გასულ თვეში საქართველოს დედაქალაქ თბილისში საბუღალტრო და აუდიტის პროფესიების გაძლიერებისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართა EU4Business ინიციატივის მეშვეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროგრამის აუდიტისა და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ფარგლებში.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან (SARAS-თან) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS-ის) ფონდთან ერთად, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების ცენტრმა (CFRR-მა) საბუღალტრო განათლებისა და პროფესიული განვითარებისთვის მიძღვნილი ორი მრგვალი მაგიდა და IFRS-ის სემინარი გამართა.
ღონისძიებები მხარს უჭერს საქართველოს მიერ განხორციელებულ ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმას და გზას უხსნის ბუღალტრებისა და აუდიტის სპეციალისტების პოტენციალის ზრდას ქართულ ბაზარზე, ისევე როგორც ბიზნეს საზოგადოების მეტ გამჭვირვალობას.
მრგვალი მაგიდა უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD-ის) საკითხზე
2 მაისს უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხზე გამართულ მრგვალ მაგიდაზე საქართველოში აუდიტის წამყვანი კომპანიებისა და პროფესიული საბუღალტრო ორგანიზაციების 20-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა. მონაწილეებმა განიხილეს უწყვეტი პროფესიული განვითარების მკაფიო გზის დასახვის საჭიროება არსებული და მომავალი ბუღალტრებისთვის და ხაზი გაუსვეს მთავარ გამოწვევებს, გადამზადების საჭიროების ანალიზის აუცილებლობის, ორგანიზაციული დეტალების, ტრენერების გადამზადების, ფასების პოლიტიკისა და რეგიონული დაფარვის ჩათვლით. ყველა მხარე შეთანხმდა, შემუშავდეს გაერთიანებული სამოქმედო გეგმა და მოინახოს სათანამშრომლო პლატფორმები ანგარიშგებისა და აუდიტის უწყვეტი პროფესიული განვითარების გასაუმჯობესებლად საქართველოში.
ეროვნული ინიციატივები საბუღალტრო განათლების გაძლიერებისთვის
საქართველოში საბუღალტრო განათლებისა და პროფესიული საბუღალტრო ორგანიზაციების გაძლიერებისკენ მიმართული ეროვნული ინიციატივების განსახილველად გამართულ მრგვალ მაგიდაზე 4 მაისს წამყვანი უნივერსიტეტების, პროფესიული საბუღალტრო ორგანიზაციების, SARAS-ისა და საბუღალტრო საქმის 30-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის საბუღალტრო განათლების რეფორმაში გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებს და, კერძოდ, უნივერსიტეტებისთვის სასწავლო მასალების შემუშავებას.
IFRS-ის სემინარი საბუღალტრო საქმის შესახებ
7 მაისს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების ცენტრი, IFRS-ის ფონდთან და SARAS-თან ერთად, საქართველოს საბუღალტრო საზოგადოებას შეხვდა და მათ IFRS-ის მთავარი საკითხები გააცნო. სემინარი მოეწყო ფინანსთა სამინისტროში და მას ესწრებოდა 200-ზე მეტი ბუღალტერი, ტრენერი და აუდიტის სპეციალისტი, რომლებიც IFRS-ის სტანდარტებზე მუშაობენ. მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებში არსებულ სიახლეებს და შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები კონკრეტული საკითხების შესახებ კითხვა-პასუხის ღია სესიაზე.
STAREP რეგიონალური პროგრამაა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად კორპორატიული ანგარიშგებისთვის გამჭვირვალე პოლიტიკური გარემოსა და ეფექტური ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნის საქმეში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და გაგრძელდება 2018 წლის დეკემბრამდე.