საქართველო: ქუთაისში გამართულ კონფერენციაზე მთავრობისა და ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა განიხილეს

საქართველო
საქართველო: ქუთაისში გამართულ კონფერენციაზე მთავრობისა და ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა განიხილეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (GCCI) ჩაატარა დასავლეთ საქართველოს ბიზნეს-ფორუმი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკუთარ განახლებულ ოფისში ქუთაისში, რომელშიც ასევე განთავსებულია DCFTA-ს ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრი. ფორუმს დაესწრო 200-მდე მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. ფორუმი ჩატარდა პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

ღონისძიება გახსნა GCCI-ის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ასევე ვინსენტ რეი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ხელმძღვანელი. 

მეწარმეებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ მინისტრ ქობულიას და მისთვის გაეზიარებინათ არსებული სირთულეები და თემატური საკითხები, რომლებიც რეგიონების მეწარმეებს აწუხებთ. მათ ასევე მოისმინეს მთავრობის გეგმები ბიზნესთან დაკავშირებით.

ფორმატი ითვალისწინებდა პრეზენტაციებსა და დისკუსიებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებისა და ამ პროცესის სირთულეების შესახებ. მონაწილეებს ეცნობათ არსებული პროგრამებისა და მექანიზმების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ეხმარება მათ პროდუქციის მომზადებაში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის. GCCI-ის წარმომადგენლებმა გააზიარეს ინფორმაცია DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის საკონსულტაციო და სწავლების სერვისების შესახებ, ასევე GCCI-ის იმერეთის რეგიონალური ოფისის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების სერვისების შესახებ.

მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა

GCCI-ის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის განახლებული ოფისი დასავლეთ საქართველოს მეწარმეების თავშეყრის ადგილად იქცევა: „ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და ძალისხმევით, აქ ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ მეწარმეებმა მათთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურება მიიღონ, დაესწრონ ტრენინგებს და ჰქონდეთ საკომუნიკაციო სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის. განახლებული ოფისი დიდ როლს ითამაშებს რეგიონებში სახელმწიფო სერვისებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ ცნობადობის ამაღლებაში“, – განაცხადა მან.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა: „ეკონომიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში. ჩვენი მიზანია, მათ ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია და წვდომა იმ ბენეფიტებთან, რომელსაც ქმნის საქართველოს მთავრობა ბიზნესის წახალისების, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის გაზრდის, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა თუ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან“.

შემდეგ მან დაამატა: „ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ადგილობრივ ბიზნესს დავეხმაროთ კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში – ამ მიზნით უკვე დაანონსებული გვაქვს მასშტაბური გადამზადების პროგრამა, რომელსაც, პირველ ეტაპზე, საქართველოს რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე განვახორციელებთ“.

ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ ადგილობრივ მეწარმეებს მეტი გაეგოთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისკენ მიმართული პროექტებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რაც მათ DCFTA-ს მოთხოვნებთან ადაპტირებაში და ექსპორტისთვის მომზადებაში დაეხმარება. 

ცოდნის ცენტრი

„ამ ახალი ინფრასტრუქტურით, პალატის რეგიონული ოფისი და DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრი მზად არიან შეასრულონ ცოდნისა და ბიზნეს რესურსების გაზიარების აქტიური კერის ფუნქცია“, – განაცხადა ვინსენტ რეიმ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან. „იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მეწარმე შეძლებს ისარგებლოს მიზნობრივი დახმარებით და გამოიყენოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული შესაძლებლობები სავაჭრო და ბიზნეს კავშირების დამყარების კუთხით“. ფორუმის თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემია. 

ევროკავშირის მხარდაჭერა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონალური ოფისის რეკონსტრუქცია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა, GIZ-ისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტების ხაზით. ეს იქნება სივრცე დასავლეთ საქართველოში მომუშავე მეწარმეებისთვის, ერთგვარი ბიზნეს-ცენტრი დასავლეთ საქართველოში. ეს სივრცე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, დაამყარონ საქმიანი კომუნიკაცია, მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს-ფორუმებში და გამართონ სხვა სახის შეხვედრები. ასევე საშუალებას მისცემს, მიიღონ პროფესიული კონსულტაციები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. 

DCFTA-ს ადგილობრივ საინფორმაციო ცენტრში კი, რომელიც ასევე GIZ-ის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით დაფუძნდა, მეწარმეებს საშუალება აქვთ, მიიღონ კონსულტაციები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. დღეისათვის უკვე 4400-მა მეწარმემ ისარგებლა ცენტრის ადგილობრივი ოფისების სერვისებით ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და გორში, რაც მოიცავს კონსულტაციებს, დარგობრივ შეხვედრებსა და ტრენინგებს.

პროექტი „„მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში““ ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და ახალ მარეგულირებელ გარემოსთან შეგუებაში, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებამ (DCFTA) შექმნა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო საწარმოებისა და საქართველოს კერძო სექტორის განვითარების ხელშემწყობ ყველა პროგრამას.  EU4Business საშუალებას აძლევს კერძო სექტორს, ისარგებლოს DCFTA-ს მიერ უზრუნველყოფილი უპირატესობებით, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს წვდომას საერთო ბაზარზე 500 მილიონი მომხმარებლით.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე