10 ოქტომბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე ახალი პროექტების შესახებ განაცხადა. ამ პროექტების საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონს შეადგენს.
პროგრამის, „ევროპა შენთვის“, პროექტების მეშვეობით გაფართოვდება განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები, განვითარდებიან საოჯახო მეურნეობები, გაუმჯობესდება სურსათის ხარისხი, ხელი შეეწყობა პატარა ქალაქებისა და სოფლების განვითარებას, გაიზრდება ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები, მხარდაჭერას მიიღებენ ახალგაზრდები და მოწყვლადი მოქალაქეები (მათ შორის აფხაზეთში) და გაუმჯობესდება გარემოს დაცვა.
კისისხევში მდებარე მეღვინეობა „მოსმიერში“ გამართულმა ევროპის დღის ღონისძიებამ, „ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი“, გააერთიანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, პარტნიორები და ადგილობრივი თემები. ღონისძიების დამსწრეებმა კულტურისა და სამზარეულოს გაცნობით, დიალოგითა და ინტერაქციული აქტივობებით აღმოაჩინეს, როგორ ქმნის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს და ეხმარება რიგით ადამიანებს.
გახსნის ცერემონიაზე ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეკრებილებს ქართულად მიმართა და ევროკავშირი ქართულ პოლიფონიურ მუსიკას შეადარა: „27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის – ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს“.
ჰერჩინსკიმ ასევე გაიხსენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა მაშინვე დაიწყო, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა: „მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა, ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო – დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას“.
სტუმრები მთელი დღის განმავლობაში მონაწილეობდნენ ღვინისა და ფოტოგრაფიის მასტერკლასებში, ველომსვლელობაში, „მწვანე კუთხის“ აქტივობებში, საბავშვო თეატრსა და კულტურულ წარმოდგენებში. ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების გამოფენით გაგრძელდა და ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდა.
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, რობერტ შუმანის 1950 წლის იმ დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა, რომელმაც თანამედროვე ევროპის კავშირს ჩაუყარა საფუძველი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ადგილობრივ თემებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავს. 2026 წელს, თბილისში გამართული ევროპის დღის მთავარი ღონისძიების შემდეგ, ევროპის დღე ბათუმსა და კახეთს ეწვია.