ქართული მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი მეწარმე ადგილობრივი ბაზრისთვის უჩვეულო პროდუქტების წარმოებით დაინტერესდა. ღვინის საპონი და გოგრის თესლის ზეთი სწორედ ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება. თუმცა ხშირად, როცა მეწარმეები საკუთარ ბიზნესს იწყებენ, ხვდებიან, რომ საჭირო აღჭურვილობასთან ერთად, კავშირები და გამოცდილებაც აკლიათ.
ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development), “ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეებს ბიზნეს კონსულტაციებისა და გაცვლითი პროგრამების სახით მხარდაჭერას სთავაზობს. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მხარდაჭერით, ინდუსტრიის კლასტერები მცირე და საშუალო მეწარმეებს ეხმარებიან, რომ იმავე სექტორის წარმომადგენელ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობით უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. საქართველოში პროექტი ხელს უწყობს მდგრადი ბიზნეს კლასტერების შექმნას სამშენებლო მასალების, ტექსტილისა და ტურიზმის სექტორებში.
ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა ორი კლასტერი იმერეთსა და კახეთში. პროგრამის ექსპერტებთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით, პროექტი მხარს უჭერს როგორც ინდივიდუალ მეწარმეებს, ისე ინტერვენციებს კლასტერების განვითარების სფეროში.
ევროკავშირის მხარდაჭერით ქართველი მეწარმეები საპნის ტურიზმს ავითარებენ
ლევან ლომთაძესა და ლაშა ლომიძისთვის მეგობრის ბებიისგან მოსმენილი ისტორია წარმატებული ბიზნესის საწყისად იქცა. ორ საუკეთესო მეგობარს ხშირად ესმოდა, თუ რამდენად რთული იყო საბჭოთა კავშირში, დღეს ასე ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტის, საპნის შეძენა. ამიტომ ადამიანები სხვადასხვა ინგრედიენტებს აგროვებდნენ და საკუთარ საპონს ამზადებდნენ. ლომთაძემ და ლომიძემ ბევრი ასეთი ისტორია მოისმინეს, მსოფლიო ლიტერატურაც წაიკითხეს და საბოლოოდ საკუთარი „საპნის სახლი“ ჩამოაყალიბეს.
დაახლოებით 6 წლის წინ ორმა მეგობარმა აღმოაჩინა, რომ ხელნაკეთი საპნები მასობრივი წარმოების პროდუქტის კარგი ალტერნატივაა. 19 წლის ასაკში მიატოვეს კარიერა სამართალსა და ბიზნესში და საკუთარი კომპანია დაარსეს. კომპანიის ახალი სახელი, „საპნის სახლი“ (მანამდე „მარგი“) მიუთითებს იმაზე, რომ სინამდვილეში ყველაფერი მათ სახლში, სოფელ საქარაში, იმერეთში დაიწყო.
„საპნის ბიზნესი საკმაოდ ადრეულ ასაკში, გამოცდილების და ცოდნის გარეშე დავიწყეთ. ამიტომ ყველაფერი რთული იყო. წელიწადზე მეტ ხანს ზოგადად საპნის გაკეთებას ვსწავლობდით. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგეთ, როგორ უნდა გაგვეკეთებინა უკვე კანისთვის სასარგებლო საპონი,“ - ამბობს ლომთაძე.
„ეს იყო უამრავი შფოთვის, ექსპერიმენტებისა და თვითგანვითარების პერიოდი. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიღებდით სასურველ პროდუქტს, ფორმის, ტექსტურის თუ სასარგებლო თვისებების თვალსაზრისით“, - ამბობს ლომიძე.
ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით, ორმა მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა საპნის დამზადების პროცესი დახვეწეს და სრულყოფილი რეცეპტიც შექმნეს. შემდეგი ნაბიჯი იყო პროდუქციის გაყიდვა ქართულ აფთიაქებში. თუმცა აქ კიდევ ერთ დაბრკოლებას წააწყდნენ.
„ბევრმა აფთიაქმა უარი თქვა ჩვენი პროდუქციის მიღებაზე, რაც კარგად მესმის. მაშინ არ გვქონდა არც სახელი, არც რეპუტაცია და არც მომხმარებლების ნდობა. ერთ-ერთი კომპანია დათანხმდა, რომ ჩვენი საპონი 15 აფთიაქში სამი თვის განმავლობაში გაეყიდა და დაკვირვებოდა, მოთხოვნა გაიზრდებოდა თუ არა“, - ამბობს ლომიძე. ლომთაძემ აღნიშნა, რომ სულ მალე მათი საპონი 15-ის ნაცვლად უკვე 60 აფთიაქში იყო წარმოდგენილი. დღეს კი „საპნის სახლის“ პროდუქციას ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით.
ლომთაძე და ლომიძე ქოქოსის ზეთს სხვადასხვა სახის ცხიმს ურევენ და ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ერთადერთი ქიმიკატი, რომელსაც იყენებენ, არის კაუსტიკური სოდა, ისიც შეზღუდული რაოდენობით, რაც აუცილებელია ნებისმიერი საპნის დასამზადებლად. ისინი სიამაყით აცხადებენ, რომ მომხმარებლისგან უარყოფითი გამოხმაურება არასდროს არ მიუღიათ. მაშინ, როცა აფთიაქებში თვეში 2000-3000-ზე მეტ საპონს ყიდიან, ამას ემატება ინდივიდუალური გაყიდვები ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან.
„ძალიან დიდხანს მხოლოდ ენთუზიაზმითა და მოტივაციით ვმუშაობდით. ხშირად გვიფიქრია თავის დანებებაზე. თუმცა ჩვენი პროდუქციის მიმართ ხალხის სიყვარულმა მეტი შრომისკენ გვიბიძგა. ასე მოვედით დღემდე,“ - ამბობს ლომიძე და აღნიშნავს, რომ ბიზნესი ზრდას განაგრძობს.
მას შემდეგ, რაც კომპანიმ წარმატებას მიაღწია, „საპნის სახლის“ დამფუძნებლები GIZ-ის პროგრამის ექსპერტებს შეხვდნენ და შეუერთდნენ იმერეთის კლასტერს, რომელიც „კლასტერები განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით ლომიძის და ლომთაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
„კონსულტაციების მეშვეობით კლასტერი დაგვეხმარა, რომ ბიზნესი ადგილობრივ ტურიზმად გვექცია“, - ამბობს ლომიძე.
საქართველოში საპნის ტურიზმი სიახლეს წარმოადგენს, ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა საფრანგეთი და ნიდერლანდები. ამ სექტორში მხოლოდ რამდენიმე მეწარმე მუშაობს, მაგრამ ყველა მათგანი აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს.
„ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ პროდუქტი გვქონოდა, არამედ სერვისის სექტორშიც შევსულიყავით“, - გვიხსნის ლომთაძე და ამბობს, რომ კლასტერის მხარდაჭერით სანაცნობო ქსელი გააფართოვეს და შეხვდნენ საპნის შეძენით დაინტერესებულ ბევრ ადამიანს, მათ შორის სასტუმროს მფლობელებს.
მეწარმეებმა გადაწყვიტეს, ააშენონ ტრადიციული იმერული ოდის მსგავსი შენობა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააკვირდნენ და მონაწილეობა მიიღონ საპნის მომზადების პროცესში. საპნის მასტერკლასთან ერთად ტურისტები ლომიძის წარმოებულ ღვინოსაც დააგემოვნებენ.
„ეს იქნება ავთენტური გამოცდილება, რითიც საპნის დამზადებითა და ქართული ტრადიციებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი ისიამოვნებს“, - ამბობს ლაშა ლომიძე.
ორი მეგობარი ღვინის საპნის შექმნასაც გეგმავს, რაც მომავალში, შესაძლოა, საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო პროდუქტად იქცეს.
ერთი სოფელი, ერთი მეწარმე და ერთი მიზანი - გოგრის თესლის ზეთის წარმოება
ერთ დღეს, როცა „კლასტერები განვითარებისთვის“ გუნდის წევრები ნატალია მამაგულაშვილის სახლში მივიდნენ, გოგრებით სავსე ეზოში აღმოჩნდნენ. მამაგულაშვილმა მათ უთხრა, რომ მოსავალი მარტომ მოიყვანა და გოგრის თესლის ზეთის დამზადებასაც თავად აპირებდა. პროექტის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ კახეთის კლასტერის შემდეგ წევრს მიაგნეს.
ნატალია მამაგულიშვილის ცხოვრებაში, როგორც წესი, ყველაფერი მარტივად და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით იწყება. მცენარეებისა და სოფელში ცხოვრების სიყვარულმა საკუთარი ბიზნესის შექმნისკენ უბიძგა. თუმცა ეს მის გეგმებში არასდროს ყოფილა.
რვა წლის წინ ვარდების მოყვანა დაიწყო და მას შემდეგ მრავალი საათი გაატარა მარტომ, მცენარეთა სამყაროში სრულიად დაკარგულმა.
„მიწაზე მუშაობამ და ვარდებზე ზრუნვამ ჩემს ცხოვრებაში ჰარმონია შემოიტანა “, - განმარტავს ის. „ქალაქიდან დავდიოდი პატარა სოფელში, სადაც ბაღი მქონდა, ხშირად კარავში ვჩერდებოდი და საათობით ვმუშაობდი. როცა მეკითხებოდნენ, რას ვაპირებდი, პასუხი არ მქონდა. ვერ წარმომედგინა არადეკორატიული ვარდები და ბიზნესი ერთად“, - ამბობს მამაგულიშვილი და აღნიშნავს, რომ მისი მოსავალი წლიდან წლამდე იზრდებოდა.
ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წავიდა, როცა მან საქმიანობაში ადგილობრივი ქალებიც ჩართო.
კახეთის სოფელ არგოხში სულ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ბიზნესის, კულტურისა თუ გართობის თვალსაზრისით აქ არაფერი არ ხდება. ქალების გაძლიერებისა და ადგილობრივებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის განზრახვით, მამაგულიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა წამოიწყეს „ვარდის სახლი“ - სოციალური, გარემოსდაცვითი და კულტურული პროექტი.
„ყველას გვიყვარს ერთად მუშაობის და შემოქმედების პროცესი“, - განმარტავს მამაგულიშვილი და ამბობს, რომ ვარდების მოშენებაში მას მინიმუმ 15 ქალი ეხმარება. ისინი ერთად ამზადებენ და ყიდიან სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის მურაბებს, კონსერვებს, ჩაის და ვარდის გამხმარ ფურცლებს.
როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ის ყოველთვის ეძებდა ისეთ სივრცეს, რომელიც საშუალებას მისცემდა უკეთ გამოეკვლია საკუთარი შესაძლებლობები. გოგრის თესლის ზეთის დამზადების იდეამდეც სწორედ ინოვაციების ძიებამ მიიყვანა.
„ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით ავიღე, მარტომ დავიწყე მუშაობა და 15-17 ტონა გოგრა მოვიყვანე.“
შემდეგი დღეების განმავლობაში მამაგულიშვილი ჭრიდა გოგრებს, იღებდა თესლს, რომელსაც შემდეგ კარგად რეცხავდა და პატარა ოთახში გასაშრობად აწყობდა. საბედნიეროდ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გრანტი მოიპოვა და ზეთის დამზადებისთვის საჭირო დანადგარი შეიძინა.
„ხომ იცით როგორც ხდება, იწყებ მუშაობას და ზოგი რამ თავისით მოდის. მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე, რადგან შევძელი ზეთის დამზადება. ძალიან ემოციური მომენტია, როცა ვუყურებ ზეთი როგორ ჩამოდის დანადგარიდან, რადგან ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს“, - ამბობს მამაგულიშვილი.
ცივად გამოხდილი გოგრის ზეთი უამრავ ვიტამინს შეიცავს და არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ გამოიყენება თმის ცვენის, კანის დაავადებების, მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ და სხვა. მრავალი დადებითი თვისების გამო პროდუქტმა სოფელში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რაც მამაგულიშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
”როდესაც ზოგიერთმა ადგილობრივმა პროდუქტი გამოსცადა, მოეწონათ, გაავრცელეს ინფორმაცია და მოთხოვნაც სწრაფად გაიზარდა”, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ადგილობრივებმა გასულ წელს 50 კგ-ზე მეტი ზეთი იყიდეს.
თუმცა ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. კახეთის კლასტერის წევრობა მამაგულიშვილს დაეხმარა, რომ მისი სანაცნობო ქსელი გაეფართოებინა, შეხვედროდა მცირე ბიზნესის მფლობელებს და გაცვლითი პროგრამების მეშვეობით მნიშვნელოვანი საქმიანი ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა.
„კლასტერის ერთ-ერთი ღონისძიება იყო რეგიონული გაცვლა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სხვადასხვა კლასტერები იმერეთისა და კახეთის რეგიონებიდან. როცა იმერეთის კლასტერიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გვესტუმრნენ, გამიკვირდა, იმდენი პროდუქტი იყიდეს ჩემგან, მათ შორის ვარდის მურაბა და გოგრის თესლის ზეთი“, - ამბობს მამაგულიშვილი და იმედოვნებს, რომ ეს კავშირები გრძელვადიან პერსპექტივაში მისი პროდუქციის გაყიდვებს გაზრდის.
„კლასტერები განვითარებისთვის“ პროექტი მეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მჭირდება და როგორ განვავითარო ჩემი ბიზნესი, ბრენდინგისა და მარკეტინგის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის მიზანია „ვარდის სახლის“ შესახებ ცნობადობის ამაღლება და საბოლოოდ, წარმოების გაზრდა.“
სინამდვილეში, მიზანი არც ისე შორსაა. მამაგულიშვილი ამბობს, რომ ვარდის მოსავალი საკმარისია სოფლის ფარგლებს გარეთ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მისი წყალობით, ბევრი ადგილობრივი ფერმერი გოგრის მოყვანითა და ზეთის წარმოებით დაინტერესდა, რაც რეგიონში სამუშაოს კუთხით მეტ შესაძლებლობებს ქმნის.
„თავიდან ხალხი ფიქრობდა, რომ შეცდომას ვუშვებდი, რადგან გოგრის მოსავალს ზეთის გასაკეთებლად ვიყენებდი. მაგრამ შემდეგ აკვირდებოდნენ ჩემს მუშაობას და დაინახეს ამ პროდუქტის ნამდვილი პოტენციალი. ახლა ბევრი მეკითხება რჩევას. გოგრის თესლის ზეთი ჯერ კიდევ ახალია ქართული ბაზრისთვის, მაგრამ მოთხოვნა მზარდია“.