ევროპის საინვესტიციო ბანკი შეუდგა ევროპის კომისიასთან ერთად შემუშავებული ორი ახალი პროგრამის რეალიზაციას საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
EU4Business ინიციატივის ფარგლებში თბილისში 8 მაისს გამართული უმაღლესი დონის სემინარზე წარდგენილი იქნა პროგრამები „DCFTA ინიციატივა აღმოსავლეთი“ (EU4Business უფრო ფართო ინიციატივის ნაწილი) და „ინოვფინი“ (ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისათვის).
ღონისძიებას ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური კონსულტანტების და დარგობრივი ასოციაციების დაახლოებით 200 წარმომადგენელი დაესწრო.
„DCFTA ინიციატივა აღმოსავლეთი“
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) ინიციატივა აღმოსავლეთის“ მიზანია, დააჩქაროს ეკონომიკური განვითარება ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს საქართველო. ის ასევე გაამარტივებს დაფინანსებაზე წვდომას სესხების პირობების გაუმჯობესების ფორმით და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პირველადი ზარალის პორტფელის გარანტიებს, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ შუამავალ ბანკებს, გაწიონ მეტი რისკი და დაიწყონ მუშაობა ეკონომიკის უყურადღებოდ დარჩენილ დარგებში.
ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისათვის
„ინოვფინი“ – ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისათვის წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის და ევროკომისიის ერთობლივ ინიციატივას, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტ 2020“ ფარგლებში.
იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში სემინარის გახსნისას განაცხადა: „ეს პროგრამები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი ვალდებულად მიიჩნევს თავს, მხარი დაუჭიროს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ევროპის საინვესტიციო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველვყოფთ ინოვაციური ბიზნესის რეალურ მხარდაჭერას, რომლის მიზანია ევროკავშირის ახალი შესაძლებლობებით მაქსიმალურად სარგებლობა.“