ევროკავშირი, შვედეთი და EBRD ქართულ კომპანიებს ციფრული გაყიდვების სფეროს ათვისებაში ეხმარებიან

საქართველო
ევროკავშირი, შვედეთი და EBRD ქართულ კომპანიებს  ციფრული გაყიდვების სფეროს ათვისებაში ეხმარებიან

როდესაც 2019 წლის დასაწყისში, დეველოპერმა ქეთი ვაჩიბერიძემ ონლაინ ელექტრონული კომერციის პლატფორმა B2C.GE შექმნა, ონლაინ გაყიდვების მიმართ ქართული კომპანიების ნდობა დაბალი იყო. შემდგომ, 2020 წელს მოჰყვა Covid-19-ის პანდემია და ლოქდაუნის პირობებში, ბიზნესები იძულებულები გაახდნენ, დაკეტილიყვნენ. ბევრი კომპანიისთვის გაციფრულება ერთადერთი გზა იყო თავის გადასარჩენად. ამრიგად, პანდემიასთან დაკავშირებულმა უპრეცედენტო გამოწვევებმა B2C.GE-ს უდიდესი შესაძლებლობები შეუქმნა.

შვედეთისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში, EBRD-მ კომპანიას აღმოუჩინა მხარდაჭერა გაფართოების და ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისი სერვისების შექმნის კუთხით. ამჟამად EBRD და ევროკავშირი (EU), EU4Business ინიციატივის ფარგლებში, B2C.GE-ს სერვისებს მცირე ბიზნესებისთვის ხდიან ხელმისაწვდომს.

ელექტრონული კომერციის წარმატება

„ჩვენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შევქმენით ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებს შეესაბამებოდა,“ - იხსენებს ქეთი. „თუმცა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა ჩვენი კლიენტები, რომ ონლაინ მაღაზიები არა ფუფუნება, არამედ, მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.“

2019 წელს, პლატფორმაზე დაახლოებით 150 მაღაზია დარეგისტრირდა. მათი რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული პირველი ლოქდაუნის დროს, 2020 წლის მარტში. B2C.GE მაღაზიებს და ბრენდებს ონლაინ გაყიდვის საშუალებას აძლევს, საკუთარი ვებგვერდის გარეშე.

„როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ჩვენ მაშინ გავხდით ყველაზე დატვირთულები, ახალი თანამშრომლებიც კი ავიყვანეთ, გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“ - ამბობს ქეთი. „ეს დაგვეხმარა, მოგვეხდინა ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების ზუსტი საჭიროებების იდენტიფიცირება.“

ამ კუთხით EU4Business-ის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პროგრამის „ქალები ბიზნესში“ საშუალებით, EBRD-მ უზრუნველყო ადგილობრივი კონსულტანტების ჩართულობა, B2C.GE პლატფორმის ფუნქციონალობის გლობალური ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ფინანსური აღრიცხვის სისტემების, ადგილობრივი გადახდის მეთოდების, მიწოდების სერვისებისა და საწყობის მართვის სისტემების ინტეგრირებისა და მობილური აპლიკაციების დანერგვის კუთხით.

დღეს B2C.GE საქართველოში უფრო მეტ ბიზნესს ემსახურება, ვიდრე ყველა სხვა საერთაშორისო პლატფორმა, ერთად აღებული. პლატფორმაზე მაღაზიების რაოდენობა 135 პროცენტით გაიზარდა პროექტის დასრულების შემდეგ, ხოლო 2020 წელს, შოპინგის ყველაზე აქტიურ თვეებში (ნოემბერი და დეკემბერი) კომპანიის გაყიდვების ზრდამ 1,000 პროცენტს გადააჭარბა.

„მაშინ კომპანიებს სწრაფად უნდა ემოქმედათ, რათა გადარჩენილიყვნენ“ - განმარტავს ქეთი. „უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მაქსიმალურად სწრაფად მოეხდინათ გაციფრულება. ელექტრონული ვაჭრობისთვის ვებსაიტის შესაქმნელად დეველოპერის დაქირავება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მნიშვნელოვან ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ამასთან, მუდმივად ცვლადი გარემოსა და განახლებადი გადახდის სისტემების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპანიები ამ განვითარებებს არ ჩამორჩენოდნენ.“

სამომავლო გეგმები

ქეთის მტკიცედ სჯერა ელექტრონული კომერციის მომავლის.

„ელექტრონული კომერცია ჩვენთან დარჩება,“ - ამბობს იგი. „მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა: ჩვენ ნაკლები დრო გვაქვს მაღაზიებში სასიარულოდ. დღეისათვის ადამიანთა დაახლოებით 60 პროცენტი პროდუქტებს ყიდვამდე ონლაინ ამოწმებს: პროდუქტი არ არსებობს, თუ მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არ არის ხელმისაწვდომი. პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა.“

ამავდროულად, საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, Galt and Taggart-ის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პანდემიის პირველ წელში ელექტრონული კომერცია გაიზარდა, იგი კვლავ ჩამორჩება დანარჩენი ევროპის მაჩვენებელს. ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პენეტრაციის მაჩვენებელი და ერთ სულ მოსახლეზე ხარჯვის რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

საქართველოში ელექტრონული კომერციის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, EBRD-მ და B2C.GE-მ კიდევ ერთხელ გააერთიანეს ძალისხმევა და EU4Business ინიციატივის საშუალებით ხელმისაწვდომი ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში, ისინი სერვისებს მცირე კომპანიებს შესთავაზებენ. კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, შეძლებენ, გაიარონ ტრენინგი და ისარგებლონ ციფრული მარკეტინგის სფეროში მხარდაჭერით, ხოლო მათი პროდუქტები განთავსდება ონლაინ სივრცეში, უფასოდ, რაც კომპანიებს ციფრული გაყიდვების ზრდაში და ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება და ინოვაციას შეუწყობს ხელს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე