EU4Business და GIZ ტანსაცმლის კრეატიულ მწარმოებელს Covid-19-თან ადაპტირებაში ეხმარებიან

საქართველო
EU4Business და GIZ ტანსაცმლის კრეატიულ მწარმოებელს Covid-19-თან ადაპტირებაში ეხმარებიან

გიფიქრიათ, რამდენად ემოციური დატვირთვა აქვს ფერსა და მის გრადაციებს ადამიანისთვის? სინამდვილეში, კონკრეტული ფერების კოქტეილებს გარკვეული გავლენა ნამდვილად აქვთ ჩვენს განწყობაზე, რაც, ხშირად, ჯანმრთელობისა თუ ემოციურ პრობლემებთან უკეთ გამკლავებაში გვეხმარება. „კომბინიზონა“ თერაპიული დატვირთვის ტანსაცმელს სწორედ ფერების აღქმაზე დაყრდნობით, ქალების,  ბავშვების, ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის  აწარმოებს.

როდესაც პანდემიამ სამკერვალო ინდუსტრია შეაფერხა, EU4Business და GIZ „კომბინიზონას“ ახალ რეალობაზე გადაწყობაში დაეხმარნენ. პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, კომპანიამ შესაძლებლობების განვითარება და დასაქმების ზრდა მოახერხა. ამასთან, „კომბინიზონამ“ ტანსაცმლის წარმოება  სახის ანტიბაქტერიული ნიღბებისა და დამცავი საშუალებების დამზადებით ჩაანაცვლა - პირველადი კრიზისის დროს, ეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ხომ დეფიციტში იყო.

თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ბედნიერების ლობისტი

„კომბინიზონას“ ისტორია 10-წლიანი სამოქმედო გეგმით, ნასესხები ერთი საკერავი მანქანითა და გამართული მარკეტინგული კონცეფციის მქონე პატარა შოურუმით 2017 წელს დაიწყო. საერთაშორისო წარმატების პოტენციალის მქონე, სოციალურად აქტიური, ფუნქციურად განსხვავებული და უნიკალური ტანსაცმლის ბრენდის პირველივე კოლექცია ფერების მიმღებლობის კვლევას ეფუძნებოდა. 

თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ბედნიერების ლობისტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით – აი, როგორ ვხედავდით ჩვენს ბრენდს და ჩემი ბავშვობის დროინდელ უცნაურ ესკიზებს.“ – ამბობს „კომბინიზონას“ დამფუძნებელი, განო მელითაური.

„კომბინიზონას“ პირველი დიზაინერული კოლექცია მოულოდნელი წარმატებით, სულ რაღაც ორ კვირაში გაიყიდა. მას შემდეგ, კომპანია თავისი მისიის ერთგულად რჩება - დანერგოს ინკლუზია მოდის ინდუსტრიაში და აამაღლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, ორსულებისა და მოზარდების ცნობიერება ფუნქციურად სწორად ჩაცმის, თავისუფალი აზროვნებისა და მორალური ღირებულებების მიმართულებით. ბრენდი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ადამიანებს, უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი, იყვნენ უფრო მოტივირებულები და ფერადი სიახლეებით გაიუმჯობესონ ყოველდღიურობა. 

ტანსაცმლიდან სამედიცინო ეკიპირებამდე

კორონავირუსის კრიზისის საპასუხოდ, „კომბინიზონამ“ სრულად ინოვაციური ბიზნეს მოდელი შეიმუშავა. EU4Business–ისა და გერმანიის მთავრობის პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ დახმარებით, საწარმომ 19 საკერავი მანქანა შეიძინა, საწარმოო შესაძლებლობები გააუმჯობესა, დამცავი ეკიპირების ბრენდი „ალიკაპი“ წარმოებაში ჩაუშვა და პირბადეების, ხალათებისა და კომბინიზონების ხელმისაწვდომ ფასად დამზადება სწრაფად დაიწყო. გამოცდილ მკერავებთან ერთად, დამატებითი თანამშრომლები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, დისტანციურად დასაქმდნენ.  ტანსაცმლის ბრენდის მიზანი იყო, რომ ქვეყანაში სამედიცინო ეკიპირების დეფიციტზე ეფექტური რეაგირება ჰქონოდა. ამიტომ, „კომბინიზონამ“ დაიწყო #1მე1შენ კამპანია, რომლის საშუალებითაც შემოსავლის 30% საქველმოქმედო მიზნებს ხმარდებოდა.

პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ დანადგარები და არ გაგვიჩერდა წარმოება, დავასაქმეთ ადამიანები, შევქმენით მეტი დამცავი ეკიპირება, დავარიგეთ უამრავი უფასო პირბადე და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას კრიზისის დაძლევაში ხელი შევაშველეთ“, აღნიშნავს განო მელითაური.

EU4Business-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით, „კომბინიზონამ“ პროდუქტიულობისა და ტექნიკური აღჭურვილობის ახალ საფეხურს მიაღწია. კომპანიაში ახლა დასაქმებულია 60-70 ადამიანი, რომელთა ნახევარიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ბრენდი  ქვეყანაში დასაქმების ზრდასა და შშმ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სამკერვალო ინდუსტრიის გაძლიერება Covid-19-ის პერიოდში

„კომბინიზონა“ მხოლოდ ერთ-ერთია იმ მცირე და საშუალო საწარმოებს შორის,  რომელთაც EU4Business-მა და GIZ-მა პანდემიის დროს მხარი დაუჭირეს. საჭირო აღჭურვილობა ასევე მიიღო ტანსაცმლის ბრენდმა „დოქტორ გუდსი“, რომელიც ქირურგიული პროცედურებისთვისა და პოსტოპერაციული  მოვლისთვის ერთჯერადი სტერილური და არასტერილური ტექსტილის წარმოებაში სპეციალიზებული ერთადერთი კომპანიაა საქართველოში. იმისთვის, რომ „დოქტორ გუდსს“ წარმოების შესაძლებლობები გაეზარდა და კრიზისის პერიოდში პროდუქტებზე არსებული დიდი მოთხოვნისთვის ეპასუხა, პროექტმა „კლასტერები განვითარებისთვის“ კომპანია 12 ახალი საკერავი მანქანის შეძენისთვის საჭირო დაფინანსებით უზრუნველყო, რამაც მას კვირაში 40,000 სამედიცინო ხალათის წარმოების საშუალება მისცა. საერთო ჯამში, ევროკავშირის პროექტი 40 პარტნიორ მეწარმეს სამკერვალო ინდუსტრიაში კომერციული საქმიანობის გაგრძელებისთვისა და წარმოების შენარჩუნებისთვის საჭირო რეკომენდაციების მორგებაში დაეხმარა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ასევე ჩამოყალიბდა „ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია“ (Georgian Apparel and Fashion Association, GAFA), რომელიც 21 ტექსტილის მწარმოებელს, მოდის დიზაინერს, ფაბრიკასა თუ ატელიეს აერთიანებს. GAFA პოზიციონირებს, როგორც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი სამოსისა და ტექსტილის წარმოების მხარდამჭერი და გამაძლიერებელი. ასოციაციის ფარგლებში, საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ერთმანეთის გაძლიერება, თანამშრომლობა, ეკო-მეგობრული წარმოების განვითარება, ექსპორტის ზრდა, სხვადასხვა სავაჭრო შოუებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა და თავიანთი ბრენდის/პროდუქტების ცნობადობის გაუმჯობესება, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა შეუძლიათ - ამ უკანასკნელმა ასპექტმა ხომ პანდემიის პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. GAFA-ს დახმარებით, ტანსაცმლის მწარმოებლები მეტად კონკურენტუნარიანები გახდებიან, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან და წვლილს შეიტანენ მთლიანი სექტორის განვითარებაში. 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე