ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ტერაბანკს 6 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. ინიციატივა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტებით უზრუნველყოფს.
აღნიშნული სესხი წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებაზე ორიენტირებული ინიციატივის ნაწილს, რომელიც ბიზნესებს ფინანსებზე წვდომას უმარტივებს. ეს ხორციელდება ქვეყნის იმ მცირე ზომის ბანკების მხარდაჭერით, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ მომხმარებლებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას და ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობენ.
ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გარანტიით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე COVID-19-ის პანდემიის ზემოქმედების შერბილებასა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარების გზაზე დააყენებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროპის გუნდის ნაწილია, საქართველოში განხორციელებულ ევროკავშირის სხვა პროექტებთან პროგრამის, EU4Business ფარგლებში თანამშრომლობს.
მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, მათ წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი ფინანსების ხელმისაწვდომობაა. დღეისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკს საკრედიტო ხაზების სახით 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული ქართულ ბიზნესში, რამაც ქვეყანაში 54,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.