EBRD კრედო ბანკს ადგილობრივი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სესხით უზრუნველყოფს

საქართველო
EBRD კრედო ბანკს ადგილობრივი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სესხით უზრუნველყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კრედო ბანკს საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) მხარდასაჭერად დაფინანსების პაკეტით უზრუნველყოფს.

შეთანხმება გაფორმდა EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს 15-16 მაისს ერევანში გაიმართა.

EBRD სესხის სახით დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს (9.28 მილიონი ევრო) გასცემს. თანხა მოხმარდება ადგილობრივი კომპანიებისთვის კრედიტების გაცემას, ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ყურადღება მიექცევა იმ საწარმოებსაც, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ფუნქციონირებენ.

კრედო ბანკი  დაფინანსებას უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყოფს. სესხის აღება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბანკის ფილიალების ქსელისა და ციფრული არხების მეშვეობით. ამ ინიციატივით ასევე გაგრძელდება  ქალების მიერ მართული ბიზნესისა და სოციალურად ნაკლებად დაცული  ჯგუფების მხარდაჭერა. 

დღეისათვის EBRD-ს საქართველოს ფინანსური, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების 296 პროექტში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული.  ამ ინვესტიციებიდან 83 პროცენტი კერძო სექტორს მოხმარდა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე