ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროკავშირი აგრძელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში და ზრდიან მხარდაჭერას €1.1 მილიარდამდე საკრედიტო ხაზების/ვაჭრობის ფინანსირებისთვის, ხოლო €58.3 მილიონი გამიზნულია ევროკავშირის გრანტებისათვის სამივე ქვეყნისათვის.
მაღალი დონის შეხვედრაზე თბილისში, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წარმატებული პროგრამის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ, რომელიც ითვალისწინებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების გასატარებლად. EU4Business-EBRD უკვე დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მრეწველობის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის, საკვების, მომსახურეობისა და მედიცინის სექტორებიდან გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქცია, გააძლიერონ ექსპორტის პოტენციალი და დანერგონ ევროპული სტანდარტები და ტექნიკური ნორმები. ევრობანკის ფინანსირების ინსტრუმენტებისა და ევროკავშირის გრანტების თანხვედრა ქმნის ძალიან კარგ პროდუქტს, რომელიც ესადაგება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს.“
ევრობანკისა და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტო ხაზის EU4Business-EBRD Credit Line საშუალებით, 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ უკვე მიიღო დაფინანსება, რომლის ოდენობა 60 მილიონ ევროს აჭარბებს. კომპანიებმა ინვესტიცია გამოიყენეს როგორც ცალკეული დანადგარების შესყიდვისთვის, ასევე კომპლექსური მოდერნიზაციის განსახორციელებლად, რომლის დროსაც კომპანიებმა სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლეს ინჟინრების საერთაშორისო გუნდის ტექნიკური დახმარებით. დაფინანსებული პროექტების ნახევარი განხორციელდა რეგიონებში.
"მოხარულები ვართ, რომ დღეს ვსაუბრობთ საკრედიტო ხაზის მიღწევებზე, რომელიც ქართულ კომპანიებს ეხმარება შესაბამისობაში მოვიდნენ ევროპულ სტანდარტებთან, იქნება ეს თხილის წარმოება თუ საგზაო მშენებლობა, ადგილობრივი ნაწარმის წახალისება თუ ექსპორტის გაძლიერება - დღეს წარმოდგენილმა კომპანიებმა გადაწყვიტეს ინვესტირება ევროპულ ხარისხში. და გვიხარია, რომ ამ წარმატების ნაწილი ვართ," განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ასევე მოქმედებს მოლდოვაში და მალე იქნება ხელმისაწვდომი უკრაინაშიც, რომ იქაურმა ადგილობრივმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა სრულად გამოიყენონ ის სარგებელი, რაც თან ახლავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან.
ევრობანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უწყობს ფინანსების მოძიებაში პარტნიორი ადგილობრივი ბანკების საშუალებით. ეს დაფინანსება ბიზნესს ეხმარება ინვესტიცია მოახდინოს ეფექტურ, თანამედროვე დანადგარებსა და ტექნოლოგიებში. ევროკავშირის დაფინანსება კი თან ერთვის საინვესტიციო პროექტებს და ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო წახალისებას.
ცოდნასთან და წარმატებულ გამოცდილებასთან წვდომა არის ევრობანკისა და ევროკავშირის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება. ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას ევროკავშირის €18 მილიონიანი დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში.