ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულმა პროექტმა, GRETA, ოქტომბერში ჩატარებულ დასკვნით ღონისძიებაზე მიღწეული შედეგები შეაჯამა და წარმოაჩინა, თუ რა სარგებლობა მოუტანა ინიციატივამ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას.
პროექტი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ (GRETA) საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტომ ევროკავშირის, ავსტრიის და შვედეთის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის მიზანი იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნა საქართველოს ეკონომიკის ორ მნიშვნელოვან სექტორში — სამთო ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში. პროექტი მესტიაში, ლენტეხში, ცაგერში, ონში, ამბროლაურში, საჩხერეში, ჭიათურასა და ტყიბულში განხორციელდა.
მისი საშუალებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოქმედმა 300-ზე მეტმა მცირე და საშუალო მეწარმემ თავისი ბიზნესი მარკეტინგის, ბრენდინგის და კომერციული საქმიანობის მართვის სხვა უნარების მიმართულებით ჩატარებული ტრენინგებით გააძლიერა.
გარდა ამისა, 20 სამთო გამყოლს გადაეცა პროფესიული სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. კერძო და საჯარო ბიზნესის 30-მდე წარმომადგენელი კი ბიოწარმოების სპეციფიკას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩამოყალიბდა ჩაის და ღვინის ასოციაციები და შეიქმნა ცხრა ინოვაციური ტურისტული პროდუქტი, რომლებმაც რეგიონი ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახადა.