EU4Business-ის ტრენინგი მუხრანში აგროტურიზმის განვითარებაში

საქართველო
EU4Business-ის ტრენინგი მუხრანში აგროტურიზმის განვითარებაში

აპრილის ბოლოს საქართველოში, შატო მუხრანში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი აგროტურიზმის განვითარებაში. 

მიკრობიზნესების 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში და განსაკუთრებით, მუხრანში სტუმართა მზარდი ნაკადით განპირობებული შესაძლებლობების გამოყენება.

განსაკუთრებულ ღვინოსა და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მუხრანი გამოირჩევა მასთან დაკავშირებული საქართველოს სამეფო ოჯახის ისტორიითა და ქვეყანში უდიდესი ანტიკური რომაული ქალაქის ნანგრევებით. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაიწყო ტრენინგის პროგრამა საქართველოში აგროტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად. პროექტისთვის საპილოტე ობიექტად შერჩეული იქნა მუხრანი. ამ პროექტის განხორციელება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა კომპანია Tourism Development International (TDI)-ს მიანდო.

2017 წლის დეკემბერში TDI-მ ჩაატარა მუხრანის თემის წარმომადგენლების სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვაში გამოიკვეთა დიდი ინტერესი ტურიზმისადმი და აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი დაინტერესებულია საკუთარი აგროტურისტული ბიზნესის წამოწყებით. აგროტურიზმის იმ აქტივობებს შორის, რომლებითაც რესპონდენტები ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებული, გამორჩეული ადგილი უკავია საცხოვრებლით უზრუნველყოფას, თუმცა მუხრანის მცხოვრებლები, ასევე, დაინტერესებული არიან, ისარგებლონ საკვები პროდუქტების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი ტრადიციებით, მიჰყიდონ სტუმრებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ამუშაონ რესტორნები, რომლებშიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ კერძებს შესთავაზებენ.

ტურიზმის სფეროში მუშაობის მსურველი ბენეფიციარებისთვის მთავარ გამოწვევას, ინფორმაციის ნაკლებობასთან ერთად, წარმოადგენს ტურიზმის სექტორში მუშაობის გამოცდილების ნაკლებობა.

რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა გამოთქვამს სურვილს, გაიაროს ტრენინგი თემაზე, თუ როგორ უნდა იმართოს ტურისტული ბიზნესი. კვლევაში გამოიკვეთა კონკრეტული სფეროები, რომლებშიც დგას ტრენინგის საჭიროება, მათ შორის გაყიდვები და მარკეტინგი, ფინანსური სახსრები და დაფინანსება და მომხმარებლებზე ზრუნვა. დიდი სურვილი არსებობს, ასევე, ჩატარდეს ტრენინგი საკვების უსაფრთხოებასა და სტანდარტებში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე