
შეფასების მიხედვით 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9,5 პროცენტით გაიზარდა, რითაც მოლოდინს გადააჭარბა და 2023 წლის 7,8 პროცენტიდან დაჩქარდა, ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საფლაგმანო ანგარიშში, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა.
ეკონომიკა ძირითადად გაიზარდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ვაჭრობის, განათლების, საჯარო ადმინისტრაციის და მშენებლობის ხარჯზე, ხოლო ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლის და ჰაერის კონდიცირების მიწოდების სექტორები შემცირდა. 2024 წელს ტურიზმის სექტორმა 7.4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის მოზიდვით რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ომთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების ქვეყანაში შემოსვლის და რუსეთიდან მიგრაციის შემცირების მიუხედავად, შიდა მოხმარება რჩებოდა მაღალი, რასაც ხელს უწყობდა კრედიტების მაჩვენებლის ზრდა და ხელფასის მატება.
ამავე დროს, 2024 წელს ინფლაცია კვლავ იყო დაბალი 1.1%-იანი საშუალო მაჩვენებლით, რაც არის 2023 წლის 2.5%-ზე დაბალი და მნიშვნელოვნად დაბალი საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე.
პროგნოზის მიხედვით მშპ-ს რეალური ზრდა 2025 წელს შემცირდება 6%-მდე, ხოლო 2026 წელს – 5%-მდე, და იქნება პოტენციურ ზრდის მაჩვენებელთან ახლოს, ვინაიდან პოლიტიკური გაურკვევლობა, შესუსტებული საგარეო ბალანსები და
საკრედიტო ექსპანსიის ტემპის შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებამ ბოლოდროინდელი პოლიტიკური არეულობების და ფართომასშტაბიანი პროტესტის შედეგად, შესაძლოა კიდევ უფრო შეზღუდოს კერძო სექტორის ზრდა, იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორებში, დაეხმარება ზრდის ტემპის შემცირების შერბილებას. მდგომარეობის გაუარესების რისკები რჩება მაღალი.
დამატებით ინფორმაცია