ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის ახალგაზრდების მიერ მართულ ბიზნესს დაუჭერს მხარს

საქართველო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის ახალგაზრდების მიერ მართულ ბიზნესს დაუჭერს მხარს

2 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) განაცხადა, რომ ის გააძლიერებს ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას საქართველოში
15 მილიონამდე ევროს ოდენობის ახალი სესხით, რომელიც პროკრედიტ ბანკი საქართველოზე გაიცემა და მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოების შემდგომი დაკრედიტებისთვის იქნება გამოყენებული.

დაფინანსება, რომელიც გაიცემა EBRD-ის პროგრამის „ახალგაზრდობა ბიზნესში — კავკასია” ფარგლებში, წარმოადგენს ამ პროგრამით განხორციელებულ პირველ ტრანზაქციას საქართველოში. ის გაზრდის დაფინანსებაზე წვდომას ახალგაზრდების მიერ მართული კერძო მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რაც ბიზნესის ახალგაზრდა მფლობელებს ბიზნესის დაწყებაში, განვითარებასა და ფორმალიზებაში დაეხმარება.

ამ პარტნიორობის მეშვეობით პროკრედიტ ბანკი საქართველო გააფართოებს დაფინანსებას 35 წლამდე ასაკის მეწარმეების საკუთრებაში არსებული ან მათ მიერ მართული კერძო ბიზნესისთვის, რაც ასევე პირველად მსესხებლებს და დედაქალაქის — თბილისის ფარგლებს გარეთ მოქმედ ბიზნესს მოიცავს. 

„ახალგაზრდა მეწარმეები ხშირად აწყდებიან მნიშვნელოვან დაბრკოლებებს დაფინანსებაზე წვდომისას მათი შეზღუდული საკრედიტო ისტორიის და უზრუნველყოფის გამო; ეს ინსტრუმენტი ამ ხარვეზების აღმოფხვრის და უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად არის შექმნილი“, – ნათქვამია EBRD-ის პრესრელიზში.

დაფინანსების გარდა, EBRD ასევე განახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას, რაც ხელს შეუწყობს ბანკის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალგაზრდების მიერ მართული ბიზნესის მომსახურებაში და მეწარმეების არაფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ბიზნესის უნარებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და გრძელვადიან სტაბილურობის მხარდაჭერა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე