„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში პირველი ქართული ბიზნეს კლასტერი დაფუძნდა

საქართველო
„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში პირველი ქართული ბიზნეს კლასტერი დაფუძნდა

საქართველოში პირველი ოფიციალურად დაფუძნებული ბიზნეს კლასტერის -  ქართული ავეჯის კლასტერის - პრეზენტაცია გაიმართა ა.. 27 ოქტომბერს ქ.თბილისში. აღნიშნული კლასტერის დაფუძნებისა და განვითარების მხარდამჭერია ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელიც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

ქართული ავეჯის კლასტერი დღეისათვის 25 ადგილობრივ ავეჯის მწარმოებელ საწარმოს აერთიანებს, რომლებიც შეთანხმდნენ ამ ერთიანი ბრენდის ქვეშ განავითარონ ერთობლივი წარმოება, რომლის მასშტაბების გაზრდის გზითაც ისინი უკეთ ისარგებლებენ საქართველოსა და ევროპის ბაზრებზე არსებული შესაძლებლობებით. კერძოდ, კლასტერის წევრები უზრუნველყოფენ სიმძლავრეთა და ორგანიზაციულ განვითარებას, შექმნიან კრეატიულ სივრცეს ახალგაზრდა დიზაინერებისთვის მათი დახელოვნებისა და პროფესიულ შეჯიბრებში მონაწილეობის წახალისებით და დაამყარებენ საერთაშორისო კავშირებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები.

„ეკონომიკური განვითარების დაჩქარება ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია საქართველოში, ხოლო მცირე და საშუალო მეწარმეები ამ ძალისხმევის ძირითადი ფოკუსია. 2009 წლიდან ევროკავშირის პირდაპირი დახმარებით 63,000-მა ქართულმა მცირე და საშუალო მეწარმემ ისარგებლა და დღეს წარმოდგენილი ავეჯის კლასტერი ამ დახმარების მშვენიერი პრაქტიკული მაგალითია.  ჩვენი მიზანია ამ ძალისხმევის შედეგად შეიქმნას მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.“ - განაცხადა ბ-ნმა ვინსენტ რეიმ.

ბ-ნმა ბესიკ ვერძეულმა, რომელიც ახლადდაარსებული ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობას ხელმძღვანელობს, დამსწრეთ გააცნო საქართველოში ავეჯის წარმოების სფეროს მდგომარეობა და ისაუბრა ხარისხის გაუმჯობესებასთან და ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე.

მისმა ბულგარელმა კოლეგამ, ქ-ნმა ჯენოვევა ქრისტოვამ, რომელიც ბულგარეთის ავეჯის კლასტერის ხელმძღვანელია და ჩართულია ქართული ავეჯის კლასტერის განვითარების პროცესში, ღონისძიების კომენტირებისას აღნიშნა:

„ავეჯის წარმოებას გააჩნია ყველა კომპონენტი იმისათვის, რომ გახდეს ახალი მამოძრავებელი ძალა ქართულ ეკონომიკაში.  ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნის ადამიანური და ბუნებრივი რესურსები გადავაქციოთ კონკურენტულ უპირტესობად და ხელი შევუწყოთ ბიზნესის ინტერნაციონალიზაციას. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სინერგია ავეჯის მწარმოებლებს, შემოქმედებით და ტექნიკურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ნიჭიერ დიზაინერებს შორის, რომლებსაც მე თბილისში ყოველი ჩემი ვიზიტისას ვხვდები. ამ პოტენციალის გათვალისწინებით და პოლიტიკის შემქმნელების მხრიდან  მხარდაჭერის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროპული ტენდენციების კანონმდებელი რეგიონში.“

პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე