EU4Business და Eurochambres ქართულ დიზაინის კომპანიებს ექსპორტის გაზრდაში ეხმარებიან

საქართველო
EU4Business და Eurochambres ქართულ დიზაინის კომპანიებს ექსპორტის გაზრდაში ეხმარებიან

ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე დიზაინის სფეროში მომუშავე უამრავი მცირე ბიზნესი გაჩნდა. ზოგიერთი მეწარმე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, თუმცა სხვებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებას მისაღწევად მეტი ცოდნა სჭირდებათ.

ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაცია (Eurochambres), რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ პალატებსა და ბიზნეს საზოგადოებებს ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, აგრძელებს მხარდაჭერას  EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) პროექტის მეშვეობით. EU4BCC ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდა და მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მხარდაჭერის გზით. პროექტის სამიზნე სექტორებია ბიო-საკვები, შემოქმედებითი ინდუსტრიები, ტექსტილი, ტურიზმი და ღვინო.

ბიზნესის მხარდამჭერი ოთხი ორგანიზაცია და 12 მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან და ესტონეთიდან ერთმანეთის ქვეყნებში გაემგზავრნენ. პროექტი სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის კონტაქტების გაფართოებას, B2B შეხვედრებს, ტრენინგ-სესიებს, ბაზრობებსა და გამოცდილების გაზიარებას. შედეგად ბენეფიციარებმა გაიცნეს კოლეგები დიზაინის სფეროში და მათთან საქმიანი ურთიერთობებიც დაიწყეს. ზოგიერთმა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია ესტონეთის დიზაინერულ მაღაზიებშიც განათავსა.

***

წყვილი, რომელიც ქართულ ანბანს ორნამენტებად აქცევს, ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადება

მხატვარ-დიზაინერმა ნინა სლეპჩენკო მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ ქართული ანბანის ასოების ბრუნვით უნიკალური დიზაინის შექმნა შეეძლო. შედეგად მიიღო ლამაზი და დახვეწილი ქართული ორნამენტული დიზაინის კოლექცია, რომელიც სხვადასხვა ნივთების გაფორმებისთვის გამოიყენება. სლეპჩენკომ გადაწყვიტა ორნამენტები თეფშებზე გადაეტანა და ასე დაიბადა ბიზნესი „საინი“.

სლეპჩენკო შრიფტის მხატვრობით ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლისას დაინტერესდა. თუმცა მან კარიერა ბეჭდური მედიისთვის რეკლამების დიზაინით დაიწყო. შემდეგ ინტერიერის დიზაინმა დააინტერესა და მეუღლესთან, ლევან ვათეიშვილთან ერთად, მუშაობდა მრავალ პროექტზე, მათ შორის კაფეებისა და რესტორნების დიზაინზე. წყვილს ყოველთვის სურდა, საკუთარი კომპანია ჰქონოდა და საბოლოოდ, დიდი შრომის შედეგად, ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში დაგროვებული გამოცდილება საოჯახო ბიზნესად აქციეს.

„საინი“ ქართულად „თეფშს“ ნიშნავს და პირველი კოლექცია, რომელიც გუნდმა 2015 წელს შექმნა, სწორედ ფაიფურის თეფშებისგან შედგებოდა. დღეს მათი პროდუქცია მოიცავს ფაიფურის და კერამიკის ჭურჭელს, ნივთებს ინტერიერის დიზაინისთვის, ბუნებრივ ქვაზე გრავირებული კედლის დეკორაციებს, კერამიკულ ფილებს, სამკაულებს, საათებს და სხვა. ყველა მათგანს ქართული ანბანის ასოებით შექმნილი ორნამენტები ამშვენებს. დღემდე სლეპჩენკომ 6000-ზე მეტი ორნამენტი შექმნა (თითო ასოზე 200-მდე ვარიაცია) და ამით წვლილი შეიტანა ქართული ანბანისა და კულტურის პოპულარიზაციაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ფაიფურის ჭურჭელზე დიზაინის გადასატანად დეკალის ტექნოლოგიას იყენებენ. ეს მეთოდი საქართველოში იშვიათად გვხვდება და ის ანაბეჭდების სითბოს ან წყლის დახმარებით სხვადასხვა ზედაპირზე გადატანას გულისხმობს.

პროცესი ისეთივე დელიკატური და რთულია, როგორც ხელით ხატვა”, - ამბობს სლეპჩენკო.ზოგჯერ კლიენტის მოთხოვნით დაშიფრულ სიტყვებსაც ვსვამთ, როგორიცაა მაგალითად მიყვარხარ“, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ორნამენტი ანბანის ასოს წარმოადგენს“.

2018 წელს „საინმა“ Creative Business Cup Georgia-ს კონკურსში გაიმარჯვა და მიღებული თანხით წყვილმა ფაიფურის თეფშების მეორე კოლექცია შექმნა. სლეპჩენკომ და მისმა გუნდმა ეს კოლექცია კრეატიული ბიზნეს თასის გლობალურ ფინალზე კოპენჰაგენში, დანიაში წაიღეს და წარუდგინეს ჟიურის, სტუმრებსა და წინა კონკურსის გამარჯვებულებს 54 სხვადასხვა ქვეყნიდან. პირველმა წარმატებამ გუნდს ახალი იდეებისკენ უბიძგა.

თუმცა შემდეგ პანდემია დაიწყო.

ბევრი სხვა ბიზნესის მსგავსად, „საინიც“ ონლაინ სივრცეში გადავიდა. საინტერესოა, მაგრამ გამოწვევებმა, რომლებიც პანდემიამ შექმნა, კარგი შედეგი მოგვიტანა, - ამბობს სლეპჩენკო. ვფიქრობ, იმ რთულ დროს ადამიანები უფრო ხშირად უგზავნიდნენ საჩუქრებს ერთმანეთს, ან უბრალოდ ეძებდნენ რაღაცას საკუთარი თავისთვის,” - ამბობს ის. პანდემიის დროს კომპანიის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა.

„საინის“ ცხოვრებაში ახალი ეტაპი 2021 წელს დაიწყო, როდესაც EU4Business-ის და Eurochambres-ის პროექტის მეშვეობით სლეპჩენკო დაესწრო ტრენინგს, სადაც ევროპული ბაზრის მოთხოვნებს გაეცნო. „საინი“ ასევე მონაწილეობდა Tallin Design Week-ში, სადაც ავტორებმა თავისი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინეს და დიზაინის სფეროში მომუშავე ხელოვანებთან კავშირები დაამყარეს.

ბევრი საფიქრალი მოგვეცა, რა მასალები უნდა გამოვიყენოთ, რა მოთხოვნებია და როგორ შევიდეთ ევროპულ ბაზარზე,“ - ამბობს სლეპჩენკო. ასეთი შესაძლებლობები გადამწყვეტია ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში მუშაობს. ეს იყო ყველაზე ინფორმაციული და სასარგებლო პროექტი, რომელშიც ოდესმე მონაწილეობა მიგვიღია.

„საინი“ ახალი მოგზაურობისთვის ემზადება, ამჯერად ევროკავშირის მიმართულებით. სლეპჩენკო პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და ევროპაში ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

***

ქართველი მეგობრები ვერცხლის სამკაულებს ესტონეთში EU4Business-ისა და Eurochambres-ის დახმარებით ყიდიან

ორ ქართველ მეგობარს, თათა კაპანაძეს და მარიამ ხუხუნაიშვილს ყოველთვის სურდათ შეექმნათ საკუთარი ბიზნესი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში გამოცდილება არც ერთს არ ჰქონდათ. მარიამი მსახიობია, თათა კი იმ დროს აზიური კვების რესტორნის ოპერაციულ მენეჯერად მუშაობდა. ერთ დღესაც მათ ვერცხლის აქსესუარების ბრენდი „კალეისი“ შექმნეს.

„კალეისი“ ბალტიის მითოლოგიაში ღვთაებრივ მჭედელს ნიშნავს. ბრენდის შემქმნელ ორ მეგობარს ერთი მიზანი ჰქონდა: შეექმნათ გამორჩეული, მაგრამ ხელმისაწვდომი სამკაულები. პირველ რიგში, მათ ქართული და უცხოური ბაზრები შეისწავლეს და დარწმუნდნენ, რომ მსგავსი სამკაულები  ხელმისაწვდომი არ იყო. შემდეგ, თავიანთი ხედვისა და გემოვნების შერწყმით, ერთად იმუშავეს დიზაინზე და იუველირის დახმარებით შექმნეს ათი ბეჭდისგან შემდგარი პირველი კოლექცია. მას შემდეგ „კალეისმა“ საინტერესო გზა განვლო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ეს იყო არა მხოლოდ შემოსავლის დამატებითი წყარო, არამედ ჩვენი სურვილების ასრულების შესაძლებლობა“, - ამბობს კაპანაძე, რომლის სიყვარულ ვერცხლის აქსესუარების მიმართ უკვე წლებია მისი მეგობრების საუბრის თემაა.

დღეს კალეისი აწარმოებს მინიმალისტური სტილის სამკაულებს მაღალი ხარისხის ვერცხლისგან (925 სისუფთავის ვერცხლი), როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. თითოეული ნივთი მოთავსებულია ხის საპრეზენტაციო ყუთში და ბრენდირებულ ჩანთებში. როგორც კაპანაძე ამბობს, მარტივი დიზაინი ნიშნავს, რომ „კალეისის“ სამკაულებს ყველა ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში მოირგებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ორი მეგობრის სამკაულებმა ქართველ მომხმარებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და კომპანიის წლიური ბრუნვა ამჟამად 100 000 ლარი ან დაახლოებით 34 000 ევროა.

ახლა კალეისის პროდუქცია უკვე საქართველოს საზღვრებსაც სცილდება Eurochabmres და EU4Business-ის პროექტის დახმარებით. კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ტრენინგ-სესიებში, შეხვედრებში და გამოცდილების გაზიარების აქტივობებში და ასევე გაემგზავრა სასწავლო ტურით ტალინში, ესტონეთში. იქ მან  ბაზრის კვლევა ჩაატარა, რის შემდეგაც უკვე შეუძლია, რომ მომავალში სპეციალურად ესტონელი მომხმარებლებისთვის შექმნას კოლექცია.

მენტორები მაღაზიის მფლობელებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაშიც კი დაგვეხმარნენ, - ამბობს კაპანაძე. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყიდებოდა. მაგრამ პროექტში მონაწილეობის შემდეგ გავხდი უფრო მამაცი და უფრო დარწმუნებული იმაში, რისი გაკეთება შემიძლია. ახლა შემიძლია კალეისიმსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წავიღო“.

კალეისის სამკაულები ახლა ტალინში ორ მაღაზიაში იყიდება.

მაგრამ ესტონეთი სულაც არ არის საბოლოო დანიშნულება: კაპანაძე და ხუხუნაიშვილი მუდმივად მუშაობენ ახალ დიზაინზე და კოლექციებს ანახლებენ, ემზადებიან უფრო დიდი ბაზრებისთვის, ვიდრე საქართველო და ესტონეთია.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია ევროპის ყველა ქვეყანაში გაიყიდოს, - ამბობს თათა კაპანაძე.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე