ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების პროექტი საქართველოში

საქართველო
ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების პროექტი საქართველოში

ევროკავშირი 4.5 მლნ. ევროს გამოყოფს საქართველოს ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელდება.

დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირმა (EU) და მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების (FIA) პროექტის დაწყების შესახებ განაცხადეს. პროექტი დაიგეგმა მეორე თაობის ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად, რომლებიც საქართველოს უწყებების მიერ ხორციელდება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და პროდუქტიულობის და ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით.

“ვიმედოვნებთ, რომ პროექტი დაეხმარება საქართველოს მთავრობას რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებიც გააჯანსაღებს საფინანსო სექტორს, გააუმჯობესებს ფინანსურ ჩართულობას სერვისებს მოკლებული კლიენტებისთვის და საფუძველს მოამზადებს გაცილებით მეტად კონკურენტული, გამჭვირვალე და სანიმუშო მართვის მქონე ინსტიტუტისთვის“, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა. მისივე თქმით, „ზემოაღნიშნული წარმოადგენს ძირითად წინაპირობებს საქართველოს უწყვეტი, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და კეთილდღეობისთვის.“

„ამ პროექტის დაწყება ევროკავშირის მიერ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ თვალსაჩინო წინსვლას ექნება ადგილი დაფინანსებასთან წვდომისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ.

პროექტი საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან და საჯარო და კერძო სექტორის სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება. 4.5 მლნ. ევროს ღირებულების პროექტი ოთხი წლის განმავლობაში (2019 - 2022 წწ ) განხორციელდება.

პროექტი საქართველოსთან 2019 - 2022 წლებისთვის შემუშავებული მსოფლიო ბანკის პარტნიორობის ჩარჩო დოკუმენტისა და ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო პროგრამის (2017 - 2020 წწ) ნაწილია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

· თამრიკო მიქაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

· ინგა პაიჭაძე, საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ipaichadze@worldbank.org

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე