ქართულ კომპანია „ავტოტესტს“ არაჩვეულებრივი მისია აქვს: კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და გამონაბოლქვის შემცირებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 4,999 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგად დაიღუპა 450 და დაშავდა 6,640 ადამიანი. IQAir-ის 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების კუთხით პირველ 106 ქვეყანას შორის საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. საქართველოში ატმოსფეროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდირებულზე ორჯერ მეტი წვრილი ნაწილაკები ფიქსირდება.
კომპანია ადგილობრივ ბაზარზე უკვე ორ ათწლეულზე მეტ ხანს საქმიანობს. ახლახანს, „ავტოტესტმა“ განაახლა საკუთარი კორპორატიული ბრენდი და გააძლიერა კლიენტებთან კომუნიკაცია სოციალური მედიის არხების საშუალებით, EBRD-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
„შედეგად, ახალი ბრენდინგისა და სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგიამ განაპირობა გაყიდვების ზრდა“, ამბობს ვაჟა იორდანიშვილი, „ავტოტესტის“ დირექტორი.
მგზავრობა უსაფრთხოდ და დაბინძურების გარეშე
1997 წლიდან „ავტოტესტი“ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების საუკეთესო მეგობარია. 2018 წლამდე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ნებაყოფლობითი იყო, თუმცა ახალი სატრანსპორტო რეფორმის შედეგად, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისობაში მომზადდა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის სავალდებულო გახდა.
‘’რეფორმა შეეხო ყველა ოჯახს საქართველოში. სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 1.3 მილიონზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო მოსახლეობა 4 მილიონამდეა. ეს ძალიან დიდი რიცხვია,’’ ამბობს ვაჟა იორდანიშვილი.
ვაჟა სხვა გამოწვევასაც ასახელებს: 85% რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა 10 და მეტი წლისაა. შესაბამისად, ახალ სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, გარემოს უფრო აბინძურებს.
„წინ გრძელი გზა გვაქვს, თუმცა პერიოდული ტექნიკური დათვალიერება ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ჩვენი გეგმაა საზოგადოებრივი პასუხიმგებლობის კულტურის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ტექინსპექტირების სავალდებულოდან ნებაყოფლობით ფენომენად გარდაქმნას. ‘’
გაყიდვების გაზრდისათვის, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ბრენდის გაძლიერება, კარგი ვებ გვერდის განვითარება და სოციალური მედიით კლიენტების მოზიდვა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი დაეხმარა კომპანიას ამ მიზნების შესრულებაში.
EBRD პროგრამა „კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის“ ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს მიიღონ კონსულტაცია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისაგან, რათა გააფართოონ საკუთარი კომპანია. ეს პროგრამა 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.
არ ავნო
‘’არ ავნო’’ ავტოტესტის ახალი სლოგანია და ეს მარტივი, ორსიტყვიანი წინადადება ყველაზე ნათლად გამოხატავს კომპანიის მისიას.
‘’არ ავნო“ საზოგადოებას, ოჯახს, ქვეყნის სტუმრებს, გარემოს. ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება აჩვენებს ავტომობილის გამართულობას და ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოში, სადაც ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და გამონაბოლქვის მონიტორინგი.’’ ამბობს ვაჟა.
ავტოტესტის ახალი ბრენდი, ლოგო, გამართული ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ დაჯავშნონ ვიზიტი ცენტრში, რაც პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო გაყიდვების ზრდას.
‘’კოვიდ-19 მა გავლენა იქონია ყველა კომპანიაზე და ჩვენი საწარმო არ არის გამონაკლისი. 2021 წლის პირველი ნახევარი უკვე იმედისმომცემია: ჩვენ გავზარდეთ გაყიდვები 20 პროცენტით და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ერთობლივმა პროექტმა დიდი როლი ითამაშა ამ შედეგის მიღწევაში“, ამბობს ვაჟა იორდანიშვილი.
ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში უკვე 200-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საკონსულტაციო მომსახურებით, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ევროკავშირი ბიზნესისთვის ინიციატივის ფარგლებში ახორციელებს.