ევროკავშირი და ITC-ის გუნდი აპირებენ აღმოსავლეთის პარტნიორობის მცირე და საშუალო ბიზნესის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვთან დაკავშირებას

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ევროკავშირი და ITC-ის გუნდი აპირებენ აღმოსავლეთის პარტნიორობის მცირე და საშუალო ბიზნესის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვთან დაკავშირებას

აღმოსავლეთის პარტნიორობა: Ready to Trade – EU4Business ინიციატივა მიზნად ისახავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდას

ინიციატივის პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების (SME) გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრირების ხელშესაწყობად ამოქმედდა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) ინიციატივით.

აღმოსავლეთის პარტნიორობა: Ready to Trade – EU4Business ინიციატივა სამწლიანი პროექტია და გულისხმობს ახალ თანამშრომლობას ევროკავშირს, ITC-სა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის.

პროექტი დაიწყო 1 სექტემბერს ექვსთვიანი საწყისი ფაზით, რომელშიც შემუშავდება საქმიანობის გეგმა და მიდგომა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველა ქვეყნის ახალი ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ.
უკანასკნელ დეკადებში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ეკონომიკის მოდერნიზაციასა და მსოფლიო ბაზარში ინტეგრაციაში. თუმცა მოცემული ქვეყნების წინაშე დღესაც დგას სირთულეები მცირე და საშუალო საწარმოების და ინვესტორების ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად ეკონომიკური რეფორმების გატარებაში. მათ ასევე სჭირდებათ ევროკავშირთან ვაჭრობის გამოუყენებელი შესაძლებლობებით სარგებლობა.

მცირე და საშუალო საწარმოები გარდამტეხ როლს თამაშობენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში და რეგიონში არსებული ფირმების 83-99%-ს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტი მწარმოებელი კომპანიების შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მათი ინტერნაციონალიზაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.

პროექტი Ready to Trade მხარდაჭერას უწევს ექვსი პარტნიორი ქვეყნის მთავრობების პოლიტიკასა და სტრატეგიას და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, ადგილობრივი მნიშვნელობის გაზრდას, ასევე ექსპორტისა და ბაზრის დივერსიფიკაციას, მათ შორის ევროკავშირთან უფრო მყარი სავაჭრო კავშირის დამყარების გზით. პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის წარმოებაში საერთაშორისო და ევროკავშირის საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, მსოფლიო ბაზრებზე გასვლასა და ღირებულებათა ჯაჭვებთან დაკავშირებაში. პროექტი ასევე გაამყარებს ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების პოტენციალს, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე და საშუალო საწარმოებს სავაჭრო და ბიზნეს საქმიანობაში.

ქვეყნის პროგრამების დარგში ITC-ის დირექტორმა, აშიშ შაჰმა აღნიშნა: „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მეტი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში გადამწყვეტ როლს თამაშობს ძლიერი რეგიონალური განვითარების მიღწევაში და ITC ამაყობს მოცემულ პროცესში მონაწილეობით. Ready to Trade პროექტის საშუალებით ხელს შევუწყობთ EU4Business ინიციატივის წინსვლას და, რაც მთავარია, უზრუნველვყოფთ იმას, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოებს შეეძლოთ მეტი კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება, რაც საშუალებას მისცემთ, დაუკავშირდნენ მყიდველებს ევროკავშირში“.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) „აღმოსავლეთის სამეზობლოს“ დირექტორმა, ლორენს მერედითმა აღნიშნა: „ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობის, როგორც უმთავრესი პრიორიტეტის, ხელშეწყობა. ამჟამად რეგიონის მრავალი მცირე და საშუალო საწარმო კვლავინდებურად რჩება დაბალი დამატებული ღირებულების სექტორებში, ხოლო პარტნიორი ქვეყნები დგანან ეკონომიკური გარდაქმნის პროცესის სირთულეების წინაშე, რათა შექმნან მომხიბვლელი გარემო ინვესტიციებისა და ბიზნესისათვის და ასევე ბიზნეს პოტენციალის გასაუმჯობესებლად ევროკავშირთან ისეთი სვაჭრო შესაძლებლობებით სარგებლობისათვის, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. მოცემულ კონტექსტში საჭიროა მცირე და საშუალო საწარმოების მეტი ხელშეწყობა, რათა ისინი უფრო ინტეგრირებულნი გახდნენ რეგიონალურ და საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვებში და ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობა გამოიყენონ, როგორც თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების განვითარებისა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ მივესალმები პროექტს Ready to Trade, რომელიც არის ევროკავშირის უფრო ფართო, EU4Business ინიციატივის ნაწილი და რომელიც ხელს შეუწყობს 2020 წლისთვის ჩვენი ვალდებულებების შესრულებას“.

ITC-ის შესახებ

ITC მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და გაეროს ერთობლივი სააგენტოა. ITC ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს განვითარებადი და გარდაქმნის ეტაპზე მდგომი ეკონომიკის ქვეყნებიდან, რათა გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზრებზე, შესაბამისად, ხელი შეუწყონ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ვაჭრობისთვის დახმარებისა და გაეროს მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების პროგრამის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს www.intracen.org. თვალი ადევნეთ ITC-ს Twitter-ზე: @ITCnews

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
reject_all
accept_all