ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტ ბანკი მხარს უჭერენ ასობით კომპანიას საქართველოში

საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტ ბანკი მხარს უჭერენ ასობით კომპანიას საქართველოში

2011 წლიდან ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა და პროკრედიტ ბანკმა ერთობლივად გააუმჯობესეს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის გრძელვადიან დაფინანსებაზე წვდომა. დღესდღეობით, პროკრედიტ ბანკის მეშვეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის 872 პროექტმა მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება 25 მილიონი ევროს საერთო ღირებულებით.

„კერძო სექტორის პოტენციალის გახსნის ხელშეწყობა საწარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის, გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გზით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ასევე პროკრედიტ ბანკ საქართველოს პარტნიორების წყალობით, ჩვენი საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია ხორციელდება“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ბ-მა ჰაინც ოლბერსმა დღეს ბათუმში გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რომელიც ეხებოდა პროკრედიტ ბანკის მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებით და/ან InnovFin გარანტიით მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში დაფინანსებულ ცალკეულ პროექტებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ხელი მოაწერა პროკრედიტ ბანკ საქართველოსთან მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის სამ სესხს, 2011, 2012 და 2015 წლებში, სულ 40 მილიონ ევროს ღირებულებით. მიმდინარე წლის მარტში, ევროპის საინვესტიციო ფონდთან მცირე და საშუალო მეწარმეობის InnovFin გარანტიის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, პროკრედიტ ბანკ საქართველომ ასევე დაიწყო InnovFin-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის გარანტიის ინსტრუმენტების გამოყენება.

ბანკის საქმიანობა საქართველოში, ისევე, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, ხელს უწყობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიერ დასახული მიზნების მიღწევას იმ პროექტების დაფინანსების გზით, რომლებიც ამაღლებენ კეთილდღეობას და აღრმავებენ რეგიონალურ ინტეგრაციას. მოცემული საქმიანობა ზრდის ეკონომიკურ სტაბილურობას რეგიონში, ხელს უწყობს შიდარეგიონალური პარტნიორობის გაძლიერებას და მხარს უჭერს ნახშირბადის დაბალი დონის და კლიმატის სტაბილურობის ეკონომიკაზე გადასვლას.

ზოგადი ინფორმაცია:

EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი), რომელიც არის ევროკავშირის ბანკი, აფინანსებს საქართველოში პროექტებს ევროკავშირის მიერ გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე. ეს მანდატი ანიჭებს ევროპის საინვესტიციო ბანკს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის (განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის) განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის AAA რეიტინგის მქონე, ევროკავშირის პოლიტიკის განმახორციელებელი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც იზიდავს სახსრებს კაპიტალის ბაზრებიდან იმისათვის, რომ გასცეს საინვესტიციო სესხები ევროკავშირის პოლიტიკის და პრიორიტეტების მხარდასაჭერად. თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკი გადასცემს მიღებულ ფინანსურ სარგებელს მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთების და დაფარვის ხანგრძლივი ვადების სახით იმ პროექტებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიზნების განხორციელებისთვის და რომლებიც შეესაბამება ბანკის დანიშნულებას მნიშვნელოვანი და მდგრადი ინვესტიციების მხარდაჭერის მხრივ. ევროპის საინვესტიციო ბანკის დიდი გამოცდილება პროექტების დაფინანსებაში, მისი სიღრმისეული ჩახედულობა სექტორის შიგნით და ევროკავშირის პოლიტიკის კარგი ცოდნა ხელს უწყობს იმ პროექტების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეესაბამება როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის პრიორიტეტებს. ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტების შეფასება მოიცავს ტექნიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს და საკრედიტო რისკებს, უზრუნველყოფს რისკების შემცირების სათანადო საშუალებებს და პირობებს და მხარს უჭერს სტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ამგვარად, ევროპის საინვესტიციო ბანკი მოქმედებს, როგორც ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების ფლაგმანი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, წვლილი შეაქვს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებაში და ხელს უწყობს სხვა დამფინანსებლების მონაწილეობას ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ პროექტებში.

ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილს. მისი მთავარი მისიაა ევროპაში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა მათთვის ფინანსებზე წვდომის გამარტივებით. ევროპის საინვესტიციო ფონდი ქმნის და ავითარებს ვენჩურულ და ზრდის კაპიტალს, გარანტიებს და მიკროსაფინანსო ინსტრუმენტებს, რომლებიც მიზნობრივად ზემოქმედებენ ბაზრის ამ სეგმენტზე. ევროპის საინვესტიციო ფონდი ხელს უწყობს ევროკავშირის მიზნების მიღწევას ინოვაციების, კვლევების და განვითარების, მეწარმეობის, ზრდის და დასაქმების მხარდაჭერის საქმეში.

InnovFin

„InnovFin – ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისათვის“ წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის (EIB და EIF) და ევროკომისიის ერთობლივ ინიციატივას, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტ 2020“ ფარგლებში.

InnovFin შედგება ინტეგრირებული და თავსებადი საფინანსო ინსტრუმენტებისგან და საკონსულტაციო სერვისებისგან, რომლებსაც სთავაზობს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი საწარმოებს და რომელიც ფარავს კვლევების და ინოვაციების მთლიან ჯაჭვს ინვესტიციების მხარდასაჭერად საწარმოების მთელ სპექტრში, დაწყებული უმცირესი და დამთავრებული უმსხვილესი საწარმოებით.

2017 წლის თებერვალში ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) და სს „პროკრედიტ ბანკმა“ (საქართველო) ხელი მოაწერეს პირველ ხელშეკრულებას მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის საქართველოში InnovFin-ის ფარგლებში. ეს ხელშეკრულება, რომელსაც მხარს უჭერს InnovFin-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის გარანტირების ფონდი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, საშუალებას მისცემს პროკრედიტ ბანკს, გასცეს 50 მლნ ევროს მოცულობის სესხები ინოვაციური კომპანიებისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში.

2016 წ. დასაწყისიდან ევროკავშირის ყველა აქტივობა, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეობას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, გაერთიანებულია EU4Business-ის ფარგლებში.

EU4Business:

  1. მხარს უჭერს სახელმწიფო ორგანიზაციებს, ეხმარება რა მათ კანონმდებლობის და რეგულაციების შეცვლასა და გაუმჯობესებაში და უკეთესი მარეგულირებელი ჩარჩოების დანერგვაში ინვესტორის ნდობის ამაღლების მიზნით;
  1. მხარს უჭერს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს (BSO) იმდენად, რამდენადაც წევრი ორგანიზაციები ხელს უწყობენ დიალოგს მთავრობასა და ბიზნესს შორის. EU4Business-ს გააჩნია უნარი, ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო და კერძო სექტორის დიალოგს, თანამშრომლობასა და ახალი კონტაქტების დამყარებას;
  1. უშუალოდ მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოებს (SME), მაგალითად, დაფინანსების, ტრენინგის, წვრთნისა და კონსულტაციის, იმპორტისა და ექსპორტის მხარდაჭერისა და პარტნიორთა მოძიების მეშვეობით.

კონტაქტები პრესისთვის:

დუშან ონდრეჟიჩკა, d.ondrejicka@eib.org, ტელ.: +352 4379 83334/მობ.: +352 621 459 234
ვებგვერდი: www.eib.org/press - პრესსამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org

მოგვყევით Twitter-ზე @eib

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე