მამის დანატოვარი ოცნება, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ყვარლის ვენახებში გაცოცხლდა

საქართველო
მამის დანატოვარი ოცნება, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ყვარლის ვენახებში გაცოცხლდა

კახეთში, ყვარლის მზიან ვენახებს შორის, ერთი მყუდრო ხის კოტეჯი დგას, რომელსაც „აკიდო" ჰქვია. 31 წლის მარიამ იაშვილისთვის ეს ადგილი მამის აუხდენელი ოცნების ასრულებაა. ტურიზმის სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ და საკუთარი მიწის სიყვარულმა მარიამს გადააწყვეტინა, მამის ხსოვნის პატივსაცემად აქ სტუმარმასპინძლობის კერა შეექმნა.

„მამას ძალიან უნდოდა, რომ ჩვენს ვენახში პატარა სახლი გვქონოდა, სადაც მოსული სტუმარი ბუნებასთან სიახლოვეს იგრძნობდა", — იხსენებს მარიამი.

უკეთესის ძიებაში

მარიამ იაშვილი და მისი ოჯახი უკვე 10 წელია, რაც ყვარელში საოჯახო სასტუმროს უძღვებიან. ამ ხნის განმავლობაში მათ შეამჩნიეს, რომ სტუმრების უმეტესობას ყველაზე მეტად ერთი რამ აინტერესებდა — ღვინო. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ღვინის წარმოების კუთხით, კახეთი საქართველოს ყველაზე ცნობილი მხარეა.

პანდემია მათი ბიზნესისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა და ოჯახი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. საბედნიეროდ იაშვილმა ფინანსური მხარდაჭერა მიიღო პროექტისგან: „დაჩქარებული სოფლის განვითარების ხელშეწყობა იმერეთსა და კახეთში." ეს ინიციატივა ევროკავშირის EU4Business-ის ფარგლებში, პროგრამა ENPARD IV-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მიღებული 54,000 ლარით ოჯახმა ააშენა ე.წ. „A-ფორმის" კოტეჯი — ეკოლოგიურად სუფთა ხისგან დამზადებული სამკუთხა ნაგებობა, რომელიც ვენახის ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის.

პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მდგრად განვითარებას, რაც სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი თემების საჭიროებების გამოკვეთით მიიღწევა. პროექტის პრიორიტეტებია ტურიზმისა და აგრო-მიმართულებების (ღირებულებათა ჯაჭვების) ხელშეწყობა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლება და რეგიონების განვითარება.

სიმშვიდე და ჰარმონია

„აკიდო" სულ ახლახანს გაიხსნა და ზაფხულმაც სტუმრების სიმრავლეში ჩაიარა. ამ სახელს ორივე ენაზე სიმბოლური და ლამაზი დატვირთვა აქვს: იაპონურად „აკიდო" მშვიდობას ნიშნავს, ქართულად კი „აკიდო" ვაზის ნასხეპზე შერჩენილი ორი მტევანია. კოტეჯი ორივე მნიშვნელობას ამართლებს — ის ნამდვილი თავშესაფარია მათთვის, ვისაც ყოველდღიური ქაოსისგან გაქცევა და სიმშვიდეში დასვენება სურს.

აქ დილა ფანჯარაში შემოჭრილი მწიფე ყურძნის სურნელით იწყება. საუზმე პირდაპირ ვენახში გაიშლება ხოლმე, საღამოები კი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ეთმობა. თუმცა „აკიდო" მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი არ არის — აქ სტუმრები თავად მონაწილეობენ რთველში, წურავენ ყურძენს და იმავე დღეს აგემოვნებენ საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოს.

იაშვილების ოჯახისთვის „აკიდო" მხოლოდ დასაწყისია. ისინი უკვე გეგმავენ დამატებითი კოტეჯებისა და მარნის მოწყობას იქვე, ვენახში, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს კახეთის ჯადოსნური გარემო. მარიამი უკვე შვიდი წელია ჩირის ბიოწარმოებასაც ეწევა. ახლა, როცა ახალი ეკოკოტეჯი ღვინის ტურისტებს იზიდავს, მას იმედი აქვს, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს გააძლიერებს და საბოლოოდ საექსპორტო ბაზარზე გასვლასაც შეძლებს.

მარიამ იაშვილი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მეწარმეთა შორის, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს. მარტო 2024 წელს, EU4Business-მა საქართველოში 40,801 მცირე და საშუალო საწარმოს დაუჭირა მხარი. იმისათვის, რომ მეტი გაიგოთ, თუ როგორ ეხმარება EU4Business მეწარმეებს, ეწვიეთ ვებგვერდს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე