კოვიდ პანდემიის დროს მეწარმე თამარ აბულაძე თავისი საიუველირო ბრენდის მომხმარებელს ესაუბრებოდა. კლიენტი, მას ისეთი სამკაულის შექმნას სთხოვდა, როგორსაც ის ჩვეულებრივ არ ამზადებს. თამარმა გაიფიქრა: "წარმოიდგინე, ვინმემ რომ მთხოვოს ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადება". თავიდან გაეცინა, მაგრამ მალევე გაიფიქრა: „იქნებ მართლაც შესაძლებელია?“
თამარი ქართულ ღვინოებში კარგად ერკვევა და ამ მიმართულებით ფორმალური განათლებაც აქვს. სწორედ ამიტომ, მან იცოდა, რომ არსებობს ღვინის კრისტალები - იგივე ღვინის მჟავას კალიუმის მარილები, რომლებიც ბუნებრივად ქვევრებში, ბოთლებში ან კასრებში წარმოიქმნება, მაშინ, როცა ღვინის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა ღვინის სფეროს წარმომადგენლები თამარს განუწყვეტლივ უმეორებდნენ, რომ ამ იდეის განხორციელება წარმოუდგენელი იყო.
"მახსოვს, ჯერ გავბრაზდი და მერე ვიფიქრე: 21-ე საუკუნეა, ილონ მასკი მარსზე მიფრინავს და როგორ შეიძლება ეს სამკაულები ვერ დავამზადო?" - გვითხრა აბულაძემ.
ამის შემდეგ ის კვირების განმავლობაში მუშაობდა და კრისტალებისგან შექმნილ სამკაულებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, რომ წყლისა და სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ მათი გამძლეობა გაეუმჯობესებინა.
სამი თვის შემდეგ თამარს უკვე ჰქონდა პროტოტიპი. ასე შეიქმნა Wine Diamond’ის ბრენდი.
Wine Diamond ამზადებს ბროშებს, ბეჭდებს, საყურეებს და სხვა სახის სამკაულებს ღვინის კრისტალების გამოყენებით, რაც ყოველწლიურ ყურძნის მოსავალს უკვდავებას ანიჭებს. ღვინის ქვის ფერი ასახავს თავად ღვინის ფერს. მაგალითად, თეთრი რქაწითელის ღვინო მოყვითალო ელფერს იძენს, წითელი საფერავის ქვებს კი მუქი იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს.
მას შემდეგ, რაც აბულაძემ სხვადასხვა სამკაულების შექმნა დაიწყო, მას კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდა - საქართველოში ღვინის ქვების შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
„როდესაც უნიკალურ პროდუქციას ქმნი, რომელსაც არ აქვს ანალოგი არც საქართველოში და არც მსოფლიოში, კლიენტების მოზიდვა საკმაოდ რთულია“, - ამბობს აბულაძე. ”პირველ რიგში, მათი ნდობა უნდა მოიპოვო და შემდეგ უნდა დაარწმუნო ისინი, რომ ამ შედარებით მაღალი ფასის მქონე პროდუქტში ინვესტიცია ღირს.”
მისი საწყისი კომპანიის „ემოციას“ დახმარებით თამარს საიუველირო ინდუსტრიაში კარგად იცნობენ, რის გამოც პირველი რამდენიმე მომხმარებელი მალევე იპოვა. ამის შემდეგ სიტყვიერი რეკომენდაციები სწრაფად გავრცელდა, რასაც ქართულ მედიაში Wine Diamond-ის შესახებ სტატიები და სიუჟეტები მოყვა.
„ჩვენ ვისწრაფვით, რომ Wine Diamond იყოს ელჩი და საქართველო წარმოაჩინოს, როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში“, - ამბობს აბულაძე. „ღვინო ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ალკოჰოლი; ის განასახიერებს ფილოსოფიას და ემოციებს. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გადმოსცემს სათქმელს სიტყვის წარმოთქმის გარეშე. ჩემი მიზანია საქართველოში მეღვინეობის მდიდარი ისტორია ჩვენი სამკაულების მეშვეობით სამუდამოდ შევინახოთ.“
Wine Diamond-ის პროდუქცია ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციისა (Eurochambres) და EU4Business-ის პროექტის დახმარებით ახლა საქართველოს საზღვრებს სცდება. EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) ინიციატივა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business პროგრამის ფარგლებში, ცდილობს ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) ზრდის ხელშეწყობის გზით. პროექტის სამიზნე სექტორებია ბიო-საკვები, შემოქმედებითი ინდუსტრიები, ტექსტილი, ტურიზმი და ღვინო.
2023 წლის მაისში თამარ აბულაძე გაცვლითი პროგრამით იტალიაში იმყოფებოდა, სადაც მას ცნობილმა ღვინის კრიტიკოსმა კარმელო სგანდურამ უმასპინძლა. იქ ყოფნის პერიოდში თამარი საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციაზე მუშაობდა, გაიცნო ინდუსტრიის წარმომადგენლები და მთელი იტალიის მასშტაბით ახალი კავშირები დაამყარე. ერთ-ერთმა კომპანიამ მას კორპორატიული კლიენტებისთბის ბროწეულის ბროშებიც დაუკვეთა.
გაცვლითი პროგრამა ასევე მოიცავდა ბაზრის კვლევის ჩატარებას და იტალიელების ყიდვის ქცევის შესწავლას. აბულაძე ფიქრობს, რომ ეს ერი საკმაოდ ახლოსაა ქართველებთან - ორივე ემოციებზე დაყრდნობით ყიდულობს პროდუქციას.
"ეს იყო უაღრესად საგანმანათლებლო გამოცდილება ჩემთვის," ამბობს ის. ”ამ გაცვლითი პროგრამის საშუალებით, გამოვავლინე ხარვეზები და შეცდომები ჩემს კომპანიაში, რომლებსაც ადრე ვერ ვხედავდი.”
თავდაპირველად აბულაძეს სჯეროდა, რომ მისი პროდუქციით უფრო ძველი თაობების წარმომადგენლები დაინტერესდებოდნენ - მომხმარებლები, რომლებსაც დიდი ზომის სამკაულები უყვართ. თუმცა, ბოლოდროინდელმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ მისი მთავარი კლიენტურა ახალგაზრდა, თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც ინოვაცია იზიდავთ და რომლებიც უფრო პატარა, დელიკატურ სამკაულს ამჯობინებენ.
მან თავისი კოლექციის დიზაინში ცვლილებები შეიტანა, რამაც მაისის შემდეგ გაყიდვების 30%-იანი ზრდა გამოიწვია.
აბულაძის შემდეგი ნაბიჯი მისი ოთხი ბრენდისთვის, მათ შორის Wine Diamond-ისთვის ოფისისა და შოურუმის გახსნაა. შოურუმი ემსახურება კლიენტებს, რომლებიც სამკაულების პირადად შერჩევას ამჯობინებენ და ონლაინ ნივთების შეძენა არ უყვართ. ოფისთან ერთად აქცენტი გაკეთდება კომფორტული და ინოვაციური სივრცის შექმნაზე, შემოქმედებითობისა და კითხვისთვის გამოყოფილი ადგილებით. პარალელურად, აბულაძე იწყებს ყველა თავისი ბრენდის სრულ გაფიცრულებას. ეს სტრატეგიული ინვესტიცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ სასიამოვნო ონლაინ გამოცდილება სასურველი ნივთების შეძენისას.
„მინდა მქონდეს კომპანია, სადაც თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც ბედნიერები იქნებიან“, - ამბობს აბულაძე.
„ისევე ბედნიერი, როგორც მე ვარ, იმ საქმის კეთებით, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს."