებლებს მოცულობისა და ხარისხის გაზრდაში“.