კელნში საერთაშორისო დიზაინის კვირეულზე „Design Georgia“-ს პროდუქცია იქნება წარმოდგენილი

საქართველო
კელნში საერთაშორისო დიზაინის კვირეულზე „Design Georgia“-ს პროდუქცია იქნება წარმოდგენილი

2019 წლის 14-20 იანვარს კელნში, PASSAGEN-ის ინტერიერის დიზაინის კვირეულზე, ყურადღების ცენტრში საქართველო მოექცევა. EU4Business ინიციატივის მხარდაჭერით, ქართული ინტერიერის დიზაინის პროდუქტები პირველად იქნება წარდგენილი გერმანიაში შეკრებილ მსოფლიო ინდუსტრიის წარმომადგენელთა წინაშე ბრენდით „Design Georgia“.

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ანუკა თავართქილაძე, სამი არქიტექტორი და დიზაინერი Designbureau-დან, ნია მგალობლიშვილი, სოფიო შევარდნაძე და ია ლიპარტელიანი, ეკოლოგიაზე ორიენტირებული საოჯახო ბიზნესი „ფუნდუკი“ და XYZ Integrated Architecture – ყველანი აჩვენებენ თავიანთ უნიკალურ პროდუქტებს ღონისძიებაზე. დიზაინით დაწყებული, წარმოებით დამთავრებული, ყველა პროდუქტი დამზადებულია საქართველოში და წარმოაჩენს ადგილობრივი მრეწველობის შესაძლებლობებს დიზაინისა და წარმოების ტექნიკის ინოვაციურად გაერთიანებაში, ისეთ მასალებზე მუშაობით, როგორებიცაა ლითონი, ხე, მინა ან კერამიკა.

ქართველი დიზაინერების მონაწილეობა შესაძლებელი გახადა ევროკავშირმა და გერმანიის განვითარების თანამშრომლობამ EU4Business ინიციატივისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ორგანიზებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით.

დიზაინის ოთხივე სტუდია გაწევრიანებულია EU4Business-ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით 2017 წელს ჩამოყალიბებულ ქართული ავეჯის კლასტერში, რომელშიც ერთად შეიკრიბა 40 ქართველი დიზაინერი და ავეჯის მწარმოებელი. კლასტერის ჩამოყალიბება მიზნად ისახავდა ინდივიდუალური მეწარმეებისა და კომპანიების დახმარებას, რათა გაერთიანებული ძალისხმევითა და რესურსებით დაეძლიათ ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქტების საქართველოდან ევროპაში და მის ფარგლებს მიღმა გატანის კუთხით არსებული გამოწვევები.

თითოეული ნივთი, რომელიც PASSAGEN-ში „Design Georgia“-ს ბრენდით იქნება წარმოდგენილი, საკუთარ ხასიათს ატარებს და დიზაინისა და წარმოებისადმი ფუნქციური, ინოვაციური, ეკოლოგიურად უსაფრთხო და კონცეპტუალური მიდგომების ფართო სპექტრს წარმოაჩენს.

„საქართველოს დიზაინის ინდუსტრია იზრდება და საკუთარ ადგილს იმკვიდრებს ინტერიერის დიზაინის ბაზარზე. Passagen-ის ინტერიერის დიზაინის კვირეულზე ქართველი დიზაინერების მონაწილეობა მარკეტინგისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვიქმნის“, – განაცხადა XYZ Integrated Architecture-ის წარმომადგენელმა, ლევან ლომინაშვილმა, რომელმაც წელს მზის სათვალეებით „Eclipse Eyeglasses“ ვერცხლის „A' Design Award“ ჯილდო მოიპოვა.

პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში მხარს უჭერს საქართველოში ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA-სთან) დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი რეფორმების დანერგვას. ეს საფუძველს უყრის მცირე და საშუალო ბიზნესის გამყარებას ფართო ზრდის უზრუნველყოფისათვის, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ახალ ნორმატიულ პირობებთან ადაპტირების უზრუნველსაყოფისათვის, რაც საშუალებას აძლევს მას, გამოიყენოს შესაძლებლობები DCFTA-ს ფარგლებში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე