ქართველი დიზაინერები და ავეჯის მწარმოებლები „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის მხარდაჭერით საერთაშორისო კავშირებს განამტკიცებენ

საქართველო
ქართველი დიზაინერები და ავეჯის მწარმოებლები „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის მხარდაჭერით საერთაშორისო კავშირებს განამტკიცებენ

თბილისი, 16 იანვარი, 2019 წ. – ქართველი დიზაინერებისა და ავეჯის მწარმოებლების ჯგუფი გერმანიის ქალაქ კიოლნში იმყოფება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ავეჯის ნიმუშები ინტერიერის დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პასაჟენის გამოფენის „Designers Fair“-ის ნაწილში იქნება წარმოდგენილი.  ამასთანავე, ქართველი ავეჯის მწარმოებლები მოინახულებენ ავეჯის მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით და ასევე ესტუმრებიან „IMM Cologne“-ს, ავეჯისა და დიზაინის მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენას.

ჯგუფში არიან არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ანუკა თავართქილაძე, დიზიან სტუდია „Designbureau“-ს წარმომადგენლები ნია მგალობლიშვილი, სოფიო შევარდნაძე და ია ლიპარტელიანი, ეკო-პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული საოჯახო ბიზნეს კომპანია „ფუნდუკის“ წარმომადგენელი სანდრო წივწივაძე, ლევან ლომინაშვილი „XYZ Integrated Architecture“-დან, ავეჯის მწარმოებლები კომპანიებიდან „Avangardi“, „Eurostyle XXI“, „Madera LG“. ყველანი ქართული ავეჯის კლასტერის წევრები არიან, რომელიც 2017 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. ორი წლის წინ კლასტერის წევრები პირველად ესტუმრენ „IMM“-სა და პასაჟენს, თუმცა წელს ისინი უკვე საკუთარი უნიკალური დიზაინის პროდუქციასაც წარმოადგენენ, რომელთა ნაწილიც კლასტერში გაერთიანებულ კომპანიებში დამზადდა. ეს კი კლასტერის წევრ დიზაინერებსა და მწარმოებლებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთ კარგ მაგალითს წარმოადგენს.

ქართველი დიზაინერების პასაჟენის გამოფენაში მონაწილეობა „Design Georgia“ ბრენდის ქვეშ მიმდინარეობს და ორგანიზაციულ მხარდაჭერას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უწევს. აღნიშნული სააგენტო საქართველოში კლასტერს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება.

ქართველი დიზაინერები წელს „Designers Fair“-ის საერთაშორისო ფოკუსში მოხვდნენ. „Design Georgia“ მოსანახულებელ გამოფენათა ათეულში დასახელდა მსოფლიოს გამოჩენილ დიზაინერთა გვერდით. ოთხივე დიზაინ სტუდია პასაჟენის პრიზზე ნომინირებულ 22 დიზაინერს შორის მოხვდა. აღნიშნული პრიზი ყველაზე პერსპექტიულ დიზაინერებს გადაეცემა.   

„ამ ტიპის გამოფენებში მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული პროდუქტის დიზაინის განვითარებისთვის. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, რადგან უშუალოდ ვიგებთ, თუ როგორ წარმოადგენენ კომპანიები საკუთარ პროდუქტებს და როგორ ახდენენ მარკეტინგს. ჩვენ ასევე ვიღებთ უკუკავშირს დამთვალიერებლებისგან, რაც დაეხმარება კომპანიას ევროპული ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში“ - აღნიშნავს ნია მგალობლიშვილი „Designbureau“-დან.

ამ აზრს იზიარებს არქიტექტორი და დიზაინერი ანუკა თავართქილაძეც: „ჩვენთვის აქ ყოფნა ევროპის ბაზარზე ახალი პარტნიორების აღმოჩენის შესაძლებლობაა. ეს ასევე იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი პროდუქცია ევროპის ბაზრის მოლოდინებისა და სტანდარტების შესაბამისია.“

პასაჟენის გამოფენის პარალელურად, ქართველი ავეჯის მწარმოებლები მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Hettich Group“-ის მიწვევით მათ ფაბრიკას ესტუმრნენ, რომელიც ქ.კიოლნთან ახლოს მდებარეობს. „Hettich Group“ ამჟამად შუალედური პროდუქციის მიმწოდებლეებს ეძებს და ქართველ მწარმოებლებთან შეხვედრაც თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავს მიზნად. 

ქართული ავეჯის კლასტერი 40 დიზაინერსა და ავეჯის მწარმოებელს აერთიანებს. ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით დაარსდა, რომელსაც ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა აფინანსებს და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. კლასტერის მიზანია დაეხმაროს ინდივიდუალურ ანტრეპრენიორებს და კომპანიებს დაძლიონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები ერთიანი ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანების გზით. კლასტერი ასევე დაეხმარება მათ ევროპისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის  ფარგლებში ხორციელდება, რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო ბიზნესის და კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართულ ევროკავშირის პროგრამებს საქართველოში. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უღებს საქართველოს 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზრისკენ.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე