ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და თიბისი ბანკმა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის, მათთვის ხელსაყრელი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.
EIB-ის გარანტია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 31 მილიონ ევროზე მეტს გამოათავისუფლებს. ეს თანხა თიბისი ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე პოტენციური ზარალის 80%-ს დაფარავს. მხარდაჭერა ფოკუსირდება რეგიონულ ერთეულებზე, ქალების მიერ მართულ ბიზნესებზე, ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპებზე.
გარანტია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინიციატივის ფარგლებში გაიცემა. ინიციატივას მხარს უჭერს EIB-ისა და ევროკომისიის საზიარო პროგრამა, მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
გარანტია ასევე ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის შემუშავებული საფლაგმანო, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოში არსებულ 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარებასაც მოიაზრებს.
„ეს გარანტია, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, თიბისი ბანკი განახორციელებს, ნაკლებად მხარდაჭერილ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს და გაზრდის მათ წვლილს ეკონომიკაში“, — განაცხადა EIB-ის პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც ბანკის საქართველოში საქმიანობაზეა პასუხისმგებელი, — „საწარმოთა ზრდის და საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ქვეყანამ ეს-ესაა მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.