ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) იწყებს ახალ ფინანსურ საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მეწარმეებისთვის

საქართველო
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) იწყებს ახალ ფინანსურ საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მეწარმეებისთვის

საქართველოს „ფინანსური წიგნიერების წლის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ევროპული ფონდის განვითარების ცენტრთან (EFSE DF) ერთად და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) მონაწილეობით, შეიმუშავა ფინანსური საგანმანათლებლო პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის.

პროგრამის განხორციელება დაიწყო 2018 წლის ივლისში EDA-ს ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც უტარებენ ტრენინგებს სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მეწარმეებს ახალციხესა და თბილისში.

პროგრამის მიზანია, ამჟამინდელ და მომავალ მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებს მიაწოდოს აუცილებელი ცოდნა და უნარები, რათა შეძლონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ბიზნესის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ სამიზნე ჯგუფისთვის სპეციალურად მომზადდა შესაბამისი ბროშურა და სასწავლო მოდელი.

პროგრამის ბენეფიციარები შეისწავლიან ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, შესაბამის ფინანსურ სერვისებს და მიდგომებსა და მაჩვენებლებს, რომლებიც გამოიყენება ბიზნესის შეფასებისთვის. პროგრამა ასევე დაეხმარება ბენეფიციარებს, შეიცნონ საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები, დამოუკიდებლად შეაფასონ ბიზნესის მოკლე და გრძელვადიანი საჭიროებები და კრედიტუნარიანობა და აირჩიონ ყველაზე შესაფერისი ფინანსური პროდუქტები და სერვისები. გარდა ამისა, ისინი შეისწავლიან ფინანსური ანგარიშგების საფუძვლებს და იმას, თუ როგორ დაგეგმონ ეფექტურად სამომავლო ქმედებები ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

პროგრამა შემუშავდა მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით, რომელიც მოიცავს სასწავლო ამოცანებს, რჩევებსა და მაგალითებს და ეხმარება ბენეფიციარებს, პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიული ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გათვალისწინებულია ძირითადად მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის, მასში შემავალი პრაქტიკული რჩევები შეიძლება რელევანტური და სასარგებლო იყოს უფრო მსხვილი მეწარმეებისთვისაც.

მარკუს აშენდორფმა, EFSE-ს განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ აღნიშნა: „მეწარმეებისთვის დახმარების გაწევა წარმატებულ განვითარებაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია და საქართველოს ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ მიზნის განხორციელებაში. საქართველო იდეებითა და ბიზნეს პოტენციალით აღსავსე ქვეყანაა; EFSE DF-ის მიზანია, მიაწოდოს მეწარმეებს საშუალებები და შესძინოს უნარები, რომლებიც მათ სჭირდებათ არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისთვის, არამედ ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის დადებითი განვითარების ხელშესაწყობად“. 

„ფინანსური განათლება მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მდგრადი განვითარებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. „იქედან გამომდინარე, რომ ბაზარზე შემოთავაზებული ფინანსური პროდუქტები და სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია, შესაბამისი ცოდნის ან საექსპერტო რჩევის გარეშე სწორი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს ყველა მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი მეწარმეებისთვის. შესაბამისად, ფინანსური განათლებაზე წვდომის გაუმჯობესება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი მიზანია“. 

ბროშურა და შესაბამისი პრაქტიკული შაბლონები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია უფასოდ შემდეგ გვერდზე: საქართველოს ეროვნული ბანკის ვებსაიტი.

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) KfW განვითარების ბანკის (KfW) შეიქმნა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

EFSE ფოკუსირებულია ადგილობრივი ფინანსური სექტორისთვის დახმარების გაწევაზე საკუთარი შესაძლებლობების გაზრდაში, საკმარისი და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით. EFSE-ს მიერ უზრუნველყოფილი სახსრები, რომლებიც განკუთვნილია ძირითადად მიკრო და მცირე მეწარმეების დასაფინანსებლად და ასევე კერძო მეურნეობების მხარდასაჭერად მეურნეობის გაუმჯობესებაზე სესხის გაცემის ფორმით, მიეწოდებათ შესაბამის სესხის მიმღებებს ადგილობრივი პარტნიორი საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით. 

EFSE-ს განვითარების ცენტრი შეიქმნა 2006 წელს ფონდის განვითარების დაფინანსების მანდატის მხარდასაჭერად. ცენტრი უზრუნველყოფს ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას ფონდის განვითარების დაფინანსების მანდატის მაქსიმალურად გასაზრდელად სამიზნე ქვეყნებში. 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე