ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Digital მექანიზმი საქართველოს მოქალაქეებსა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს EU4Digital აკადემიის ონლაინკურსზე დასარეგისტრირებლად იწვევს.
ონლაინკურსი, „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე“, განკუთვნილია მათთვისაც, ვინც არ ფლობს ელ-კომერციაზე საბაზისო ცოდნას და ახლა აპირებს ძალების ცდას და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც საქართველოში უკვე ყიდიან პროდუქციას ონლაინ, მაგრამ სურთ, ბიზნესი გააფართოონ და ევროკავშირის ბაზრებზეც გავიდნენ. კურსი მათ მოამარაგებს ყველა საჭირო უნარით, რომ პროდუქცია eMAG-ზე, Amazon-სა თუ eBay-ზე გაყიდონ.
კურსის გამვლელები გაეცნობიან ევროკავშირის ელ-კომერციის ყველაზე მსხვილ ბაზრებს და ისწავლიან, როგორ აარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ვებსაიტები, როგორ დარეგისტრირდნენ მათზე და დაიწყონ გაყიდვა. ისინი ასევე გაიგებენ, რა უნდა იცოდნენ საბაჟოსა და ევროკავშირში მოქმედი საგადასახადო რეგულაციების შესახებ.
10-საათიანი, თვითმართული კურსი უფასოა და ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე.
კურსი განთავსებულია atingi-ის პლატფორმაზე, სადაც დაგჭირდებათ ანგარიშის გახსნა კურსის გასავლელად.
EU4Digital აკადემიის კურსის ყველა გამვლელი ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამის მიკრო-სერტიფიკატს, ე.წ. „სამკერდე ნიშანს“ მიიღებს. თითოეული „სამკერდე ნიშანი“ შეიძლება განთავსდეს სოციალურ მედიაში ან ჩაიწეროს CV-ში როგორც თქვენი ახალი უნარებისა და ცოდნის შემოწმებადი დამამტკიცებელი საბუთი.