ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყეს.
თანამონაწილეობრივი ინვესტიციების ხარჯზე გაცემული ინდივიდუალური გრანტები მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და სარეალიზაციო პოტენციალის გაზრდას. ინიციატივა, ამასთან, სოფლის მეურნეობის ღირებულების ჯაჭვებში კავშირების გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
კონკურსის დაფინანსება განკუთვნილია ფერმერებისთვის, კოოპერატივებისთვისა და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ბორჯომის, ყაზბეგის, ქედასა თუ ხულოს მუნიციპალიტეტებში ეწევიან საქმიანობას. გორის მუნიციპალიტეტი კი სპეციალურ საგრანტო კატეგორიაშია მოთავსებული.
პროგრამის ფარგლებში ფერმერებს ისეთ აღჭურვილობაში შეუძლიათ ინვესტირება, როგორიცაა ნულოვანი დამუშავების სათესი (მარცვლეულისთვის), წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ტრაქტორები და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები (ვაშლისთვის).